"ცოლის სიკვდილის მერე სიდედრი ჰპირდებოდა, ბავშვის მოვლაში დაგეხმარებიო, მაგრამ ბოლოს უარი უთხრა და მარტო დატოვა კაცი ჯერაც პამპერსიანი ბავშვით" - მშობლები

"ცოლის სიკვდილის მერე სიდედრი ჰპირდებოდა, ბავშვის მოვლაში დაგეხმარებიო, მაგრამ ბოლოს უარი უთხრა და მარტო დატოვა კაცი ჯერაც პამპერსიანი ბავშვით"

2024-03-20 12:47:05+04:00

ონლაინრომანი "დაქირავებული დიასახლისი"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია

IV ნაწილი. (იხილეთ დასაწყისი)

ქეიფი გრძელდებოდა. შეზარხოშებულმა მამაკაცებმა სიმღერაც წამოიწყეს. მშვენივრად გამოსდიოდათ. ტახტზე მიწოლილმა ვერიკომ ღიმილი ვერ შეიკავა. რომელიღაც ძალიან ურევდა.

- გაიოზ, ყვარყვარე თუთაბერივით რავა ხან ერთ ხმას მღერი და ხან მეორეს, შე კაცო, - ვანო სიცილისაგან იბჟირებოდა, - რით ვერ ისწავლე ამდენი წელი.

- შენ ეგა თქვი. ჩვენი გადამკიდე, სიმღერას კი არა, ლექსების წერას ისწავლიდა კაცი, - ხითხითებდა ნუგზარი, რომლის ხმა ყველაზე ხშირად და ყველაზე კარგად ისმოდა. ის ალბათ თამადად იყო არჩეული.

- ამ ჭიქით, ჩემო მეგობრებო, გაიოზი იქით იყოს და, ქალებს გაუმარჯოს, ჩვენს ლამაზ და უმშვენიერეს ქალებს. ვანო, თუ ნებას მომცემ, იქნებ შენს ახალმოსახლეს დავუძახოთ, მისი სადღეგრძელოა და სამადლობელი ვათქმევინოთ.

ვერიკოს სუნთქვა შეეკრა. ისე შეაძრწუნა ამ სიტყვებმა, თითქოს ექვსივე მამაკაცი კარს უმტვრევდა.

- ე, ბიჭო, რას აიჩემეთ ის ქალი. შეეშვით, თუ ძმა ხარ, თავისი გაჭირვება ეყოფა, - უკვე ვეღარ შეიკავა ვანომ თავი და იფეთქა.

- რა ვთქვი ამისთანა, გაფიცებ ყველაფერს! - ახლა თამადა წამოხტა, - დავლოცე და მადლობა გადაიხადოს-მეთქი, მეტი რა ვთქვი! ცუდად გამომივიდა რამე? არა, მითხარით რომელიმემ, დავაშავე რამე? - არ ცხრებოდა შემთვრალი ნუგზარი.

სიტუაცია აშკარად დაიძაბა. ვერიკომ თავი წამოსწია და ყური მიუგდო. მამაკაცებმა ხმაურს მოუმატეს, კამათსაც. მოსალოდნელი იყო, კამათი სერიოზულ შელაპარაკებაში გადასულიყო. ნერვიულობისგან აკანკალებული ქალი სასწრაფოდ წამოდგა ლოგინიდან, თავსაფარი გადაიძრო, თმაზე ხელი გადაისვა, კაბა გაისწორა და გარეთ გავარდა. რამდენიმე წამში მაგიდასთან გაჩნდა.

- უკაცრავად, - დაიყვირა უცებ.

მოულოდნელობისაგან ყველა ადგილზე გაშეშდა. მის გამოჩენას ნამდვილად არავინ ელოდა. ვერიკომ მაგიდას მოავლო თვალი, მერე იქვე მდგარ ღვინით სავსე ჭიქას დასწვდა და ჰაერში ასწია:

- ქალებს გაუმარჯოს. დედებს, დებს, მეუღლეებს, შვილებს… მე მადლობას მოგახსენებთ მათ მაგივრად. სიმწარე გაშოროთ ღმერთმა, - ჭიქიანი ხელი დალოცვის ნიშნად ჰაერში დააქნია და სულმოუთქმელად დაცალა.

