"ძილის წინ ფეხებს არ გბანს, ბიჭო?" - დამხმარე ქალის მიმართ ამგვარმა დამცინავმა რეპლიკამ გული მოუკლა გოგოს, რომელიც, დედამთილის სისტიკეს გამოქცეული, ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობდა - მშობლები

"ძილის წინ ფეხებს არ გბანს, ბიჭო?" - დამხმარე ქალის მიმართ ამგვარმა დამცინავმა რეპლიკამ გული მოუკლა გოგოს, რომელიც, დედამთილის სისტიკეს გამოქცეული, ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობდა

2024-03-19 11:49:42+04:00

ონლაირომანი "დაქირავებული დიასახლისი"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია

III ნაწილი (იხილეთ რომანის დასაწყისი)

სააბაზანოდან გამოსული თავის ოთახში შევიდა და წამოწვა. ის იყო, თვალი მილულა, რომ ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. მსწრაფლ წამოხტა, ფეხშიშველი შემოსასვლელში გავარდა და ყურმილს დასწვდა.

- ბატონო, - ნაზად გამოუვიდა.

- მე ვარ, ვერონიკა. როგორ მიდის საქმეები? - ვანო იყო.

- კარგად ბატონო ვანო, ყველაფერი რიგზეა, - ყურებამდე გაწითლდა ქალი.

- ხომ არ მოიწყინეთ?

- არა, რას ამბობთ.

- მე ნუ დამიცდით, შეიძლება დამაგვიანდეს.

- კარგი, გასაგებია.

თითქოს მთელი დღე მისი ზარის მოლოდინში იყოო. ქალს დაძაბულობა მოეხსნა და შვებით ამოისუნთქა, ოთახში შებრუნებული კვლავ ტახტზე წამოწვა და ფიქრებში ჩაეფლო. მალე ჩაეძინა.

გვიან, ძალიან გვიან მანქანის თუხთუხის ხმამ გამოაღვიძა. მერე ნაბიჯების ხმა გაისმა, ვანო კიბეზე ადიოდა. სმენა დაძაბა. ახლა თავს ზემოთ გაისმა ფეხის ხმა. სუნთქვა შეიკავა, აქეთ ხომ არ აპირებს ჩამოსვლასო, მაგრამ, როგორც ჩანდა, ოჯახის უფროსს მსგავსი რამ გულშიც არ გაუვლია. ნაბიჯების ხმა კიდევ კარგა ხანს ისმოდა. მერე მიწყნარდა. ვერიკოს ძილი გაუკრთა. როდის-როდის ჩაეძინა.

***

დილით კაკუნმა გააღვიძა. სწრაფად წამოდგა, ხალათი მოიცვა და კარი გამოაღო. ზღურბლზე ვანო იდგა.

- გაგაღვიძეთ? - უხასიათოდ ჰკითხა მამაკაცმა.

ვერიკომ კედლის საათს ახედა. ცხრა დაწყებულიყო.

- არა უშავს, მობრძანდით, - განზე გაიწია ვერიკომ.

- აი, მობილური. ეს თქვენი ნომერია, - მამაკაცმა ღილაკს ხელი დააჭირა და ნომერი უჩვენა ქალს.

- იცით, როგორ ისარგებლოთ?

- არა, - სახე აელანძა ქალს.

- გასწავლით, მარტივი რამეა.

მამაკაცი ოთახში შემოვიდა და სკამზე ჩამოჯდა.

კარგა ხანს უხსნიდა მობილურით დარეკვის ოპერაციებს ვერიკოს. როცა “გაკვეთილს” მორჩნენ, ვანომ აპარატი მაგიდაზე დადო და წამოდგა.

- გუშინ მშიერი დაგტოვეთ, არა? - როგორც იქნა, გაიღიმა.

- არა, რატომ? ვჭამე, - იცრუა ვერიკომ.

ახლაღა გაიაზრა, რომ წინა დღით მართლა ლუკმა არ ჩასვლია პირში. დილით გულფინასთან რომ ისაუზმა, მას მერე მშიერი იყო, თუმცა ისე ჩაეფლო საქმეში, ჭამა არც გახსენებია.

- წუხელ რაღაცები მოვიტანე, მაცივარში ალაგია. ნუ მოგერიდებათ, თქვენ ახლა ოჯახის წევრი ხართ. იმედია, არ იშიმშილებთ.

