ონლაინრომანი "დაქირავებული დიასახლისი"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
IX ნაწილი (იხილეთ დასაწყისი)
ნასუფრალის ალაგება ნამდვილად არ იყო ადვილი საქმე, არც სასიამოვნო, სხვათა შორის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვერიკოს სძულდა ვანოს ყველა მეგობარი თუ ძმაკაცი. თითქოს ვანოსთან დაახლოებაში უშლიდნენ ხელს. შეგნებულად თუ შეუგნებლად - ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? “დღეს რომ არ მოთრეულიყვნენ, უფრო დავუახლოვდებოდი, უფრო უკეთ გამიცნობდა”, - სინანულით გადააქნია თავი. თუმცა ისინი რა შუაში არიან, ვანომ თვითონ არ დაპატიჟა?
შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, მამაკაცები რომ აიშალნენ. კარგა ხანს ეზოში იტრიალეს, ილაპარაკეს, იკამათეს, მერე ერთმანეთი კოცნეს და “ძმობის” გამომხატველი ფრაზები აფრქვიეს ერთმანეთში. ბოლოს რეზომ ორივე მანქანაში ჩასვა და წაიყვანა.
ვერიკომ, როგორც იქნა, შვებით ამოისუნთქა. ზღვის ფსკერგამოვლილი ადამიანი ჰაერს ხარბად რომ ჩაისუნთქავს, რაღაც მაგდაგვარი გამოუვიდა. აჰა, როგორც იქნა, ძლივს კვლავ მარტონი დარჩნენ, რაც ძალზე იშვიათობაა. მართალია, ვერიკოს არც არაფერს აძლევს ვანოსთან მარტო დარჩენა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა შენთვის ძვირფასი ადამიანის გვერდით რომ ხარ და მასთან საუბრის საშუალება გეძლევა. მარტო სექსი ხომ არ არის ყველაფერი.
ვერიკომ სტუმრები გაიგულა თუ არა, დრო იხელთა და სასადილო ოთახს მიაშურა. სანამ ვანო მობრუნდებოდა, მანამ მოითავა საქმე. ჭურჭელიც დარეცხა და ოთახიც გაანიავა. ბოლოს მტვერსასრუტითაც დაუარა. ვანო მაღლა ამოსვლას აგვიანებდა. ქალი კი მოუთმენლად ელოდა. არადა, საცაა, ყველაფერს მორჩება და მერე თავის ოთახში უნდა შებრუნდეს. იმას კი შეიძლება ვერიკოს არსებობა საერთოდ დაავიწყდეს და ისე აუაროს გვერდი მისი ოთახის კარს, არც მოაფიქრდეს მასთან შესვლა. ან კი როდის ერთხელ შეუვლია? ნასვამიც ბევრჯერ ყოფილა და მთვრალიც, მაგრამ ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია.
როცა მილაგებას მორჩა, ფანჯარა დახურა. თვალი ყოველი შემთხვევისთვის მოავლო ოთახს, არაფერი გამომრჩეს და ვანიკოსთან არ შევრცხვეო. ამ დროს მისი ფეხის ხმაც გაისმა. ვერიკო კვლავ დაფაცურდა. ახლა სკამებს დაუწყო ადგილის მიჩენა.
- რას აკეთებთ, ვერონიკა? - გაისმა “პატრონის” ხმა.
ვერიკომ ისეთი სახე მიიღო, თითქოს შეკრთა მისი “მოულოდნელი” გამოჩენით.
- ცოტა მივალაგე, - თქვა და შუბლზე ხელის ზურგი გადაისვა.
- რა იყო, შეგეშინდათ? - შეზარხოშებულ მამაკაცს თვალები უბრწყინავდა.
- არ გელოდით, - ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ქალმა.
შეამცივნა, მაგრამ ვერ მიხვდა - შიშისგან თუ სიცივისგან.
ვანო იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
- რაღაც მინდა გითხრათ... - ხმადაბლა დაიწყო ოჯახის უფროსმა.
ვერიკოს ამის გაგონებაზე კანკალი დააწყებინა.
- გისმენთ, - ძლივსგასაგონი ხმით წარმოთქვა.
- როგორ გგონიათ, ვერონიკა, მე კარგი კაცი ვარ? - თვალი მოჭუტა ვანომ და ცერად გახედა.