- ოხ! თქვენ გაიხარეთ, ჩემო დაიკო, დიდხანს იცოცხლეთ, თქვენ შემოგევლოთ ჩემი დარჩენილი ახალგაზრდობა! - ზრდილობად დაიღვარა თამადა, ხელი ჩამოართვა ვერიკოს და მოწიწებით ეამბორა.

უცებ ვერიკო ვანოს თვალებს წააწყდა. ვერ მიხვდა, რას მოასწავებდა მამაკაცის მზერა - რისხვას თუ გაოცებას! ნუთუ ეწყინა მისი გამოჩენა? მას მხოლოდ სიტუაციის განმუხტვა სურდა და მეტი არაფერი. ის კი თითქოს საყვედურობდა. იქნებ მოეჩვენა? ან იქნებ პირიქით იყო? არა, აღფრთოვანებულს ნამდვილად არ ჰგავდა. დაბნეულმა ფრთხილად დადგა ჭიქა მაგიდაზე, ბოდიში მოიხადა და ჩქარი ნაბიჯებით გამობრუნდა…

ამის შემდეგ ქეიფი დიდხანს არ გაგრძელებულა. სტუმრები მალევე აიშალნენ და ხმაურით დაიძრნენ წინა ეზოსკენ.

ვანო ყვიროდა, მთვრალს საჭესთან არც ერთს არ დაგსვამთ, ახლავე რეზოს გამოვიძახებ და ის დაგარიგებთ სახლებშიო. ეს აზრი “მიუღებლად” მიიჩნია სახელოვანმა “ექსთამადამ”.

- ვინაა მთვრალი, პირველად კი არ ვზივარ “რულთან” ნათამადარი, ნუ გამიხურეთ საქმე. მიმიშვი, ერთი, თუ კაცი ხარ! - ყვიროდა ნუგზარი და მანქანისკენ მიიწევდა.

როგორც ჩანდა, საკმაოდ ახირებული ხასიათის კაცი იყო. თავისი არ დაიშალა, საჭეს მიუჯდა და “ბმვ” დაქოქა. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. ვერიკო შეკრთა. ფრთხილად მიუახლოვდა კარს და ჩუმად იკითხა:

- ვინ არის?

- ერთი წუთით, დაიკო, თუ შეიძლება, - გაისმა ხმა.

ქალს ხელები უთრთოდა, ძლივს გადაატრიალა გასაღები. ზღურბლზე სწორედ ის ცისფერთვალება მამაკაცი იდგა, ვერიკოს რომ მოეწონა.

- დიდი მადლობა ყველაფრისათვის, ჩემო კარგო. ესენი უზრდელები არიან, ვერ ხვდებიან, ქალს მადლობა რომ უნდა გადაუხადონ. დიდებული დიასახლისი ბრძანებულხართ, - მამაკაცი მის ხელს დასწვდა და მოწიწებით ეამბორა.

- სანდრო, სანდრო-ო-ო! - გაისმა ამ დროს ეზოდან.

- ე! ხომ ხედავ, მეძებენ უკვე. ერთი წუთით არ შეუძლიათ უჩემოდ. კარგად ბრძანდებოდეთ, - დაემშვიდობა სანდრო ვერიკოს და ბარბაცით გაუდგა გზას.

ცოტა ხანში ყველაფერი მიწყნარდა. ვერიკო მაგიდის ალაგებას შეუდგა. საქმეში ისე გაერთო, მოახლოებული ვანო ვერც კი შეამჩნია.

- ყოფილიყო ამაღამ, გვიანაა უკვე. მარტო საჭმელი შეინახეთ, - თქვა მამაკაცმა.

- ვაი, როგორ შემაშინეთ! - შეჰკივლა ქალმა, - არა უშავს, არ მეზარება. აბა, ასე ხომ არ დავტოვებ. მეტი რა მევალება.

- შეგიძლიათ ერთი წუთით ჩამოჯდეთ? - ვანომ მაჯაში ჩაავლო ხელი და გააჩერა.