- დღესაც გვიან მოხვალთ? - გაბედა ვერიკომ კითხვა.

- სამი დღე არ ვიქნები, ქალაქიდან გავდივარ. დაგირეკავთ ხოლმე, - თქვა ვანომ, დაემშვიდობა მოსამსახურეს და კარი გაიხურა.

ქალს თითქოს რაღაც ჩაწყდა გულში, თითქოს სიცივემ დაისადგურა ირგვლივ. არიქა, ეს კაცი არ შეუყვარდეს! არც იოცნებოს! როგორც ქალი, ვანოს სულაც არ აინტერესებს. ერთხელაც არ შეუთვალიერებია. ან კი რას მოიგებდა, რო? ისეთი ფრიალა კაბა აცვია, ტანი შიგ არ ეტყობა და ფეხი. ვერიკოს რომ ჭკუა ჰქონდეს, ამისთანა ტან-ფეხს დამალავდა ქალი? რა ქნას, სურვილიც აღარ შერჩა ამისი. დედა-დედამთილმა ყველაფერი ქალური, დიდი ხანია, ჩაკლა მასში. სიყვარულის იმედი უკვე არა აქვს. ასე რომ, გაპრანჭვასაც აღარა აქვს აზრი. ვანოსთან - მით უმეტეს. დიდი-დიდი, ლოგინში ერთხელ ჩაგორებას გამოჰკრას ხელი. უი, ღმერთმა დაუფაროს! ეგ რამ აფიქრებინა. დედამთილყოფილის სალაპარაკოდ ნამდვილად არ გაიხდის თავს. მორჩა! ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულია ამ თემაზე საუბარი! ვერიკო “იმნაირი” არასდროს გახდება.…

მთელი დღე იბორიალა ოთახიდან ოთახში. საქმე რომ ვერაფერი გაიჩინა, ჭურჭელი გამოალაგა კარადიდან და დაწმინდ-დააპრიალა. მერე საოჯახო ალბომებზე დაიწყო “ნადირობა”, რომელიც, საბედნიეროდ, რამდენიმე აღმოჩნდა ვანოს მაგიდის უჯრაში. “აჰა, ალბათ ეს არის. დედა-ა-ა-ა. რა ლამაზი ქალია?! ვერიკო ასეთი არასდროს ყოფილა და ვერც ვერასდროს გახდება. რა ჯიშიანი ვინმე ყოფილა! ამისთანა ქალის შემდეგ ვერიკო რა “სუფრასთან მოსატანია”, - თავისსავე ნაფიქრზე გაეცინა. არც არაფერს ითხოვს ვერონიკა. იგი ყველაფრით კმაყოფილია. თავზე ჭერი ახურავს, საჭმელ-სასმელი არ დააკლდება, არავინ შეზღუდავს, დროის უკმარისობა არ შეაწუხებს, არ დაიღლება და სულის მოთქმის საშუალებას მისცემენ, ხელფასსაც გადაუხდიან და მეტი რა ჯანდაბა უნდა? არც არაფერი, არც ჩივის რამეს.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მთელი დღეები შინ უნდა იჯდეს? ვითომ ხანდახან ცოტა ხნით რომ გავიდეს, დაშავდება რამე? თუმცა, სად უნდა წავიდეს… ჯერჯერობით სურვილიც არა აქვს ამის. აქაც მშვენივრად გრძნობს თავს. აი, ბავშვს რომ ჩამოიყვანენ, გავლა-გამოვლა მაშინაც ეყოფა.

შუადღემ მოატანა. ვერიკო შიმშილმა შეაწუხა. გაახსენდა ვანოს დანაბარები, წუხელ რაღაცები მოვიტანე და შიმშილით თავი არ მოიკლაო. სამზარეულოში გავიდა. პატრონს მართლა გაევსო მაცივარი სურსათ-სანოვაგით. ახლაღა იგრძნო, როგორ მოშივებოდა. ხუმრობა ხომ არ არის, მეორე დღეა, ლუკმა არ ჩასვლია პირში. ვანოს, ხილი რომ ხილია, ისიც კი არ დავიწყებოდა. სახელდახელოდ გაშალა სუფრა და ისე მოულხინა, თქვენი მოწონებული. მგონი, ზედმეტიც მოუვიდა: “ვეღარ ვსუნთქავ”, - გაიფიქრა თავისთვის და ოდნავ გამობერილ მუცელზე ხელი დაიტყაპუნა, - “ლამისაა, ღიპი დამედოს”, გაიღიმა და მაგიდის ალაგებას ზანტად შეუდგა.