- ვინ გითხრათ, რომ ცუდი ხართ? - კითხვა შეუბრუნა.
- მე თქვენი შეხედულება მაინტერესებს.
- მგონი, არ უნდა იყოთ ცუდი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან მიმართებაში ასეა, - შეიშმუშნა ქალი.
- არა, მე სხვა რამეს ვგულისხმობ. თქვენ ვერ მიმიხვდით. აი, მაგალითად, ბიჭები სულ მიკიჟინებენ, რომ თქვენთან დამოკიდებულებაში სწორად არ ვიქცევი. თქვენც ასე მიგაჩნიათ?
- რას გულისხმობთ “დამოკიდებულებაში”?
- გგულისხმობთ თქვენ, როგორც ქალს და მე - როგორც მამაკაცს.
- არ მესმის, - თავი გაისულელა ვერიკომ და სახე აელანძა.
მთელი სხეული უცახცახებდა. “რაღაცა არ ამცდება”, - გულის განკალით გაიფიქრა.
- მთელი ამ ხნის განმავლობაში მე რომ თქვენ სხვანაირად მოგქცეოდით, რას იზამდით?
- სხვანაირად როგორ? - აცახცახებული ქალი საკუთარ ხმას ვერ ცნობდა.
- როგორ და… ნუთუ ასეთი მიამიტი ხართ? თუ მე მაჩვენებთ თავს ასეთად?
ქალმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. სახეზე სასოწარკვეთილება აღბეჭდოდა. ამჯობინა, თვითონაც დამჯდარიყო, თორემ შეიძლება წაქცეულიყო კიდეც. ძლივს გადადგა ნაბიჯი სკამისკენ. მძიმედ დაჯდა და მერეღა შეხედა ვანოს.
- მე რომ თქვენთვის თავიდანვე არშიყობა დამეწყო, როგორც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ლოგინში შემეტყუებინეთ, ანუ, როგორც პატიოსანი ადამიანები იტყვიან, “ბოროტად გამომეყენებინა თქვენი ნდობა”, რას მოიმოქმედებდით? სილას გამაწნავდით? შემაგინებდით? უშვერი სიტყვებით გამომლანძღავდით და აქაურობას დატოვებდით? თუ…
- ეგ რა სალაპარაკოა, - კოპები შეკრა განაწყენებულმა და ვანოს მზერა აარიდა.
- არა, არა, მართლა მაინტერესებს. იცით, რა მითხრეს ჩემმა მეგობრებმა? აი იმათ, ათი წუთის წინ რომ აქ იყვნენ. მაგ ქალის თვალში შენ კაცი აღარ ხარო. ვინ იცის, როგორ ელოდება შენგან ერთ თამამ ნაბიჯს, შენ კი “წესიერი” მამაკაცის როლს თამაშობო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეა?
- არა, ბატონო ვანო, ნამდვილად არ არის ასე. როგორ შეიძლება მსგავსი რამ იფიქრო ადამიანზე, რომელიც, სხვა თუ არაფერი, თქვენობით ელაპარაკება მოსამსახურეს. მე ხომ დაქირავებული ვარ, ვმსახურობ და ფულს ამაში მიხდით და არა… - აღარ გააგრძელა, თითქოს რაღაც მოაწვა ყელში, თითქოს რაღაც ახრჩობდა.
- და არა? - ვანომ დაკვირვებით შეხედა.
- და არა სხვა რამეში, - ოფლმა დაასხა ვერიკოს.
- სხვა რამეში რომ გადამეხადა? - მაინც მოუსინჯა ნიადაგი მამაკაცმა და პასუხის მოლოდინში დამუშტული ხელი ტუჩებთან მიიტანა.
- მაშინ აქ არ ვიქნებოდი… ეგ რომ მდომებოდა, ძიძად კი არ დავიწყებდი მუშაობას, ცირკის წინ დავდგებოდი და… - აიფოფორა ქალი.
ვანო მიხვდა, სიტუაცია რომ დაიძაბა. სასწრაფოდ მისი განმუხტვა იყო საჭირო.
