"ცოლი ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, მაგრამ მისი ერთი სურათიც არ ეკიდა კედელზე...  ეს ნორმალურია" - მშობლები

"ცოლი ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, მაგრამ მისი ერთი სურათიც არ ეკიდა კედელზე...  ეს ნორმალურია"

2024-03-18 11:15:23+04:00

ონლაინრომანი "დაქირავებული დიასახლისი"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია.

II ნაწილი (იხილეთ I ნაწილი)

როგორც იქნა, აღმართი აათავა, მარჯვნივ შეუხვია და მსუბუქი ნაბიჯებით გაუყვა ქუჩას. აგერ შვიდი ნომერიც გამოჩნდა. აუჰ! რა ლამაზი სახლია?! დაიჯეროს, ეს უზარმაზარი, ორსართულიანი სახლი ერთი კაცისაა? ყოჩაღ მაგას, თუ ასეა. ჭიშკართან შედგა. მიიხედ-მოიხედა და ფრთხილად გადაისახა პირჯვარი. მერე ზარის ღილაკს თითი მიაჭირა.

- ვინ არის? - ღილაკი ალაპარაკდა.

ვერიკო შეხტა. ისე დაიბნა, ენა დაება, ლუღლუღი დაიწყო.

- მე…მე… თამარამ რომ გითხრათ… ექვს საათზე რომ უნდა მოვსულიყავი… - ძლივს მოაბა სიტყვებს თავი და ჩასძახა მიკროფონში.

უცებ ტკაცანის ხმა გაისმა და რკინის კარი თავისით გაიღო.

“აი, ტექნიკა, აი, სახლი-ი-ი”, - გაიფიქრა გაოგნებულმა და გაუბედავად შეაბიჯა ეზოში.

თეთრად შეღებილ სახლს ორივე სართულზე რიკულებიანი ხის აივანი ამშვენებდა, ძველებურ სტილში გაკეთებული. ეზო წითელი კენჭებით იყო მოკირწყლული, ხოლო ფეხისა და მანქანის სავალ ნაწილზე ფილაქანი დაეგოთ. კუთხეებში, გაყოლებაზე, ვარდის ბუჩქები იწონებდა თავს. ვიღაცის მზრუნველ ხელს ეს-ესაა, საგულდაგულოდ მოერწყა ისინი.

მოულოდნელად მეორე სართულის აივანზე მაღალი მამაკაცი გადმოდგა მობილურით ხელში. ვიღაცას გაცხარებით რაღაცას უმტკიცებდა. ხელით ანიშნა ქალს, კიბეს ამოყევი და აქეთ ამოდიო, თვითონ კვლავ ოთახში შებრუნდა.

ადის ვერა კიბეზე, მაგრამ ვაი ამ ასვლას. ძლივს მიათრევს თავის ლამაზ ფეხებს. მუხლები უკანკალებს. “ღმერთო, შენ მიშველე”, - იმეორებს წარამარა გულში. ოფლმა დაასხა ნერვიულობისაგან. ასე მაშინ არ უნერვიულია, კონსერვატორიაში რომ აბარებდა, არც მაშინ, პირველად რომ ჩაუწვა არასასურველ მამაკაცს ლოგინში. ახლა რა დაემართა? ბოლოს და ბოლოს, არ მიიღებენ და ეგ იქნება! “შენც მართალი ხარ”, - შეუძახა საკუთარ თავს და როგორც იქნა, ერთი თამამი ნაბიჯი გადადგა! გადადგა და პირდაპირ იმ მობილურიან კაცს დაეჯახა ზედ კარის ზღურბლთან. დაეჯახა და ფეხიც დაადგა.

- უკაცრავად, - გაუღიმა მამაკაცმა. აქეთ მოუხადა ბოდიში.

მერე როგორ გაუღიმა! მოინუსხა ქალი, დაძაბულობა მყის მოეხსნა. ოჰ, რას ამოისუნთქებდა ახლა შვებით, მაგრამ ეს კაცი რომ მიუხვდეს? არა, არ ღირს. მერეც მოასწრებს.

- მაპატიეთ, არ ველოდი, ასეთ ახალგაზრდა ქალბატონს თუ გამომიგზავნიდა თამარა, თორემ ცოტა ფორმაში დაგხვდებოდით, - აბრეშუმის ხალათზე, უფრო სწორად კიმანოზე დაიხედა მასპინძელმა, - ეს-ესაა, ბასეინიდან ამოვედი.

“აუზიდან”, - გულში შეუსწორა ვერიკომ და არაფრის მთქმელი ღიმილი შეაგება მომავალი “პატრონის” მობოდიშებას.