დრო გაიწელა. შეიძლება არც გაიწელა, მაგრამ ვეებერთელა სახლში მარტოდმარტო დარჩენილ ვერიკოს ასე ეჩვენებოდა. თუმცა დრო უქმად არ დაუკარგავს. მომდევნო საღამოს პიანინოს მიუჯდა. თურმე არ დავიწყებია დაკვრა. თითები თავისით დასრიალებდნენ ინსტრუმენტზე. მელოდიას მელოდია ცვლიდა. დროის შეგრძნება დაკარგა თითქოს… ვერიკო თავის სტიქიაში გრძნობდა თავს. თვალწინ გაირბინა სტუდენტობის წლებმა, ყველაზე ბედნიერმა და ყველაზე დასამახსოვრებელმა წლებმა.

***…

მეორე დღეს ვანოს ბიბლიოთეკა “დალაშქრა”. მერე რამდენიმე წიგნი გადაარჩია და თავის ოთახში გაიტანა წასაკითხად იმ პირობით, რომ ვანოს ჩამოსვლამდე თავის ადგილზე დააბრუნებდა.

გვიან ღამით, ყვავილების მორწყვას რომ მორჩა, უკანა ეზოში გავიდა. აუზს ხარბად მოავლო თვალი. რა იქნება, რომ იბანაოს? ვანიკომ ხომ დართო ნება? ღმერთო ჩემო, რას აიჩემა ეს “ვანიკო” და “ვანიკო”! რა, ძმაკაცია მისი თუ საქმრო? ეჰ, ნეტავ ან ერთი იყოს ან მეორე” - ვერიკო არც ერთზე იტყოდა უარს.

წყალი ფეხით მოსინჯა. ცივი ეჩვენა. “ნეტავ არ ათბობს ხოლმე?” - გაიფიქრა. მაინც დააპირა ჩასვლა, მაგრამ გაახსენდა, რომ საცურაო კოსტიუმი არ ჰქონდა. ესეც შენ! მისი სიძე (დის ქმარი) ასეთ დროს იტყოდა, “მამინდომა ბელმონდოო”. გაეცინა. ტანსაცმლიანად რომ ჩავიდეს? არა, ეს აზრი არ მოსწონს. სხვა რამეს კი ვერ მოიფიქრებს. აბა, შიშველი ხომ არ ჩახტება? რა საშინელებაა! ეს რამ აფიქრებინა! ფიქრები უკუაგდო და თავის ოთახში შევიდა გულდამძიმებული. გაუხდელად შეწვა პლედის ქვეშ და წიგნის კითხვას შეუდგა.

მოიწყინა ვერიკომ. ეს ერთი დღე მაინც ჩამთავრდეს დროზე და გამოჩნდეს ოჯახის უფროსი, ხმის გამცემი მაინც ეყოლება. შუადღეს ჭიშკარზე ზარის ხმა გაისმა. მოულოდნელობისაგან შეკრთა. ვინ უნდა იყოს? - გაიფიქრა შეშფოთებულმა. შემოსასვლელში გავიდა და ღილაკს თითი მიაჭირა.

- ვინ არის? - ათრთოლებული ხმით იკითხა.

- ვანო არ არის შინ? - გაისმა მამაკაცის ბოხი ხმა.

- არ გახლავთ.

- გენაცვალე, ხომ ვერ მეტყვით, სად იქნება?

- თბილისში არ არის, გასულია ქალაქიდან, მაგრამ არ ვიცი, სად. არ დაუბარებია. შეგიძლიათ მობილურზე დაურეკოთ.

- ვცადე, მაგრამ გათიშული აქვს, - უკმაყოფილება გაისმა უცნობის ხმაში.

- ვერაფრით დაგეხმარებით.

- კარგი, გენაცვალე, კარგი. უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით? - დაინტერესდა უცნობი.

- მე… - დაიბნა ვერიკო, - მე ნათესავი ვარ, - მოიფიქრა უცებ.

- ძალიან სასიამოვნოა. თუ არ შეწუხდებით, როცა ჩამოვა, უთხარით, ვილის დაურეკე-თქო, სერიოზული საქმე მაქვს.