- კი ბატონო, - დაემორჩილა ვერიკო და სკამზე ჩამოჯდა.

- სხვა დროს ეგეთი რამ არ გააკეთოთ, - ცივად გაისმა მისი ხმა.

ქალს თვალები გაუფართოვდა. ვერ მიხვდა, “ეგეთში” რას გულისხმობდა პატრონი.

- ჩემს სახლში სიტუაციებს მე მოვაგვარებ, თქვენი ჩარევა საჭირო არ არის! - უკვე გაუმკაცრდა ხმა.

- მე მეგონა…

- ვიცი, რაც გეგონათ. ჯერჯერობით, მე ვარ აქ უფროსი. ჩემს ოჯახში ჩხუბი და იარაღის ტრიალი არასდროს მომხდარა. ისინი ჩემი მეგობრები არიან და როგორმე მე დავაშოშმინებ. სხვა დროს გაითვალისწინეთ.

- უკაცრავად, - ჩაილუღლუღა ქალმა და თავი დახარა. არ იცოდა, დამფრთხალი მზერა სად დაემალა. არ ეგონა, ასე თუ გაანაწყენებდა ვანოს.

…გვიან მორჩა საქმეს. თეფშებიც დარეცხა და ცოცხიც გამოუსვა იქაურობას. როცა ყველაფერი დაამთავრა, მაშინღა იგრძნო, როგორ დაღლილიყო. ფეხზე ძლივს იდგა. მიაყურადა. ზედა სართულიდან ჩქამი არ ისმოდა. როგორც ჩანს, ოჯახის უფროსს უკვე ეძინა. ვერიკო თავის ოთახში შევიდა და გაუხდელად მიწვა ტახტზე. დაღლილ-დაქანცულს გახდის თავიც არ ჰქონდა. თავი მიდო თუ არა ბალიშზე, მაშინვე ჩაეძინა.

***

დრო გადიოდა. ის დღეც გათენდა, პატარა თამარი რომ უნდა ჩამოეყვანათ. ვერიკო ღელავდა. გულში რამდენჯერმე გაიმეორა ის წინადადებები, რომელიც ბავშვის დანახვისას უნდა ეთქვა. ათასჯერ გადაალაგა სიტყვები.

ვანოც მოლოდინში იყო. ეს ერთადერთი დღე იყო, როცა იგი შინიდან არ გასულა.

შუადღისას ვანოს “მერსედესი” ჭიშკარს მოადგა. მასპინძელი მოსულების შესაგებებლად გავიდა. სანამ ვერიკო გარეთ გასვლას მოისაზრებდა, ვანო ხელში ატატებული ბავშვით შემობრუნდა ეზოში. პატარა თამთა რაღაცას ეტიტინებოდა.

- მელე, მამიკო, მელე? - ეკითხებოდა სახეგაბადრული.

ვერიკო კიბესთან შეეგება მამა-შვილს.

- ეს რა ლამაზი თოჯინა მოსულა! აბა, მითხარი, რა გქვია, პაწია? - მიეფერა ვერიკო.

ბავშვმა დაიმორცხვა, თავი დახარა და ქვემოდან ახედა ქალს.

- უთხარი დეიდას, რა გქვია, ნახე, რა კარგი დეიდაა! - შეაგულიანა ვანომ შვილი.

ბავშვმა ჯიუტად გააქნია თავი.

- არ იცის, - ღიმილით თქვა ვერიკომ.

- ვიჩი, - ჯიბრიანად ჩაილაპარაკა თამთამ.

- მაშინ მითხარი, - ჩაეძია ქალი.

- თამთა.

- თამთა? უი, რა ლამაზი სახელი გრქმევია! შეიძლება მე თამარი დაგიძახო?

- ალა!

- რატომ?

თამთამ ხმა არ გასცა და კვლავ ვანოს შეხედა.

- შეიძლება, ვერიკო დეიდა, როგორ არ შეიძლება. მოიცა, ცოტა გავშინაურდეთ! - დააიმედა მამაკაცმა მოსამსახურე და კიბეს აუყვა.