- არა უშავს, რა მნიშვნელობა აქვს, - თქვა.

- ჩემს კაბინეტში შემობრძანდით, - მხარზე თავაზიანად მოავლო ხელი მამაკაცმა და ქალი წინ გაატარა.

ენა ვერ აღწერდა იმას, რაც ამ სახლში ხდებოდა. რა ავეჯი, რა ფარდები და რა ჭაღები, რა ანტიკვარები და რა ტილოები! ერთი სიტყვით, ვერას თავი ლუვრში ეგონა.

- მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს? - მამაკაცმა კვლავ გაუღიმა.

- კი ბატონო, - შეიშმუშნა ვერიკო. კვლავ მონუსხა ერთხელ უკვე ნანახმა ღიმილმა.

- რა გქვიათ და რამდენი წლის ხართ? - დაკითხვა დაუწყო.

- ვერიკო, 29 წლის, - გაწითლდა ვერა.

- აჰა. ასაკი მაწყობს, სრულიად მისაღებია. სახელსაც არა უშავს. ჰა-ჰა-ჰა-ჰა! გეხუმრეთ, რა თქმა უნდა. გათხოვილი ხართ?

- დიახ… არა, არა, - შეჰყვირა უცებ.

- ახ, ხო, თუმცა თამარა მესაუბრა ამის შესახებ, - უცებ გაახსენდა მასპინძელს, - საოჯახო საქმეები გეხერხებათ?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი მეხერხება, - უცებ დაეთანხმა.

- ბავშვის მოვლა?

- მაგასაც შევძლებ.

- მაგრამ გამოცდილება არ გაქვთ, არა?

ვერიკოს ცივმა ოფლმა დაასხა. არ მიიღებს, აგერ ნახეთ, თუ მიიღოს. სასოწარკვეთილება გამოეხატა სახეზე.

- არა, - ჩურჩულით წარმოთქვა და წამწამები დახარა. ლამისაა, ატირდეს.

- გიყვართ ბავშვები?

- ძალიან, - ცოტათი გამოცოცხლდა. იქნებ ჯერ კიდევ არის იმედი.

- მშვენიერია. ჩემი ისტორია ალბათ იცით, არა?

- დაახლოებით, - გული მოეცა ვერას.

- კარგი. აღარ დავიწყებ მოყოლას. ჩემი გოგონა წლის და ექვსი თვისაა. ლაპარაკს ახლა იწყებს. ისე, ძნელი მოსავლელი ბავშვი არ არის, აქედანვე შემიძლია გითხრათ. სანამ ხელფასზე შევთანხმდებით, ერთი რამ წინასწარ უნდა იცოდეთ.

ვერიკოს სუნთქვა შეეკრა. რა უნდა უთხრას, კაცებში არ იაროო? ამას როგორ აკადრებს!

- აქ უნდა იცხოვროთ. თუ ბინა გაქვთ, მოგიწევთ დაკეტვა ან გაქირავება.

აგაშენა ღმერთმა! თუ უნდა, სულ არ წავა აქედან. მთელი ცხოვრება დარჩება.

- არა მაქვს, - წამოიკნავლა და საცოდავად მოიბუზა. როგორ ეზიზღება ეს ყველაფერი. რა უბედურია! როგორ დამცირებულად გრძნობს თავს ამ უცხო მამაკაცის წინაშე. არადა, მგონი უმართლებს.

- მით უკეთესი, - ხელები მოიფშვნიტა “პატრონმა”, - მაშინ თანხის საქმეც მოვაგვაროთ. ერთი სიტყვით, სახლს დაალაგებთ, ბაღში ყვავილებს მოუვლით, ბავშვს სადილს მოუმზადებთ, გაასეირნებთ, დარეცხავთ, დააუთოვებთ. მოკლედ, ყველაფერს უნდა გასწვდეთ. მიმიხვდით?

ვერიკომ უხმოდ დაუქნია თავი.

- ამ ეტაპზე 500 დოლარზე შევთანხმდეთ. ბინის ქირას არ გადაგახდევინებთ. ჭამაში ფული არ დაგეხარჯებათ. გაწყობთ? - მამაკაცი სავარძელში გადაწვა და გამჭოლი მზერა ესროლა ქალს.

ვერიკოს გული კინაღამ ამოუვარდა საგულიდან. ხომ არ მოესმა? რაო, რა უთხრა, რამდენიო? 500 დოლარიო? თუ ლარიო? კიდევ გაიმეოროს, რა იქნება.

- ბევრი ხომ არ არის? - წამოსცდა უცებ და მგონი, გაყვითლდა სახეზე, თუ გამწვანდა.