- კი ბატონო, აუცილებლად გადავცემ.

- ბოდიშს გიხდით შეწუხებისათვის.

- კარგად ბრძანდებოდეთ, - დაემშვიდობა ვერიკო უცნობს და შვებით ამოისუნთქა.

რა უცნაურია. როგორ ერთხელ არ დაურეკა ვანომ? რატომ არ მოიკითხა? იქნება და კვდება? უყურადღებო ვინმე ყოფილა. ალბათ, ბავშვი რომ არ არის აქ, იმიტომაც არ გამოიჩინა გულისხმიერება. ნეტავ, ბავშვს რა ჰქვია? რა იდიოტია, როგორ ერთხელ არ იკითხა სახელი. რას იფიქრებს ის კაცი! საწყალი გოგონა. ჯერ ორი წლისაც არ არის და უკვე ობოლია. თუმცა, რატომ არის ობოლი? ასეთი მამა ადგას თავზე, რას გაუჭირვებს! მაინც ცოდოა. დედა სულ სხვაა. შვილისთვის დედა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფულიანი მამა, სხვა სითბოა. ვერიკო შეძლებს კი, პატარას ეს სითბო გადასცეს? წინასწარ ვერაფერს იტყვის. გააჩნია, ბავშვი როგორ შეეგუება. იქნებ დანახვისთანავე არ მოეწონოს და აითვალწუნოს! ღმერთმა დაუფაროს! ამაზე ფიქრიც კი ზარავს ვერონიკას. როგორ უნდა, რომ ყველაფერი კარგად ააწყოს. ოჯახის პატრონის ნდობა მოიპოვოს და პაწაწუნასაც თავი შეაყვაროს. მერე რა იცი, რა მოხდება. იქნებ… სივრცეს გაუღიმა. აი, ეგ იქნება სრული ბედნიერება.

ვანო მართლაც სამი დღის შემდეგ ჩამოვიდა. ისე იყო გარუჯული, ვერიკომ ძლივს იცნო. “ალბათ, ზღვაზე ბრძანდებოდა”, - გაიფიქრა თავისთვის.

- როგორ ხარ, ვერონიკა? - ღიმილით მიესალმა მასპინძელი.

- არა მიშავს, თავად? - მორცხვად გახედა ვერიკომ.

- გმადლობთ, გმადლობთ. ბოდიშს კი გიხდით, რომ ვეღარ გადმოგირეკეთ, მაგრამ ისეთ ადგილას ვიყავი, მობილური არ იჭერდა. სიმართლე გითხრათ, დროც არა მქონდა, - მოუბოდიშა ვანომ.

- არა უშავს.

- რა არის ახალი? აქაურობა კი დაგიკრიალებიათ, შევამჩნიე. კარგა ხანია, ამ სახლს ქალის ხელი არ შეხებია, - კვლავ გაიღიმა მამაკაცმა.

- რაც შემეძლო, ვეცადე, - თავი დახარა ქალმა.

- მგონი, ნამეტანიც მოგსვლიათ. მე არ მითქვამს, თავი დააკალით-მეთქი. თუმცა, მადლობის მაგიერ საყვედური გამომდის. უმადურობაში არ ჩამითვალოთ. მე თქვენ გიფრთხილდებით, როგორც ოჯახის ახალ წევრს. ჩემს არყოფნაში ვინმეს ხომ არ მოვუკითხივარ?

- ვინმე ვილი იყო მოსული. აუცილებელი საქმე მაქვს და დამირეკოსო, - გაახსენდა ვერიკოს.

- ჰო-ო-ო, ეგ ძალიან კარგი. სხვა?

- სხვა არაფერი.

- შეეჩვიეთ აქაურობას?

- შეძლებისდაგვარად.

- არა უშავს, ნელ-ნელა შეეჩვევით, გაშინაურდებით. აი, ჩემი ბახალა რომ ჩამოვა, მერე უფრო გათამამდებით.

- ბახალას ეძახით? - შეხედა ვერიკომ, - ისეთი თეთრი და ცისფერთვალებაა…

- ეგ ისე ვეძახი, მოფერებით. ისეთი მჩხავანა ხმა აქვს, ყვავის ყრანტალს მოგაგონებს ადამიანს, - გაიცინა ვანომ, - ჩამოვა და თავად დარწმუნდებით.