ეზოში მაღალი, სათვალიანი ქერა ქალი გამოჩნდა. იგი ცივად მიესალმა ვერიკოს და ვანოს მიჰყვა უკან. “ალბათ, ცოლისდაა”, - გაიფიქრა შეცბუნებულმა და მიმავალს თვალი აარიდა. დაიბნა. როგორ უნდა მოიქცეს? თავის ოთახში გავიდეს თუ თვითონაც ავიდეს ზემოთ? არა, სანამ არ დაუძახებენ, იქ არაფერი ესაქმება. ჯობს, მარტო დატოვოს სიძე-ცოლისდა. ბევრი სალაპარაკო ექნებათ. ვინ იცის, ვანოს მოყვრები როგორ შეხვდებიან თამთას ახალ გამზრდელს. იქნებ სულაც არ ეპიტნავებათ ბავშვის უცხო ქალის ხელში “ჩაგდება”? ეჰ, რაც იქნება, იქნება. მოთმინებით უნდა დაელოდოს ხვალინდელ დღეს. სხვა რა დარჩენია?

“მაგასაც ვნახავთ! აბა შენ და აბა მე!” - გაისმა ქალის მუქარით სავსე ხმა.

ვერიკომ მიაყურადა. კიბეზე ქუსლების პაკაპუკით ჩამორბოდა სათვალიანი “ცოლისდა”. ფანჯარას მოშორდა და შორიდან დაუწყო თვალთვალი. შეეშინდა, არ შემამჩნიოსო. თუმცა, რა თვალთვალი, უბრალოდ, მიმავალს მზერა გააყოლა. აფორიაქებულ გულს ვერ იწყნარებდა. მიხვდა, რომ ამდენი დავიდარაბა და შეხლა-შემოხლა მის გამო ხდებოდა ოჯახში. ხოლო ვის მხარეზე გადასწონიდა სასწორი, ძნელი სათქმელი იყო.

რამდენიმე წუთის შემდეგ ვერიკო უკვე ვანოს პირისპირ იდგა.

- ცუდად არის ჩემი საქმე? - ათრთოლებული ხმით იკითხა ქალმა.

- ცუდად? საიდან მოიტანეთ? - მამაკაცს თვალები გაუფართოვდა.

- რა ვიცი… რომ დამიძახეთ, მეგონა, დამითხოვდით, - ნიკაპი აუკანკალდა ვერიკოს, თან ვანოს კალთებზე მოკალათებულ მძინარე თამთას თვალს არ აშორებდა.

- როგორ გეკადრებათ… რა მიზეზით… იმიტომ დაგიძახეთ, რომ მომეხმაროთ. მომეშველეთ, ბავშვს როგორმე გავხადოთ და ლოგინში ჩავაწვინოთ.

- ახლავე, - დაფაცურდა ვერიკო და ვანოს მიუახლოვდა.

ბავშვს რომ წაეტანა, მიხვდა, ნიკაპთან ერთად ხელებიც უკანკალებდა. ძალაუნებურად მამაკაცის მკლავსაც შეეხო რამდენჯერმე. ცივმა ოფლმა დაასხა. თავის თავზე გაბრაზდა. რა სიკვდილი ემართება, ასე როგორ გამოთაყვანდა ამხელა ქალი. ემანდ არ იფიქროს, თითქოს შეგნებულად ეხება მის მკლავს. რა სისულელეა? მსგავსი რამ გულშიც არ გაუვლია. ამგვარი მანევრები არ შედის ვერიკოს გეგმებში. მაგრამ ხელებსაც რომ ვერ იმორჩილებს? ისე ეხლართება ერთმანეთში, თითქოს შებორკილი აქვსო.

როგორც იქნა, ღილები შეხსნა პატარას და ფრთხილად გახადა გაოფლილი ჟაკეტი.

- გადაყენება არ უნდა? - ჩურჩულით იკითხა.

- არა, რად უნდა, “პამპერსი” უკეთია, - უპასუხა ვანომ.

- რას ამბობთ! ამხელა ბავშვი “პამპერსით” დადის? - ვერიკომ თავისი დიდრონი თვალები პატრონს მიაპყრო.