- ბევრი? ჰა-ჰა-ჰა-ჰა! თქვენთვის 500 დოლარი თვეში ბევრია? არა, თუ გებევრათ, დაგიკლებთ. დაკლების პრობლემა ნამდვილად არ არის, - გამხიარულდა უცნობი.

შერცხვა ვერიკოს. რა თქვა ამისთანა? სისულელე წამოროშა? აბა რა ქნა? ვაი, სირცხვილო! ჯობია, ხმა გაიკმინდოს და საერთოდ არ ილაპარაკოს. ჰო-ზე ჰო უპასუხოს და არა-ზე არა.

- არა, იყოს, არ ღირს დაკლება, - ეშმაკურად გაიღიმა უცებ, - მე თანახმა ვარ.

მასპინძელს კვლავ გულიანი სიცილი აუტყდა.

- ვერონიკა, როდის შეუდგებით მოვალეობის შესრულებას? - როგორც იქნა, ისევ დაიწყო საქმეზე საუბარი ახალმა უფროსმა.

- როცა მეტყვით, - “ვერონიკა” ძალზე ესიამოვნა, შინაურულად ჟღერდა.

- ხვალ დილიდან მაშინ.

- კი ბატონო. ბავშვი? ბავშვი სად არის?

- ბავშვი ორი კვირა არ იქნება. ჩემს ცოლისდას ჰყავს წაყვანილი ბორჯომში. იქამდე საოჯახო საქმეებს მიხედეთ. “უბორკაა” გასაკეთებელი.

“დასუფთავება”, - გულში კვლავ შეუსწორა ქალმა მამაკაცს ნათქვამი.

- ბაზარშიც მე უნდა ვიარო? - მორიდებით იკითხა.

- არა, ბაზარში ჩემი მძღოლი ივლის. ის მოიტანს ყველაფერს.

აჰა, მძღოლიც ჰყოლია. ნეტავ სად მუშაობს? რას წარმოადგენს? უი, რას წარმოადგენს კი არა, სახელი რა ჰქვია? რაღაც ხომ უნდა დაუძახოს!

- უკაცრავად, როგორ უნდა მოგმართოთ?

- როგორც გაგიხარდებათ, - ვერ მიუხვდა მასპინძელი.

- არა, სახელი რა გქვიათ, მე არ ვიცი თქვენი სახელი, - განუმარტა ვერამ.

- ა-ა-ა! მე ვანო მქვია, ვანო მუმლაძე.

- თქვენ რა გვარი ხა-ართ? - ისე ჰკითხა, თითქოს იცოდა და დაავიწყდაო.

- მინდელი.

- ო-ო-ო! აი, გვარი კი მართლაც დიდებული გქონიათ, - ვანომ მოწონების ნიშნად თავი დააქნია და ისევ ისე გაუღიმა ვერიკოს, როგორც წეღან. როგორ უხდება ღიმილი! რა ჩაწიკწიკებული კბილები აქვს და რა ლამაზი სახის ნაკვთები?! მართალია, ცოტა ბანჯგვლიანი ჩანს, მაგრამ არა უშავს, რა უჭირს მერე. არც თვითონაა მთლად უნაკლო.

- ჰო მართლა, კიდევ ერთი რამ უნდა მეთქვა. მე ხშირად მიწევს გასვლები - ხან ქალაქიდან, ხან საზღვარგარეთ. სახლი ერთი წუთით არ უნდა დატოვოთ მარტო. განსაკუთრებით ღამით. მართალია, სიგნალიზაცია მიყენია, მაგრამ ხომ იცით, ამ დროში მაინც საშიშია. ვერავის ენდობი. და კიდევ… ცოტა კი მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მეგობარი მამაკაცები და ასე შემდეგ მე არ მაწყობს. ხომ გამიგეთ, რისი თქმაც მინდა?

ვერიკო აილეწა.

- ეგეთები არ მყავს და არც მყოლია, - მწყრალად უპასუხა.

- ძალიანაც კარგი. იცით, რატომ გეუბნებით? როცა გაიგებენ, ჩემთან მუშაობთ, შეიძლება სპეციალურად სცადონ თუნდაც აქ, უბანში, ბიჭებმა თქვენთან დაახლოება. გესმით, რას ვგულისხმობ?

- გასაგებია, ბატონო ვანო. მეტის თქმა არ არის საჭირო.

- მიხარია, მიხარია, რომ ასე გავუგეთ ერთმანეთს. ფული როგორ გაწყობთ - თვის ბოლოს მოგცეთ ხოლმე თუ თვეში ორჯერ ან ყოველკვირა?