- ნუ ბრაზობთ, ძალიან გთხოვთ. იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ რამეს ვითხოვ თქვენგან. უბრალოდ, მინდა გამართლება მოვუძებნო ჩემს, ასე ვთქვათ, “კეთილსინდისიერ” საქციელს და დავრწმუნდე იმაში, რომ ბიჭები ცდებიან. როცა პირველად მნახეთ, არ გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლებოდა ქალების მუსუსი ვყოფილიყავი?
- თქვენ ისე დაგახასიათეს იმთავითვე, აზრადაც არ მომსვლია მსგავსი რამ, - წყენა კვლავ იგრძნობოდა ვერიკოს ხმაში.
- თქვენ მაინც არ მიპასუხეთ. ასე რომ მოვქცეულიყავი, რას იზამდით?
ვერიკო დაფიქრდა. რა უპასუხოს? რომ უთხრას, გადავირეოდიო, შეიძლება ბოლო შანსი გაუშვას ხელიდან. არადა, რომ თქვას, ნელ-ნელა ალბათ, მაგასაც შევეჩვეოდიო, არ არის გამორიცხული, ახლავე დაეძგეროს. ბოლოს და ბოლოს, კაცია, ისიც ნასვამი.
- პასუხს ველოდები, - არ მოეშვა მამაკაცი.
- სცადეთ და ნახავთ, რა პასუხსაც მიიღებთ, - ოდნავ მუქარა გაურია ხმაში ქალმა და ფეხზე წამოდგა.
ახლა ყველაფრისთვის მზად იყო, თუმცა იცოდა, მაინცდამაინც “თავგანწირულ” წინააღმდეგობას არ გაუწევდა სასურველ მამაკაცს. ცოტა ხანს გაუძალიანდებოდა და მერე, როგორც ფილმებში ხდება ისე, თანდათან მოეშვებოდა, მოეშვებოდა და ბოლოს დანებდებოდა. რომ დაფიქრდეს, რას კარგავს? ან კი რა აზრი აქვს “თავის შენახვას”? ასე “თითდაუკარებელი” ხომ არ წავა ამ ქვეყნიდან? იქნება და საერთოდ ვერ თხოვდება? აუცილებელია სპეტაკ ქვრივად დარჩეს? არა, რომ დარჩეს, ამაში ცუდი თავისთავად არაფერია, მაგრამ… მამაკაცის სითბო და ალერსიც რომ მოენატრა? ჯერ ხომ ასეთი ახალგაზრდაა… მთელი ცხოვრება წინ აქვს.
ამასობაში ვანოც წამოდგა. ქალს მიუახლოვდა. ერთხანს დაჟინებით უცქერდა, მერე კიდევ გადადგა ერთი ნაბიჯი. ვერიკომ უკან დაიხია. სუნთქვაშეკრულმა ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.
- იცით, ახლა მე რას ვიზამ? წავალ და ჩემს თამთუკას მოვინახულებ, - თქვა და სწრაფად გატრიალდა.
თავზარდაცემული ვერიკო კარგა ხანს იდგა ასე, გახევებული.
31 დეკემბერიც გათენდა. ვერიკო დილიდან შეუდგა სამზადისს. ვანოს მითითებით სარდაფიდან ნაძვის ხე და სათამაშოები ამოიტანა და მორთვას შეუდგა. თუმცა უხალისოდ აკეთებდა ამ საქმეს. ჯერ ერთი, რომ თამარი ენატრებოდა, მეორეც - ვანოს გუშინწინდელმა საქციელმა გააოგნა. ამგვარი საუბრის შემდეგ რას იფიქრებდა, კაცი მასთან სიახლოვეს რომ არ მოინდომებდა და ბოლო წამებში გადაიფიქრებდა მის მოფერებას. არადა, ყველაფერი ხომ “იქითკენ” მიდიოდა? ვერიკო ღრმად იყო ამაში დარწმუნებული. მისმა სიტყვებმა ხომ არ შეაცვლევინა აზრი? ქუჩის ქალივით ხომ არ გამოუვიდა ნათქვამი? არა, ეგ არ იქნებოდა მიზეზი. ვერიკოს მტკიცედ სჯეროდა იმის, რომ “აბა სცადეთ” ვანოს უკან არ დაახევინებდა. მაშ რა მოხდა? ქალს ამის ახსნა ვერ მოეძებნა.