- მე მგონი, კიდევ დიდხანს ივლის ამ ქალების გადამკიდე, - ჩაიცინა ვანომ, - წამომყევით, ოთახის კარი გამიღეთ, - თქვა და შიდა კიბით პირველ სართულზე ჩავიდა.

რა საინტერესოა, სად მიჰყავს? ვერიკოს ოთახში? წარმოუდგენლად მოეჩვენა ამგვარი რამ. ვანო მის ოთახს მიადგა. ქალს ენა ჩაუვარდა გაოცებისაგან. ძლივს მოიფიქრა კარის გაღება, მერე გვერდზე გაიწია და მამაკაცი ბავშვიანად წინ გაატარა.

ვანომ ფრთხილად მიაწვინა თამთა საწოლზე და თხელი პლედი გადააფარა.

- ესეც ასე, - ღრმად ამოისუნთქა და წელში გასწორდა.

ვერიკოს რომ შეხედა, თვითონაც გაკვირვებული დარჩა:

- რატომ გაქვთ ასეთი სახე? - ჰკითხა ქალს და სკამზე ჩამოჯდა.

- თამარი ღამეც ჩემს ოთახში დაიძინებს?

- მაგაზე ვიფიქრებ. როგორც ჩანს, მე ბევრი რამ ვერ გავითვალისწინე.

- მაპატიეთ, იქნებ უფრო გასაგებად მითხრათ? - ვერიკოს უკვე სახე ჩამოსტიროდა.

- იცით, მე მეგონა, ჩემი სიდედრი ჩვენთან იცხოვრებდა. დღისით თქვენ მოუვლიდით ბავშვს, ღამით კი ქალბატონი ბებია ჩაიბარებდა. გამოვიდა, რომ თურმე ტყუილად მეგონა. სასტიკი უარი მივიღე, - ხელები გაშალა ვანომ, აქაოდა, უძლური აღმოვჩნდიო, - ამიტომ მოგვიწევს თავიდან ყველაფრის გადახალისება თუ გადანაწილება, რა ვიცი, რა ჰქვია. ამ ოთახში ისე, ყველაზე უფრო გრილა, სიცხეც არ შეაწუხებს. ამაღამ ჩემთან დავაძინებ. ხვალიდან ვნახოთ. ღამით ალბათ, მოგიწევთ თამთას ოთახში დაძინება.

- ასე აჯობებს. ჩემს ოთახში ცოტა უხერხულიც კია თქვენი შვილის ყოფნა, - მორიდებით თქვა.

- რატომ? ეს ჩემი სახლის ნაწილი არ არის? მე მგონი, რემონტი ყველგან ერთნაირად არის გაკეთებული, - არ დაეთანხმა ვანო.

- ჰო მაგრამ, მოსამსახურის ოთახი მოსამსახურის ოთახია მაინც.

- ვისთვის როგორ. როცა ეს სახლი გავარემონტე, არც მიფიქრია, აქ თუ სხვა იცხოვრებდა. მე ჩემი კაბინეტის მოწყობა მქონდა იდეაში.

- მერე რამ შეგიშალათ ხელი?

- ცოლის კაპრიზებმა. როცა მუშაობ, გვერდით უნდა იყო, პირველ-მეორე სართულს შორის ხომ არ ვირბენო და მეორეზე ამატანინა კაბინეტი. ეს იყო და ეს.

- ბატონო ვანო, სიმართლე მითხარით, ჩემ გამო გეჩხუბებოდათ თქვენი ცოლისდა? - ვერ მოითმინა ვერიკომ.

- რომელი ცოლისდა?

- აი, წეღან რომ გააბრაზეთ.

- ჰა-ჰა-ჰა! ცოლისდა! ცოლისდა კი არა, ჩემი სიდედრია.

- დედას გაფიცებთ!

- ასე ახალგაზრდულად გამოიყურება? მე კი ვერ ვამჩნევ. ალბათ იმიტომ, რომ ვიცი მისი ამბავი.

- ღმერთო ჩემო, რას ვიფიქრებდი! ორმოცზე მეტის თუ იქნებოდა, არ მეგონა.

- მეტის ნამდვილად არის, 49 წლისაა.

- საერთოდ არ ეტყობა.