- თვის ბოლოს, - მოკლედ მოუჭრა.

- ო კეი. ეგრე იყოს. მაშინ ხვალიდან დავიწყოთ. როგორც კი მოხვალთ, მობილურს დაგახვედრებთ.

- მობილურს?

- აბა რა. კონტაქტი რამენაირად ხომ უნდა ვიქონიო თქვენთან. ის სულ ჩართული იქნება და მე ყოველთვის საქმის კურსში ვიქნები. აბა, თქვენ იცით. ხვალ გელოდებით და იმედია, არ დამაღალატებთ, - ვანო ფეხზე წამოდგა, ვერიკოს ხელი ჩამოართვა და კარისკენ გააცილა.

“რა ბედნიერებაა! ეს როგორ გამიმართლა!” - გახარებული ვერიკო მიფრინავდა ქუჩაში, - რა კარგი ადამიანია. ეგეთი ქმარი მომცააა?! ვანიკო და ვერიკო - სულაც არ ჟღერს ცუდად! ჯეინ ეარმაც ასე არ დაიწყო?” ქუჩაში მიმავალი ვერონიკა უმისამართოდ იღიმოდა.

დილით ვერიკო თბილად გამოემშვიდობა გულაჩუყებულ გულფინას, თავი მოუკრა თავის სამგზავრო ჩანთას და გზას გაუდგა. ახლა აღარ შეშინებია ღილაკის “გამოპასუხებაზე”, კვლავ გაუბედავი ნაბიჯებით შევიდა ეზოში და მსუბუქად აიარა კიბის საფეხურები. ვანო აივანზე გამოეგება. ამჯერად საქმიანად იყო ჩაცმული - შავი პიჯაკი და ნაცრისფერი პერანგი ეცვა.

- დილა მშვიდობისა, - ჩვეული მომნუსხველი ღიმილით მიესალმა მასპინძელი.

- დილა მშვიდობისა. ხომ არ დამაგვიანდა? - მორიდებით იკითხა ქალმა და შეფარვით შეათვალიერა.

- არა, სრულებით არა. დროულად მოხვედით. ჯერ რეზოც არ მოსულა.

“ეს რეზო ალბათ, მძღოლია”, - გაიფიქრა ვერიკომ.

- ერთი სიტყვით, თქვენ პირველ სართულზე იცხოვრებთ, - გააგრძელა მამაკაცმა, - წამოდით, თქვენს ოთახს განახვებთ.

ვანო შებრუნდა და შიდა კიბით პირველი სართულისკენ დაეშვა. ვერიკო უკან მიჰყვა…

ლამაზი, ნათელი, ცისფერ ტონში გაწყობილი ოთახი ერგო ვერონიკას. მართალია, დიდი არ იყო, სამაგიეროდ გემოვნებით მოეწყოთ. არაბული ტახტი, კამოდი, მაგიდა და ოთხი სკამი - ეს იყო მთელი მისი “ქონება”.

კედელზე სურათები - ერთი ნატურმორტი და მეორეც ზამთრის პეიზაჟი ეკიდა. როგორც ჩანდა, იაფფასიანი ნახატები იყო, თორემ ხომ ამოიცნობდა ვერიკო ავტორს. იგი მშვენივრად ერკვეოდა ასეთ რამეებში.

- აი, ეს იქნება თქვენი ოთახი. მოგწონთ? - ვანომ დაჟინებით შეხედა.

- მშვენიერია, - ღაწვები შეეფაკლა ქალს.

- ნახატები ხომ არ ჩამოვახსნევინო?

- არა, იყოს, ხელს არ შემიშლის.

- ჩემი მეგობრის დახატულია. ყოველ დაბადების დღეზე თითო სურათს მჩუქნის ხოლმე, - კვლავ გაიღიმა ვანომ.

- ჩინებულია, - თქვა ვერამ და კიდევ ერთხელ მიმოიხედა.

ოთახს ორი ფანჯარა ჰქონდა. ერთი წინა მხარეს, ეზოს გაჰყურებდა, მეორე - სახლის უკანა მხარეს.

- თუ კიდევ გსურთ ავეჯის დამატება, მოიფიქრეთ და საღამოს მითხარით, - უთხრა ვანომ.

- ყველაფერი რიგზეა. სხვა რა უნდა დამჭირდეს, - მხრები აიჩეჩა ქალმა.

მეტი რაღა უნდა! ამისთანა სახლში ვის ეღირსება ცხოვრება. გაუმართლა, ნამდვილად გაუმართლა.

- მე რა უნდა ვაკეთო დღეს? - ჰკითხა “პატრონს”.