იმდენად უგუნებოდ იყო, სადილიც კი არ მოუმზადებია. არადა, სავსე იყო მაცივარი პროდუქტით. ხილისთვისაც კი არ უხლია ხელი, რომ გაერეცხა. მოსაღამოვდა თუ არა, ეგრევე ლოგინში შეწვა. ტელევიზორის ყურების ხასიათზეც არ იყო. როდის-როდის ჩაეძინა…
თენდებოდა, ვანო რომ დაბრუნდა. “მობრძანდა ვაჟბატონი, ალბათ კარგად იქეიფა”, - გაიფიქრა გაბრაზებულმა და ჩვეულებისამებრ დაიწყო მამაკაცის ნაბიჯების დათვლა. ითვლიდა მანამ, სანამ ვანოს საძინებლის კარი არ გაჯახუნდა. გაუკრთა ძილი. “ახალი წელი მაინც მოელოცა”, - გულდაწყვეტით გაივლო გულში. მოულოდნელად მობილური აწრიპინდა. ვანო მესიჯს უგზავნიდა. “მოდი ჩემთან”, - წაიკითხა ქალმა და იგრძნო, როგორ გაფითრდა.
რა ქნას? ასე პერანგისამარა შევიდეს, თუ ჩაიცვას და ისე? გააჩნია, რისთვის უხმობს “პატრონი”. როგორ უნდა გაიგოს მისი მესიჯის “მოკლე შინაარსი” - როგორც ოჯახის უფროსის მოთხოვნა, თუ როგორც “მადაზე მოსული” მამაკაცის თხოვნა? რა ბატისტვინაა! როდის იყო, ოჯახის უფროსები ასეთი სიტყვებით უხმობდნენ შინამოსამსახურეებს საქმის გასაკეთებლად. ადვილი მისახვედრია, ვანოს რაც აქვს ჩაფიქრებული. იცის ვერიკომ, ასეთი რამეები არ გამოეპარება, მაგრამ როგორ მოიქცეს? წავიდეს თუ არ წავიდეს? ხომ შეიძლებოდა ახლა შუა ძილში ყოფილიყო და ვერც გაეგო მობილურის წრიპინი? მძინარეს თავზე ხომ არ წამოადგებოდა! მაგრამ რამე აუცილებელი საქმე არ ჰქონდეს! მაინც რა? თანაც, ამ შუაღამეს? ან კი საიდან იცის, ვერიკოს რომ არ სძინავს? ვითომ რატომ არ უნდა ეძინოს? სუფრა არ გაუშლია, ჭიქა არავისთვის მიუჭახუნებია და არც ფეიერვერკების ცქერით დამტკბარა, ასტეროიდებივით რომ “დაბომბა” თბილისი რამდენიმე საათის წინ. ჰოდა ეგრე, მარტო მყოფს მოეწყინა, წამოწვა და დაეძინა. ასე არ არის? არა, არა. ვანოს უყურადღებოდ ვერ დატოვებს - რას იფიქრებს ის კაცი! თავში აუვარდა “კაი ცხოვრებაო”, არ იტყვის? ვერიკო ამას არ დაუშვებს. მიხვდა, რომ ერთადერთი გამოსავალი ვანოსთან შესვლა იყო. იმიტომ, რომ…
იმიტომ, რომ ვერიკოს ასე სურდა. უნდოდა, სულით ხორცამდე უნდოდა მამაკაცის სიახლოვე, მით უმეტეს - მისთვის საყვარელი მამაკაცის. დაიღალა ყოველღამე ერთი და იმავე ოცნებით - როგორ ჩაიწვენს ვანიკო ლოგინში, როგორ გააშიშვლებს ერთ წამში, როგორ მოხვევს ძლიერ მკლავებს და კოცნით დაახრჩობს… აჰა, ეს წუთიც დადგა. მისთვის სულერთია, რას იტყვიან სხვები. შეიძლება ვერც ვერავინ გაიგოს. თვითონ ხომ არ გასცემს საკუთარ თავს? ან ვანოს რაში აწყობს ასეთი რამის “გახმოვანება”? ასე რომ… მაგრამ, მოიცა!.. სად გაქრა პატიოსანი ქვრივის თავმოყვარეობა? რა დაემართა ამ ქალს, რამ გადარია ასე? ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ ნიღაბი იყო და სხვა არაფერი?..