- კი, კარგი შენახულია, მიჩვეულია ყველაფერ მზამზარეულს. ჯერ თავი წამჭამეს მაგან და ჩემმა ცოლისდამ, გინდა თუ არა, ძიძა დაუქირავე თამთასო. ახლა პრეტენზიები წამომიყენა, ბავშვი თუ არ გაუზრდია, ჩემს შვილიშვილს რანაირად გაზრდისო. შენ მოეხმარე, იცხოვრე აგერ, საღამოობით მოდი და ჩაიბარე შენი შვილიშვილი-მეთქი. თავიდან ასე ვიყავით მოლაპარაკებული. გაიკვირვა, თითქოს უცხო პლანეტიდან იყოს ჩამოსული. ღამეებს ვერ გაათენებს თურმე ბავშვის საწოლთან, დაბერების ეშინია.

- რას იზამთ, ვერ აიძულებთ.

- ბიჭო, არც არავინ აიძულებს, მაგრამ მაშინ ნუღარ მასწავლის ჭკუას… წამოდით, ეზოში გავიდეთ.

ვანომ აუზისკენ აიღო გეზი. ვერიკო უკან მიჰყვა. ჩრდილში დასხდნენ.

- მაგაში მართალი ხართ.

- მილიონჯერ ვუთხარი, ბავშვს მანქანით ნუ დააგრიალებ, ფეხით ასეირნე-მეთქი. ვერ შევაგნებინე. ორ ნაბიჯს არ გაივლის უმანქანოდ. ისე იქცევა, თითქოს მანქანაში დაიბადა და გაიზარდა.

“შენს ნაყიდ მანქანაში”, - დაასკვნა ვერიკომ.

- ოღონდ არა ჩემს ნაყიდში, რა თქმა უნდა. ეგენი თავიდანვე მდიდარი ხალხის შვილები იყვნენ. ოღონდ ჩემი ცოლი აბსოლუტურად განსხვავებული იყო, საერთოდ არ ჰგავდა არც დედას, არც დას. უფრო მამამისის ხასიათები ჰქონდა.

ვერიკო სმენად იქცა. რადგან ცოლზე ჩამოაგდო საუბარი, იმედი მიეცა, ბევრ რამეს გაიგებდა მათი ცხოვრებიდან, მაგრამ ვანომ არ გააგრძელა. ვერიკოს ლოდინით გული გადაეწურა.

- თქვენი მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა, არა? - ფრთხილად ჰკითხა ბოლოს.

- როგორ გითხრა… ბავშვი რომ დაიბადა, პერიტონიტი განუვითარდა და ვერ გაიგეს.

- პერიტონიტი რამ გამოიწვია? - გული შეეკუმშა ქალს.

- საკეისროთი დაბადა თამთა და, როგორც ჩანს, ნაოპერაციებზე ინფექცია შეეჭრა.

- რას ამბობთ!

- მაპატიეთ. არ მინდა ამ თემაზე საუბარი. მიმძიმს, - სახე შეეჭმუხნა ვანოს.

- მესმის თქვენი, - უხერხულად შეიშმუშნა ქალი.

- გინდათ დღეს სადმე გავისეირნოთ ერთად? - უცებ გამოცოცხლდა ვანო, თითქოს სხვა ტალღაზე გადაერთო, - თამთაც შეგეჩვევათ ნელ-ნელა, ჩემთან ერთად უფრო მალე დაგიახლოვდებათ.

- კი ბატონო, - ვერიკომ იგრძნო, როგორ დაუარა სასიამოვნო ჟრუანტელმა მთელ სხეულში.

- ვერონიკა, მე თქვენი იმედი მაქვს. არ უნდა დამაღალატოთ, - ხმადაბლა თქვა.

- არ დაგაღალატებთ, - მტკიცე ხმით გაიჟღერა ქალის ნათქვამმა.

- მე მჯერა თქვენი, - გაიღიმა მამაკაცმა, - თქვენ ხომ არ იქნებით ფეხით გასეირნების წინააღმდეგი?

- როგორ გეკადრებათ!

- ძალიან კარგი. ჯერ ასე იყოს და მერე ვნახოთ. როგორც ვატყობ, მოვა დრო და თქვენთვისაც მომიწევს მანქანის ყიდვა, - ამის თქმაზე ვანომ თვალი თვალში გაუყარა ვერიკოს.

