"ქმრის სიკვდილის შემდეგ დედამთილმა მშობლების სახლში არ გაუშვა - ამ ოჯახის რძალი ხარ და აქ უნდა მოკვდეო" - მშობლები

"ქმრის სიკვდილის შემდეგ დედამთილმა მშობლების სახლში არ გაუშვა - ამ ოჯახის რძალი ხარ და აქ უნდა მოკვდეო"

2024-03-17 19:42:22+04:00

ონლაინრომანი "დაქირავებული დიასახლისი"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია

ნაწილი I

ქოშინით აუყვა აღმართს. რა ემართება! ამ ბოლო ხანებში ისე იღლება, თითქოს ასი წლის იყოს. არადა, ჯერ ოცდაათისაც არ არის. ეჰ, რა უსამართლოა ეს ცხოვრება, თორემ ოცდაცხრა წლის ქალს ამდენი საფიქრალი რატომ უნდა ჰქონდეს? ნაოჭებიც როგორ გაუმრავლდა თვალის უპეებთან?! ესეც იმ უსამართლო ცხოვრების ბრალია, თორემ საწუწუნო რა სჭირდა ვერიკოს. აბა, ერთი ხუთი წლის წინ გენახათ! სიცოცხლით სავსე, ტანკენარი, მოცეკვავის ნაბიჯებით რომ მინარნარებდა ქუჩაში. რამდენი რამ გადახდა ამ ხნის განმავლობაში. ჯერ იყო და, ისეთმა კაცმა მოიტაცა, სულ რომ არ იცნობდა, სიყვარულზე ხომ ზედმეტია საუბარი. რაღა უნდა ექნა. ბედს შეეგუა. უმამოდ გაზრდილს არ უნდოდა, დედისთვის ტკივილი მიეყენებინა. დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ დარჩა ტარიელთან, ასე ვთქვათ, მშობლის გულისთვის მსხვერპლი გაიღო. მერე ნელ-ნელა შეეჩვია, მგონი, შეუყვარდა კიდეც. ისე, ცოტა უცნაური ტრადიციების ოჯახი იყო. მოხევეების ამბავი ყველას კარგად მოგეხსენებათ. ცოტა ახირებული ხალხია. ზედმეტად სიტყვას ვერ იტყოდი. თუმცა, ამასაც ადვილად აუღო ალღო ვერიკომ, ამასაც შეეგუა, მაგრამ…