- ისე, რა ჰქვია? - დრო იხელთა ვერიკომ.

- თამარი. შინაურები კი თამთას ეძახიან.

- ასეთი სახელის შემოკლება იქნება?

- შემოკლება რას ნიშნავს?

- აი, თამარის მაგივრად რომ თამთა დაუძახო.

- რატომ, არ მოგწონთ? აბა, სანამ თამარს იტყვის კაცი, ენასაც მოიტეხს, იმსიგრძე სახელია.

- არ გეთანხმებით მაგაში.

- თქვენ როგორც გენებოთ, ისე დაუძახეთ, მე არ ვარ წინააღმდეგი.

- გმადლობთ, - გაუღიმა ვერიკომ და სახეშეფაკლულმა თვალი აარიდა მამაკაცის დაჟინებულ მზერას.

ჩამოსვლიდან მეოთხე დღეს ვანომ ვერიკოს “თავსატეხი” გაუჩინა. რატომღაც სტუმრების მოწვევა გადაწყვიტა. ვერიკომ მიზეზი არ იცოდა. მას კერძების მომზადება და სუფრის გაშლა დაევალა მხოლოდ. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, რეზოს ნახვასაც ეღირსა. იგი ერთი მსუქანი, შავ-შავი, ღიპიანი და ულვაშიანი შუახნის მამაკაცი აღმოჩნდა. ყველა სიკეთესთან ერთად, მელოტიც იყო, ხოლო საუბრისას ისე ქშინავდა, თითქოს ეს-ესაა, მთელი კილომეტრი ძალად არბენინესო.

- რამდენ ხანში შეძლებთ ყველაფრის მომზადებას? - ჰკითხა ვანომ, ვერიკოს მძღოლი ბაზრიდან რომ დაბრუნდა.

- თქვენ რა დროს გნებავთ?

- რა ვიცი, ასე, ხუთზე-ექვსზე.

- ხუთისთვის ყველაფერი მზად იქნება.

- მოასწრებთ? - წარბები აზიდა ვანომ.

- მოვასწრებ.

- დარწმუნებული ხართ? - ეჭვი შეეპარა მის პასუხში მამაკაცს.

- შეგიძლიათ დამაჯარიმოთ, - გაიღიმა ქალმა.

- რადგან ნებას მრთავთ, ასეც ვიზამ, - ხელები გაშალა ვანომ და ეშმაკურად გადახედა, - ვნახოთ, როგორ მოასწრებთ.

ვერიკოს პასუხი არ გაუცია. ისე იყო აღელვებული, ეშინოდა, “პატრონთან” საუბარში არაფერი შეშლოდა. ცალკე იმაზე შფოთავდა, რამდენად გემრიელი გამოუვიდოდა კერძები. ვანო წავიდა თუ არა, თავსაფარი წაიკრა და საქმეს შეუდგა.

მთელი დღე თავი არ აუღია. მოიხარშა გაზქურასთან. სახეზე ოხშივარი ასდიოდა. ოთხი საათისთვის თითქმის ყველაფერი მზად ჰქონდა. ხაჭაპურებიღა დარჩა გამოსაცხობი, მაგრამ არ ჩქარობდა. რომ მოვლენ, მერე დავიწყებ და ცხელ-ცხელს შევიტან სუფრაზეო, გადაწყვიტა. ცოტა ხანს შეისვენა, სული მოითქვა, მოწესრიგდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა უკანა ეზოში, აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორ ნაძვს შუა გაკეთებულ ხის მაგიდაზე სუფრის გაშლას. რამდენიმე წუთში ექვსკაციანი სუფრა მზად იყო.

ხუთი ხდებოდა, ვანომ რომ დაურეკა. ნუ იჩქარებ, ცოტა მოგვიანებით მოვალთო.

- ჩემი გულისთვის ნუ შეფერხდებით, უკვე ყველაფერი გავამზადე, - რიხიანად უპასუხა ვერიკომ.

ყურმილში მამაკაცის სიცილი გაისმა.

- კარგი, რახან ასეა, მოვდივარ ჩემი გიჟებით, - მხიარულად შესძახა და მობილური გათიშა.

