ოდითგანვე, ექიმობა განსაკუთრებულ და ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ პროფესიად ითვლებოდა. თუმცა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ზოგჯერ პაციენტების დახმარების ნაცვლად, წარმოუდგენელ დანაშაულს სჩადიოდნენ და სჩადიან...
ამერიკელი ექიმი, კუინსი ფორტიე, რომელიც პაციენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, 2006 წელს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მასთან, როგორც წესი, სასოწარკვეთილი წყვილები მიდიოდნენ, რომლებსაც შვილის გაჩენის პრობლემა ჰქონდათ, ექიმი კი მათ სანუკვარი ოცნების ასრულებაში ეხმარებოდა. კლინიკაში, რომელიც ფორტიემ ლას-ვეგასში 1961 წელს გახსნა, უამრავი ქალი ახერხებდა დაორსულებას.
ექიმი ფორტიე საკუთარ კოლეგებსა და პაციენტებში დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. ის ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სამედიცინო რეზერვის მეთაური იყო. 1991 წელს კი ნევადის სამედიცინო ასოციაციამ წლის ექიმად დაასახელა.
თუმცა ყველაფერი არ ყოფილა ასე იდეალურად...
გამოძიება პირველად ორეგონის შტატში მცხოვრებმა ვენდი ბებსტმა წამოიწყო. ქალი დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა საკუთარ მამას და უზარმაზარ განსხვავებას ხედავდა. ფაქტობრივად, ის არაფრით ჰგავდა კაცს, რომელიც მამა ეგონა. ამიტომაც, 2018 წელს დნმ-ის ტესტი ჩაიტარა და ტესტმა ეჭვი დაადასტურა... როგორც გაირკვა, ვენდის ბიოლოგიური მამა კუინსი ფორტიეა. როდესაც 54 წლის ქალი ამ ამბავს ჩაუღრმავდა, გაირკვა, რომ ვიდრე ის დაიბადებოდა, მის დედას, ქეით ჰოლმსს, შვილის გაჩენის პრობლემა ჰქონდა და დახმარებისთვის ცნობილ ექიმს მიმართა. ექიმმა შესაბამისი კვლევები ჩაატარა, დაავალა, რომ ქმრის სპერმა მიეტანა, თუმცა, როგორც გაირკვა, ქეითი საკუთარი ქმრის სპერმით კი არა, ექიმი ფორტიეს სპერმით დაორსულდა.
საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ, ვენდის დედამაც აღიარა, რომ მთელი ცხოვრება უკვირდა, როგორ არ ჰგავდა მისი შვილი მამას. მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ექიმი მისი ნდობით ასე ისარგებლებდა.
HBO-ს დოკუმენტურ ფილმში "Baby God" კუინსი ფორტიეს კანონიერმა ვაჟმა აღიარა, რომ მამის საქმიანობის გამო, შესაძლოა, მას არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ასობით და-ძმა ჰყავდეს.
ვენდი ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ პროტესტის გამო, სურს გარეგნობა შეიცვალოს, რომ ექიმ ფორტიეს ნაკლებად ჰგავდეს. თუმცა, მეორე მხრივ აღნიშნავს იმასაც, რომ ექიმი არ სძულს.
"არ შემიძლია, მძულდეს, რადგან მის გარეშე არ ვიარსებებდი.“ - ამბობს ქალი.
ამ ამბის შემდეგ გამოძიება გაგრძელდა... New York Post-ის მონაცემებით, ექიმი ფორტიე მთელი კარიერის განმავლობაში პაციენტების დასაორსულებლად საკუთარ სპერმას იყენებდა. კმაყოფილი პაციენტების რიცხვი იზრდებოდა და მისი ბიზნესიც განსაკუთრებით გაძლიერდა. როგორც ცნობილია, პირველი ქალი, რომელთანაც ექიმმა მოტყუებით საკუთარი სპერმა გამოიყენა, 1948 წელს დაორსულდა. მაშინ ფორტიეს საკუთარი კლინიკა არ ჰქონდა. ის ფაქტი, რომ ქალმა, სახელად, დოროთი, ვაჟი არა ქმრისგან, არამედ მკურნალი ექიმისაგან გააჩინა, 2017 წელს დადგინდა. სანამ სიტუაცია გაირკვეოდა, დოროთის შვილს სჯეროდა, რომ დედამ მამას უღალატა და იმიტომ არ ჰგავდა კაცს, რომელიც ბიოლოგიური მამა ეგონა...