მაგრამ მაინც არ გაუმართლა…ქორწინებიდან ერთი წლის თავზე ტარიელი ავარიაში მოყვა და დაიღუპა. მთვრალს საჭესთან ჩაეძინა და ხევში გადაიჩეხა. ესეც ბედის ირონია! შვილიც რომ არ დარჩა?! ძალიან განიცადა ქმრის სიკვდილი. მთელი წელი შავი თავსაფარი არ მოუხდია თავიდან, თვალები არ გამოუჩენია. აბა, მეუღლის ოჯახის ტრადიციას ხომ არ დაარღვევდა. ეგ კიდევ არაფერი. მერე დაიწყო, რაც დაიწყო. წლისთავი რომ გადაიხადეს, საკუთარ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. დედამთილმა (ციალამ) ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ჩემი შვილი ჩემს გულში ყოველთვის ცოცხალი იქნება, შენ ამ ოჯახის რძალი ხარ და აქ უნდა მოკვდეო. გაგიგიათ ამგვარი რამ? კერია არ გამიცივო, ჩემი ტარიელის სახელის შერცხვენის უფლებას მე არავის მივცემო. ერთი ამბავი ატყდა. ამ დავიდარაბას, რა თქმა უნდა, ვერიკოს წნევიანმა დედამ ვეღარ გაუძლო და წელიწად-ნახევარში, რომ იტყვიან, სიძეს მიეწია. დარჩა ქალი ღვთის ანაბარა. ოჯახის წევრებიდან ერთი კინკილა დაღა შემორჩა, ნანული, რომელიც ღვთის მადლით, ბედნიერ ფეხზე გათხოვდა და მშვენივრად აიწყო თავისი საქმე. ახლა ქმართან ერთად ამერიკაშია და იქ მუშაობენ (ექიმები არიან).დაიღალა ვერიკო, დაღალა ცხოვრებამ, დედამთილთან გაუთავებელმა ჩხუბმა და აყალმაყალმა. აბა, რა ექნა, როცა უმიზეზოდ მისცემდნენ შენიშვნას, რაღაცით ხომ უნდა ემართლებინა თავი. ასე გავიდა ოთხი წელი. სიცილი დაავიწყდა ქალს, მოტყდა, დაილია. მხრებშიც მოიხარა თითქოს. თვალების დახატვა და პომადის წასმა ვიღას ახსოვდა. ან კი ვინ მისცემდა მაგის უფლებას! დედამთილი კერძო დეტექტივივით სულ კუდში დასდევდა. ჩემს ყოველ ნაბიჯს მიკროსკოპით ამოწმებსო, თავისთვის იტყოდა ხოლმე ვერიკო. ამ ერთი თვის წინ კი ისეთი სასწაული მოხდა, საწყალმა ქალმა იფიქრა, არიქა, მეშველაო. ერთ მშვენიერ დღეს დაიბარა ციალამ და ძაძების გახდის უფლება მისცა. გაოცებული ვერიკო საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. ოღონდ ჯერ წითელ-ყვითელს ნუ ჩაიცვამ, ცოტა მუქი ფერის ტანსაცმელი ატარეო, დააყოლა დედა-დედამთილმა. მაშინ ვერ მიხვდა, საითკენ უმიზნებდა ოჯახის დიდი დიასახლისი. აბა, თავში აზრად როგორ მოუვიდოდა, რა შორს მიმავალი გეგმები ექნებოდა ერთადერთი ვაჟის სიკვდილით გამწარებულ დედას. ჰოდა, აგერ, ერთი კვირის წინ დაიბარა და «გულში ჩამწვდომი» შესავლის შემდეგ გამოუცხადა, შენი გათხოვების დრო დადგაო. გაოგნებულ ვერიკოს ენა მუცელში ჩაუვარდა. ეს რა ესმის! რა დაემართა ამ ქალს, რა ბზიკმა უკბინა! ყველაფერს ელოდა და ამას - ნამდვილად არა. არადა, ახალგაზრდაა ჯერ ვერიკო, ხანდახან მართლა ენატრება მამაკაცის სითბო, მოფერება, ძლიერი მკლავები. კი ვერავის ეტყვის ამას, მაგრამ საკუთარ თავს ხომ არ მოატყუებს? იმ დღეს არ იყო, ავტობუსში რომ ავიდა ციალასთან ერთად და ვიღაც ბიჭის გვერდით რომ დაჯდა. პირდაპირ მკერდზე დაასო მზერა უცნობმა, ვერიკოს მაღალ, მადის აღმძვრელ მკერდზე. ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. გვერდით რომ მიუჯდა, უნებურად მის მკლავს შეეხო. შეეხო და არც გაუწევია. არც იმას უცდია. დარჩნენ ასე - მკლავი მკლავს მიდებულნი. მერე როგორ სიამოვნებდა! თან თავი ისე ეჭირა, ვითომ ვერც ამჩნევდა, იმ რყევაში ხანდახან მოაცილებდა მკლავს, მერე ისევ მიადებდა. ისე ახერხებდა, თითქოს ბუნებრივად ხდებოდა შეხება, თუმცა ორივე მშვენივრად გრძნობდა, რაც ხდებოდა. ვინ იცის, იქნებ გაეცნოთ კიდეც ერთმანეთი, მაგრამ წინა სავარძელზე ქალბატონი ციალა იჯდა და ვერიკოს ვინ გაუბედავდა გამოლაპარაკებას.ჰოდა, იმას ვამბობდი, ვერიკო გაოცებული დარჩა-მეთქი, მაგრამ გაოცება და თმის ყალყზე დადგომა მაშინ უნდა გენახათ, დედამთილმა რომ გამოუცხადა, ცოლად ჩემს მდგმურს უნდა გაგაყოლოო. გაფითრდა საწყალი გოგო! ხედავთ? საქმროც კი თვითონ შეურჩევია. მდგმურად ლტოლვილი და-ძმა ჰყავდა ციალას, მეგრელები - არველოდი და თეა. აი, ამ არველოდს ურიგებდა გულკეთილი დედა-დედამთილი რძალს. სახლსაც დავუმტკიცებ, ქონებასაც, ჩემ გვერდით იცხოვრებთ, მეც მშვიდად ვიქნები და ჩემი ტარიელის სულიცო (არ დაგავიწყდეთ, არველოდი შვილივით უყვარდა ციალას. კაცის საქმეებს ის აგვარებდა ოჯახში, სრულუფლებიანი წევრივით).ახლა კი ვეღარ მოითმინა ვერიკომ. იფეთქა, მაგრამ რა იფეთქა. სულ მუშტები უბრახუნა დედამთილს მაგიდაზე, უნამუსო და სინდისგარეცხილი უწოდა. კარგად რომ იჯერა გული ლანძღვა-გინებით, დაავლო თავის «მცირერიცხოვან» ბარგს ხელი და უკანმოუხედავად გავარდა იმ ჯოჯოხეთიდან. აბა, კარგი დედის შვილი იყო და, ვინმეს გაებედა მისი შეჩერება!შვება იგრძნო ვერამ, თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნაო მხრებიდან, მაგრამ ახლა სხვა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. სად უნდა ეცხოვრა? მამისეული სახლი დაგირავებული ჰქონდათ დასა და სიძეს, ნათესავებთან ღამის გათევა კი ნამდვილად არ უნდოდა. სხვა გზა არ იყო - ერთდროულად ბინაც უნდა მოეძებნა და სამსახურიც. დროებით ძველ მეზობელთან შეაფარა თავი, სულ რამდენიმე დღით და თან აქტიურად დაიწყო სამსახურის ძებნა. აბა, ბინა რომ ექირავა, ქირა ხომ უნდა გადაეხადა? თავისი სპეციალობით ერთი დღეც არ უმუშავია. მოიტაცა ტარიელმა და გამოკეტა შინ. მერე კი… მერე კი ავი დედამთილის ხელში ვინღა გაუშვებდა სამსახურში. კონსერვატორია აქვს დამთავრებული, პიანისტია. მერე რას უკრავს! ბახიო, შოპენიო, მოცარტიო… სულ ჩაბულბულებული აქვს. ახლა აღარც ახსოვს. პიანინოს რამდენი წელია, არ მიჰკარებია. მგლოვიარე ქალის დაკვრა ვის გაუგიაო! ციალას დღესაც არ გადაუხდია შავი მანტია ინსტრუმენტიდან. ამის უმთავრესი მიზეზი კი ის იყო, რომ ინსტრუმენტი ოქროსფერი გახლდათ.ვერიკომ იცოდა, თავისი სპეციალობით სამსახურის შოვნა გაუჭირდებოდა. ამიტომ ეგრევე «შავ სამუშაოზე» დაიწყო ფიქრი - იქნებ ბავშვის ან მოხუცის მომვლელად მოვეწყოო ვინმესთან. მეორე დღესვე იყიდა განცხადებების გაზეთი და ძებნას შეუდგა, მაგრამ ამაოდ… ისეთი ვერაფერი აღმოაჩინა, მისთვის მისაღები ყოფილიყო. ჩამოყარა ყურები. იტირა, ივიშვიშა, არაფერში ბედი არ მაქვსო, მეზობლის ქალის კალთაში თავჩარგულმა გული მოიოხა ტირილით.ეს ორი დღის წინ მოხდა. აი, გუშინ კი, ცხოვრებაში პირველად, სწორედ რომ გაუმართლა. ერთი დარტყმით ორი კურდღელი გავაგორეო, ახარა კეთილმა მეზობელმა გულფინამ. ვიღაც ფულიანი კაცია, ქვრივი, რომელსაც სანდო ქალი სჭირდება, ცოლი მშობიარობას გადაჰყვა, წლინახევრის ბავშვი ჰყავს გასაზრდელი და სახლშიც მოსამსახურე სჭირდებაო. ჩემი და, თამარა გაგიწევს რეკომენდაციასო.- ხომ იმუშავებ «ნიანკად»? - გულფინა აღფრთოვანებისაგან ლამის ყვიროდა.- აბა რას ვიზამ, ოღონდ ეგ საქმე გამოვიდეს გულფი და მე ვიცი შენი პატივისცემა, - ვერიკოს გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.- იქვე იძლევა თურმე ერთ ოთახს, საკუთარ სახლში და ქირასაც არ გადაგახდევინებს, - დააყოლა ქალმა.ამაზე მთლად გადაირია ვერა. ნუთუ მისთვისაც მოიცალა ბედმა? მართლა გადმოხედა ღმერთმა, თუ როგორაა მისი საქმე?«ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, ღმერთო, ნუ გამწირავ», - მთელი ღამე ევედრებოდა თვალცრემლიანი უფალს.