- სახლს დაალაგებთ. ნუ მოიკლავთ თავს, რამდენ ოთახსაც მოასწრებთ, იმდენი დაალაგეთ. წინ მთელი თოთხმეტი დღე გაქვთ. თუ დაიღლებით, შეგიძლიათ “ბასეინით” ისარგებლოთ, თუ არადა, სააბაზანო აგერ, გვერდითაა, - კედლისკენ გაიშვირა ვანომ ხელი.

- დიდი მადლობა.

- ახლა მოწესრიგდით, გამოიცვალეთ, დაისვენეთ და საქმეს მერე შეუდექით.

ვანო კარისკენ წავიდა.

- ჰო მართლა, რაც შეეხება მობილურს, საღამოს მოვიტან, ჯერ ქსელში არ ჩამირთავს. ჩვეულებრივი ტელეფონი შემოსასვლელშია. აი, ჩემი “ვიზიტკა”, თუ რამეა, დამირეკეთ. სახეხი და საწმენდი რამე-რუმეები სააბაზანოშია. თუ ვინმე მოვიდეს, ზარი შემოსასვლელშია, ღილაკს დააჭერთ და იკითხავთ, ვინ არის-თქო. მე მგონი, ამის სწავლება არ გჭირდებათ, არა? - კვლავ გაიღიმა ვანომ, - ეცადეთ, კარი არავის გაუღოთ. აბა, თქვენ იცით, საღამომდე.

- დღეს სადილი არ უნდა გავაკეთო? - დაადევნა ვერიკომ.

- როცა საჭირო იქნება, მე თვითონ გეტყვით, - მშრალად თქვა მამაკაცმა და ოთახიდან გავიდა.

ვერიკოს სმენას მობილურის წკრიალი მისწვდა. რეზო ურეკავდა შეფს. რამდენიმე წუთის შემდეგ რკინის კარის ტკაცანი გაისმა და უზარმაზარ სახლში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა.

***

იყოჩაღა იმ დღეს ვერიკომ. ხუმრობა ხომ არ იყო ათი ოთახის დალაგება. ამას მიმატებული ორი აბაზანა-ტუალეტი (ორივე სართულზე) და სამზარეულო. ჯერ მტვერსასრუტით დაუარა, მერე ქეჩით მოაპრიალა იატაკები, ფანჯრებიც დაწმინდა, ლოგინიც გაფინა მზეზე. არც ყვავილების მორწყვა დავიწყებია. დაიღალა ქალი, ცოტა ენერგია უნდოდა სახლის დალაგება-დასუფთავებას? ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. მერე უკან გავიდა, ეზოში. ცისფერი ფილებით მოპირკეთებული აუზის დანახვაზე გაოცება ვერ დამალა. რა სიამოვნებით გაცურავდა ახლა, მაგრამ არა, სირცხვილია, რას იფიქრებს ვანიკო! ჯერ არ მოსულა და ასე გათამამება არ მოუხდება. მეტიჩრობაში ჩაეთვლება.

მოსაღამოვდა. მოთენთილი, გაოფლიანებული ვერიკო სააბაზანოში შევიდა და წყალი გადაივლო. ყველა ოთახი დაალაგა, მაგრამ იმ ქალის სურათს ვერსად წააწყდა. ნუთუ ერთი ფოტო არ გაადიდეს, რომ რომელიმე კედელზე დაეკიდათ? ეს სადაური წესია! აბა, ტარიელის სახლში ყველა ოთახში მისი სურათი ეკიდა, საითაც გაიხედავდა ვერა, ყველგან თან დაჰყვებოდა გარდაცვლილი ქმრის თვალები. გაგიჟდება კაცი! აქ თითქოს სხვა სამყაროში მოხვდა. ოთახები, სამაგიეროდ, ბავშვის ფოტოებით იყო გავსებული, თითქმის ყველა კედელზე ეკიდა. თეთრი, ცისფერთვალება გოგონა იყო, ქერა კულულებით. რა საყვარელი ბავშვია. ასეთი ნამდვილად შეუყვარდება. რომ ვერ მოუაროს? რაღაც ისე რომ არ გამოუვიდეს? აუკრავენ, ალბათ, გუდა-ნაბადს. არა, არა, ყველაფერს იღონებს, რომ თავი არ შეირცხვინოს. თვითონ რომ ჰყოლოდა შვილი, ხომ მოუვლიდა? კი მოუვლიდა, მაგრამ მაშინ დედამთილი დაეხმარებოდა. აქ კი ვინ ჰყავს დამხმარედ? არც არავინ. აი, ამაშია საქმე

გაგრძელება