ამ დროისათვის, დადასტურებულად 24 შემთხვევაა ნაპოვნი, როდესაც ქალებმა შვილები ექიმი ფორტიესაგან გააჩინეს. მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა, კუინსი ფორტიე-უმცროსმა მამის წინააღმდეგ სარჩელიც კი შეიტანა. მაშინ ექიმი 87 წლის იყო. ბიჭი მამას სექსუალურ ძალადობასა და შვილებზე ზეწოლაში ადანაშაუალებდა. თუმცა, სასამართლოზე მტკიცებულებები სრულად ვერ წარადგინა და ეს საქმეც გამოუძიებელი დარჩა.
"ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როცა ის კუბოში დავინახე. მაშინ მივხვდი, რომ უსაფრთხოდ ვიყავი." - განუცხადა ჟურნალისტებს კუინსი ფორტიე-უმცროსმა.
ცნობილია, რომ ვიდრე ეს ამბავი საჯარო გახდებოდა, იქამდე მრავალი წლით ადრე, 1996 წელს ექიმ ფორტიეს ერთმა პაციენტმა უჩივლა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. ქალი ამბობდა, რომ მან ქმრის ნაცვლად, საკუთარი სპერმით დააორსულა და შედეგად, 1994 და 1996 წლებში შვილები გააჩინა. მაშინ ეს საქმე შეთანხმებით დასრულდა და დეტალები აღარ გასაჯაროებულა.
სამწუხაროდ, მხოლოდ ექიმი ფორტიე არ არის, ვინც მსგავსი რამ გააკეთა. 2017 წელს რეპროდუქტოლოგის, დონალდ კლაინის ისტორიაც გახდა ცნობილი. ის ინდიანაპოლისის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში 1970-იანი წლებიდან 2009 წლამდე მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, რომ ექიმი პაციენტების განაყოფიერებაში საკუთარ სპერმას იყენებდა...
ექიმმა ამ შემთხვევაში დანაშაული აღიარა და თქვა, რომ სხვა ბიოლოგიური მასალა არ ჰქონდა და ქალების დახმარება სურდა. ექიმს კლაინს სულ მცირე 48 შვილი აღმოაჩნდა. მას შემდეგ, რაც ამბავი გასაჯაროვდა, ადამიანებმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში იპოვეს და ერთ დღესაც მის სახლთან უამრავი ვაჟი და ქალიშვილი გამოჩნდა...
კლაინის შემთხვევაში, მას დონორის ბანკიდან უნდა გამოეყენებინა სპერმა, თუმცა საკუთარს იყენებდა. მაგრამ ფორმალურად, ინდიანას შტატში იმდროინდელი მოქმედი კანონების მიხედვით, მას არაფერი დაურღვევია, რადგან ექიმებს დონორად ყოფნა არ ეკრძალებოდათ. ქალები ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი მათი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა და ექიმმა მოატყუა.
კლაინის 48 შვილიდან ექიმის წინააღმდეგ სარჩელი 4-მა ადამიანმა შეიტანა. მისი ასაკისა და დანაშაულის აღიარების გათვალისწინებით, ექიმი 500 დოლარით დაჯარიმდა და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მსგავსი საქმეები მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ხდებოდა. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიელმა რეპროდუქტოლოგმა იან კარბაატმა ქალების დაორსულების მიზნით, საკუთარი სპერმა გამოიყენა. ექიმი 1960-იან წლებში მუშაობდა და ამტკიცებდა, რომ დაახლოებით 6000 ქალს დედობაში დაეხმარა. ექიმმა კლინიკა 2009 წელს დახურა. ორი წლის შემდეგ კი ერთ-ერთმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ მისი ბიოლოგიური მამა სწორედ იან კარბაატი იყო...
ამ შემთხვევაშიც, დედებმა გამოძიება იმიტომ დაიწყეს, რომ მათი შვილები ბიოლოგიურ მამებს აბსოლუტურად არ ჰგავდნენ და დროთა განმავლობაში, კარბაატს განსაკუთრებით ემსგავსებოდნენ. ექიმი 2017 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დიდი გამოძიება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ექიმი კარბაატი სულ მცირე 49 ბავშვის ბიოლოგიური მამა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტმა ადამიანებს წარუშლელი ზიანი მიაყენა, ზოგიერთმა და-ძმამ ერთმანეთის პოვნის შემდეგ, კომუნიკაცია გააგრძელა და დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.