დილით, ადგა თუ არა, შავი დღისთვის გადანახულ ორმოცდაათ ლარს დაავლო ხელი, ჩამოუარა ძონძების მაღაზიებს და ერთი-ორი ხელი მშვენიერი ჩასაცმელი იყიდა, თანაც ისე იაფად, თავადაც არ სჯეროდა. შინ დაბრუნებულმა გულმოდგინედ გარეცხა შენაძენი, გააშრო, დააუთოვა, ჩაიცვა და სარკეში რომ ჩაიხედა, შეძრწუნებული უკან გადახტა, თითქოს რაღაც საშინელება დაინახაო. რა გასაკვირია! ამდენი წლის შემდეგ სალათისფერი კაბა პირველად ჩაიცვა. ეხამუშა, რა თქმა უნდა…

ჰოდა, ახლა სწორედ ამ კაბაში გამოწკეპილი მიუყვება აღმართს. იმ ფულიან კაცს უნდა შეხვდეს, ძიძა და მოსამსახურე ერთდროულად რომ სჭირდება. ნეტავ როგორი ტიპია? ვაითუ, უარი უთხრას. არა, რატომ უნდა უთხრას უარი! ისეთი ვინმეს სახელით მიდის, უნდა მიიღოს. იქნებ კიდევაც მოეწონოს იმ კაცს. ისიც ქვრივი ყოფილა, ვერიკოც. ხომ შეიძლება, შეუყვარდეთ ერთმანეთი? ამის გაფიქრებაზე მწარედ გაეცინა. მამაკაცი, 40 წლის, ფულიანი, ქვრივი, ვერიკოს გასართობად თუ გამოიყენებს, არ ვიცი და ისე, სერიოზული ურთიერთობებისთვის… ბოდიში! ასეთ კაცებს დასტა-დასტად ჰყავთ საყვარლები. შენი დაჩიავებული ვერიკო ვის რად უნდა.მოიცა, ცოტაც მოიცა! არც ეგრეა საქმე. თუ კარგად ააწყო ყველაფერი, ისე მოიწყობს პირად ცხოვრებას, ზოგ-ზოგიერთები გულზეც გასკდებიან. აგერ ნახავთ!

გაგრძელება