ვერიკო დაფაცურდა. კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი სუფრას, არაფერი დამავიწყდესო და კვლავ სამზარეულოში გავარდა ხაჭაპურების გამოსაცხობად. დილას მოზელილი ცომი ისე იყო აფუებული, თასის კიდეებს ასცდენოდა.

ვანო იგვიანებდა თავის სტუმრებიანად. ვერიკოს ცალი ყური ჭიშკრისკენ ჰქონდა მიპყრობილი, მათი მოსვლა არ გამომეპაროსო. კიდევ ერთხელ ჩამოთვალა გულში ის “წვრილმანები”, რომელიც არაერთ გამოცდილ დიასახლისს გამოჰპარვია სუფრის გაწყობისას - მარილი, წიწაკა, ხელსაწმენდი, ტყემლის საწებელი, აჯიკა…

ექვსის ნახევარზე სახლს ვანოს “მერსედესი” მოადგა. ვერიკოს სმენას მამაკაცების ხორხოცის ხმა მისწვდა. მერე ჭიშკარი გაიღო და რომელიღაც სტუმრის “ბმვ” ეზოში შემოგრიალდა.

ვერიკომ მალულად გაიჭვრიტა ფანჯარაში. მგონი, შვიდნი არიან… არა, არა, ეს მეშვიდე რეზო უნდა იყოს, თუ არ ცდება. კი, ასეა. ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს ვერიკო? სტუმრებს მიეგებოს, თუ თავის ადგილზე დაეტიოს? ჯერ არ არის გარკვეული აქაური ეტიკეტის წესებში. ვაჰ, რა სიმპათიური კაცები არიან! უკვირდა ქალს. აი ის, განსაკუთრებით! როგორ წარმოსადეგიააა! რა ცისფერი თვალები აქვს! თანაც, ეტყობა, სხვებზე ახალგაზრდაა. ნეტავ ცოლიანია? გაეცინა. ხანუმასავით როგორ ყველაფერი აინტერესებს. რა მაგის საქმეა!

უცებ შეამჩნია, როგორ გამოემართა ვანო სამზარეულოსკენ. სასწრაფოდ მოშორდა ფანჯარას და გაზქურას მიუბრუნდა, ჰაერში გამომცხვარი ხაჭაპურის სასიამოვნო სუნი ტრიალებდა.

- როგორ მიდის საქმეები, ვერონიკა? - კარი შემოაღო ვანომ და სინზე დადებული შემწვარი გოჭი “შემოაგორა”.

- კარგად. შეგიძლიათ დასხდეთ, - ვერიკო ოდნავ მოტრიალდა, - ხაჭაპურს ცხელ-ცხელს შემოვიტან.

- უჰ, უჰ, უჰ! რა სუნია, ბიჭო! “ასატრინის” გატანა ხომ არ დაგავიწყდათ? - გაახსენა უცებ.

“ზუთხის”, - შეუსწორა გულში მამაკაცს და უარის ნიშნად თავი გააქნია - არა, არ დამვიწყებიაო.

- აჰა, ესეც დაგვიჭერი და ათ წუთში დავსხდებით, - ხელები მოიფშვნიტა კმაყოფილმა პატრონმა და ეზოში გავიდა გაშლილი სუფრის შესამოწმებლად.

- ახლავე.

ვერიკო ხაჭაპურით სავსე ორი თეფშით უკან მიჰყვა.

- მოკლედ, მეფური სუფრა გაგიშლიათ. ნამდვილი ცეცხლი ყოფილხართ, - შეაქო მამაკაცმა მოსამსახურე და ღიმილით შეხედა, - როგორ მოასწარით, ჯადოსნური ჯოხი მოიქნიეთ? - გაეხუმრა.

ქალსაც მოერია ღიმილი, მაგრამ პასუხი არ გაუცია.

- მე კიდევ დაგჭირდებით რამეში? - მორიდებით იკითხა.

- თუ იქნებით საჭირო, დაგიძახებთ. იმედია, არ დამზარდებით.

- რა თქმა უნდა, რაზეა საუბარი, - ვერიკომ ფქვილიანი ხელები თეძოებზე დაუფიქრებლად ჩამოისვა. არ გაუარა ნერვიულობამ. დილას აქეთაა, ვერ დაიწყნარა აფორიაქებული სული. ვაითუ, რამე არ მოეწონოთ. არ უნდა ვინმეს სალაპარაკო გახდეს. ვერ იტანს, როცა შენიშვნას აძლევენ. ჭკუის სწავლება საშინლად აღიზიანებს. მით უმეტეს, ამდენი წელია, დედამთილისგან სხვა არაფერი მოუსმენია.