ქალი ვერ მიხვდა, რომელ “მოვა დროზე” იყო საუბარი, ან რა იგულისხმებოდა ამ ორაზროვანი სიტყვების მიღმა, მაგრამ არ შეიმჩნია და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.

- თქვენ რა ვალდებული ხართ, მანქანა მიყიდოთ.

- თუ თამთას ისე გაზრდით, როგორც მე გამიხარდება, მანქანას კი არა, თვითმფრინავსაც გიყიდით.

- არა, გმადლობთ, - სიცილი აუტყდა ქალს, - თვითმფრინავი ნამდვილად არ მინდა.

- უარს ამბობთ? - ვანოც აჰყვა გამხიარულებულ ვერიკოს.

- თუ მაინცდამაინც უნდა მიყიდოთ, იახტა მირჩევნია. უფრო იაფიც დაგიჯდებათ.

- ჩემს ჯიბეს უფრთხილდებით, არა? გეშინიათ, არ გამაღარიბოთ?

- აი, ეგ კი ნამდვილად არ მიფიქრია.

- აბა, რა იფიქრეთ?

- არც არაფერი. უბრალოდ, ზღვა მიყვარს ძალიან და… ჩემი ოცნებაა გემით მოგზაურობა, - უცებ დაუსევდიანდა ხმა.

ვანომ უკომენტაროდ დატოვა მისი ნათქვამი. კარგა ხანს ორივენი მდუმარედ ისხდნენ.

- რამე გეგმები გაქვთ? - ბოლოს ვანომ დაარღვია სიჩუმე.

- რაში? - ვერ გაიგო ქალმა.

- ბავშვის აღზრდაში, - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.

- ცოტა კი მერიდება, მაგრამ…

- მითხარით, მითხარით, ჯობს აქედანვე ვიცოდე.

- პირველ რიგში, “პამპერსი” უნდა მოვისროლოთ. სხვანაირად არ გამოვა, ბატონო ვანო. თამარი უკვე დიდი გოგოა, უნდა მიეჩვიოს რაღაც-რაღაცებს.

- მაგაში გეთანხმებით, მაგრამ… იქნებ ამ “ბატონოს” გადაეჩვიოთ?

- მაპატიეთ, მაგრამ ალბათ ვერ შევძლებ. სხვანაირად როგორ მოგმართოთ? მეც თქვენი მეგობრებივით პეტროვიჩს ხომ ვერ დაგიძახებთ.

- ჰა-ჰა-ჰა-ჰა, ეს რა კარგი რამე მითხარით? როგორ მომეწონა! როგორც გაგიხარდებათ, ისე დამიძახეთ.

- მე… არ ვიცი… რაღაც არ გამომდის, - ვერიკოს უკვე ლოყები უხურდა.

- თქვენ ხომ მოგწონთ ვანიკო! ჰოდა, ასეც დამიძახეთ, - თითქოს ხაზგასმით თქვა მამაკაცმა.

ვერიკო შეცბა, სუნთქვა შეეკრა. კინაღამ ჰკითხა, თქვენ საიდან იცითო. კიდევ კარგი, დროზე შეიკავა თავი, მაგრამ ისეთი თვალებით შეხედა, არაფრის თქმა არ იყო საჭირო. მამაკაცმა მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა.

- ამქვეყნად ყველა ქალი, განურჩევლად ასაკისა, ვანიკოთი ან ბატონო ვანოთი მომიხსენიებს. ჯერ არ შემხვედრია გამონაკლისი, - ღიმილი აუთამაშდა სახეზე და ეშმაკურად დაამატა, - აი, ვინც პირველი დამიძახებს ვანოს, ბატონოს გარეშე, იმას შევირთავ ცოლად. ჰა-ჰა-ჰა-ჰა…

ვერიკომ ღიმილი ვერ შეიკავა. უყურებდა მოხარხარე მამაკაცს და გულში, ვინ იცის, მერამდენედ იმეორებდა: “ვანო, ვანო, ვანო”...

გაგრძელება