ბოლო პერიოდში ჰოლივუდის ვარსკვლავები დიაგნოზისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯაროდ ხშირად საუბრობენ და ცდილობენ, ამ გზით ცნობიერების ამაღლებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 70 წლის მოდელს, კრისტი ბრინკლის კანის კიბოს გამო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ყოფილმა მოდელმა რამდენიმე თვის წინ საფეთქელთან ხალის მსგავსი ახალი წარმონაქმნი შენიშნა და ექიმს დაუკავშირდა. ნიმუში ბიოფსიისთვის გააგზავნეს და მას კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოდელს ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა ადრეულ სტადიაზე აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კრისტი ბრინკლი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და საკუთარ კანსაც უფრთხილდება, სიმსივნისაგან თავდაცვა მაინც ვერ მოახერხა. თუმცა, ექიმები ამბობენ, რომ მას გამოჯანმრთელების დიდი შანსი აქვს.
სიმსივნეს კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი ებრძვის. რამდენიმე თვის წინ სერიალ "მალიბუს მაშველების" ვარსკვლავს 52 წლის ნიკოლ ეგერტს ძუძუს კიბოს იშვიათი ფორმა დაუდგინეს. ვარსკვლავი ამბობს, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ზრუნავდა, იშვიათად დადიოდა გამოკვლევებზე, გარდა ამისა, კიბოს გამოვლენას ართულებდა ის ფაქტიც, რომ მსახიობმა 19 წლის ასაკში სილიკონის იმპლანტები გაიკეთა. 2023 წელს ნიკოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მსახიობმა წონაში მოიმატა და მარცხენა მკერდის არეში უკვე რეგულარულად გრძნობდა ტკივილს. ამის გამო კი ექიმს მიმართა.
"ამას ინვაზიური კრიბრიფორმული კარცინომა ჰქვია. როდესაც დიაგნოზის შესახებ გავიგე, ძალიან ვინერვიულე. იმპლანტები რომ არ მქონოდა, ბევრად უფრო ადრე აღმოვაჩენდი ყველაფერს. ეს ჩემი მხრიდან შეცდომა იყო, მაგრამ ვცდილობ თავი გავიმხნევო, პოზიტიურად ვიფიქრო, სამოტივაციო ფრაზები წავიკითხო. ახლა უკეთესად ვარ." - ამბობს მსახიობი.
52 წლის ნიკოლ ეგერტმა ქიმიოთერაპიის კურსი და სპეციალური მკურნალობა უკვე დაიწყო. ცოტა ხნის წინ მან თაყვანისმცემლებს გაუზიარა კადრები, თუ როგორ იპარსავს თმას.
მსახიობი ამბობს, რომ ოპერაციის არ ეშინია და უნდა, რაც შეიძლება მალე დაიგეგმოს ეს პროცესი. იმის გამო, რომ მსახიობი მკურნალობის დაფინანსებას თავის ხარჯებით სრულად ვერ ახერხებს, მას გვერდით მეგობრები და საქველმოქმედო ფონდები უდგანან.
"ორი შვილი მყავს. ეს მაძლევს მოტივაციას, რომ არ დავნებდე და ბრძოლა გავაგრძელო. ეს პერიოდი აუცილებლად უნდა გადავლახო და გავიმარჯვო." - ამბობს მსახიობი.
მძიმე ეტაპს გადის ფილმის "იქს ადამიანები: აპოკალიფსი" ვარსკვლავი ოლივია მუნიც. მსახიობს ძუძუს კიბოს დიაგნოზი გასული წლის აპრილში დაუსვეს და მალევე ორმაგი მასტექტომია დასჭირდა. ამის შემდეგ ოლივია მუნმა კიდევ რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. ექიმს კი, რომელიც პრობლემის აღმოჩენაში დაეხმარა, "მფარველ ანგელოზს" უწოდებს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოლივიამ და მისმა დამ, დიაგნოზის დასმამდე ორი თვით ადრე სპეციალური ტესტი ჩაიტარეს, რომელმაც მათ ორგანიზმში 90 სხვადასხვა კიბოს გენის არსებობა გამორიცხა. თუმცა, ოლივიას მკურნალი ექიმი მაინც ვერ დამშვიდდა, ის ექოსკოპიაზე გაგზავნა, შემდეგ კი ბიოფსია გააკეთებინა. აღმოჩნდა, რომ მსახიობს ორივე სარძევე ჯირკვალში სიმსივნური უჯრედები ჰქონდა. მისი თქმით, ექიმის განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენის მიზეზი ის იყო, რომ მსახიობს კიბოს მიმართ გენეტიკური განწყობა ჰქონდა და ამავდროულად, შვილიც 30 წლის ასაკის შემდეგ გააჩინა.