სამზარეულოში შებრუნდა. ორი გუნდაღა დარჩა გამოსაცხობი და მორჩება ეს ხაჭაპურებიც. მაგრამ ჯერ გოჭს უნდა მიხედოს. უჰ! რა ცხელია, ამას რა დაჭრის. ან კი რა ქალის საქმეა გოჭის დაჭრა, რა, ქათამია? რა უტაქტოები არიან ეს მამაკაცები. ხორცის საჭრელი მაკრატელი მოიმარჯვა და ფრთხილად შეუდგა გოჭის დაჭრას.

ერთ საათში ქეიფი გახურდა. ვერიკო არავის გახსენებია. როგორც ჩანს, ჯერ არ სჭირდებათ არაფერში. აბა რა იქნება, ცხრაჯერ გადახედა სუფრას, არაფერი გამომრჩესო. საჭმელი კი ისე ბარაქიანად დაახვავა თეფშებზე, მეორე ექვს კაცსაც ეყოფოდა.

- ვერონიკა! - მოისმა ამ დროს ვანოს ხმა.

ვერიკოს ტანში გასცრა. სიკვდილი ერჩივნა ახლა იქ გასვლას და იმ კაცების გარშემო ტრიალს, მათ მომსახურებას, მაგრამ რა ექნა.

- ვერონიკა, ერთი წუთით, თუ შეიძლება! - კვლავ გამოსძახა მამაკაცმა.

ვერიკო დაიძაბა და მოქეიფეებისკენ გაემართა.

- გისმენთ, - მორიდებით თქვა და თვალები ძირს დახარა, - გამარჯობათ, - მოიფიქრა ბოლოს და ყველას მიესალმა.

აქეთ-იქიდან ზოგმა “იცოცხლე” უთხრა, ზოგმა კი “გაგიმარჯოს”.

- გოჭი და “ასატრინა” დაგვიმატეთ, თუ არ შეწუხდებით, - სთხოვა უფროსმა.

- ამ წუთში, - თავი დაუქნია ქალმა მასპინძელს და გამოტრიალდა.

- რა ქორფა მოსამსახურე გყოლია, ბიჭო, - მოესმა ქალს უკნიდან რომელიღაცის ხმა.

- წავა, რა უჭირს, - სიცილით დაეთანხმა მეორე.

- მორჩით ახლა, მაგას ჯობს, ერთი სადღეგრძელო შემოგვაშველო, ნუგზარ, თორემ გაგვიშრა ყელი, - პატრონის ხმა ამოიცნო სახეალანძულმა ვერიკომ.

- ძილის წინ ფეხებს არ გბანს, ბიჭო? - წამოიძახა მესამემ, რასაც საერთო ხორხოცი მოჰყვა.

- ნუგზარ, თქვი რამე, თუ კაცი ხარ, - მამაკაცების ღრიანცელი ვანოს გაღიზიანებულმა ხმამ გადაფარა.

მაგიდასთან უხერხული დუმილი ჩამოვარდა.

- ეგ არ არის სახუმარო თემა. ის ქალი, პირველ რიგში, ჩემი შვილის გამზრდელია. არ გაქვთ მაგის უფლება, - მკვეთრად ისმოდა მასპინძლის ნათქვამი.

ვერიკომ ყელში მობჯენილი ბოღმა თითქოს უკან ჩააბრუნა, ერთი ღრმად ამოიოხრა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. თუ ორიოდე წუთის წინ ვანოზე ცოფებს ყრიდა, როგორ უბედავენ მეგობრები მოსამსახურის გაშაყირებასო, ახლა მადლიერი დარჩა მისი. არ მოელოდა. როგორ დაიცვა! რა შესანიშნავი არგუმენტი მოიყვანა! ყველა ხომ ვერ მოიფიქრებდა ამას. ვერიკო აუცილებლად ეტყვის მადლობას ამის გამო. იმის გამოც, რომ ასეთი კარგი ადამიანია. ქალმა სიბნელეში გახედა მაგიდასთან მჯდომ უკვე შექეიფიანებულ პატრონს და თვალებით მიეფერა.

გაგრძელება