ვერიკო დაიტანჯა, დრო კი არ იცდიდა. მეტის დაგვიანება არ შეიძლებოდა. ან ახლავე უნდა შესულიყო, ან თავი მოემძინარებინა. დაყოვნება აღარ გამოდიოდა. ვანო მიუხვდებოდა ყოყმანის მიზეზს და ამით თავს საბოლოოდ გასცემდა. სასწრაფოდ ჩაიცვა. ასე აჯობებდა. თუ რამეა, გახდას ყოველთვის მოასწრებს… იქნებ ისე არ არის საქმე, როგორც თვითონ იმედოვნებს…
ფეხის წვერებზე გაემართა ვანოს საძინებლისკენ. დააკაკუნა. ხმა არავინ გასცა. სახელური ოდნავ დასწია, კარი ნელა შეაღო და თვალებგაფაციცებულმა შეიხედა ოთახში. ვანოს მხოლოდ ბრა ენთო. ლოგინში შეწოლილიყო, მარტო სახე უჩანდა. ვერიკოს გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.
- შეიძლება? - ხმის კანკალით იკითხა.
- ვინც არ უნდა იყო მანდ… - ღიმილით თქვა მამაკაცმა და ოდნავ წამოიწია.
ვერიკოს ახლაღა გაახსენდა, რომ კანფეტი მაინც უნდა ჰქონოდა თან, რათა პირველივე “შემხვედრისთვის” ახალი წელი მიელოცა. ეს კი თავში აზრადაც არ მოსვლია.
- მიშველეთ, ვერონიკა, მგონი ვიწვი, - გააგრძელა მამაკაცმა.
ვერიკომ ცოტა თამამად გადადგა ნაბიჯი და ვანოს მიუახლოვდა. “პატრონი” კარგა შემთვრალი ჩანდა. თვალები უელავდა, ლოყები შესწითლებოდა.
- გილოცავთ ახალ წელს, - თითქმის ჩურჩულით გამოუვიდა ვერიკოს.
- მეც, - თავი დაუქნია ვანომ, - არ უნდა მაკოცოთ?
ქალს გააჟრჟოლა. უხერხულად შეიშმუშნა და საწოლისკენ დაიხარა. ვანომ კვლავ წამოიწია, მერე მოულოდნელად ხელი მოხვია ქალს და მკერდზე მიიხუტა. ტუჩებით მის მოშიშვლებულ ყელს შეეხო.
ვერიკო არ განძრეულა. ვანომ საოცრად ნაზად აკოცა. ზედმეტად ცხელი მოეჩვენა ქალს მამაკაცის ტუჩები. გაწითლდა. ვანომ ხელი შეუშვა. ქალი წელში გასწორდა.
- სიცხემ ამიწია. ასე მგონია, შიგნით ყველაფერი მეწვის, - ვანოს სუნთქვა გახშირებოდა.
ვერიკო შეკრთა. ამას არ ელოდა. აი, თურმე რატომ აქვს ასეთი ცხელი ტუჩები და ასეთი წითელი ლოყები, რატომ უბრწყინავს თვალები. აშკარად მაღალი სიცხე აქვს.
- ტემპერატურა გაიზომეთ? - შეშფოთებულმა იკითხა.
- არა, აბა საიდან? - ხელები გაშალა მამაკაცმა.
- ახლავე მოვიტან თერმომეტრს, - გატრიალდა, რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, მიხვდა, მუხლები ეკეცებოდა. კარი მიიხურა და კედელს მიეყრდნო. შვებით ამოისუნთქა. ახლა ცოტა დაწყნარდება. როგორ აკოცა?! რა კარგი იყო, ეგემრიელა! რაღა ახლა გახდა ავად. ბედი არ უნდა? ამოიოხრა. მერე უცებ გაახსენდა, რისთვისაც გამოიქცა ოთახიდან და თერმომეტრის მოსაძებნად გაეშურა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ვერიკო უკვე ვანოს საწოლთან ტრიალებდა. ჯერ სიცხე გაუზომა ოჯახის უფროსს. ტემპერატურა ოცდაცხრამეტს ასცდენოდა. მერე ძმარში გარეული წყლით კარგად დაზილა პატრონი და შუბლზეც ძმრიანი ტილო მზრუნველად დაადო. როგორ ესიამოვნა ეს პროცედურა. წამლები არ ჰქონდა. ან კი სად უნდა ეშოვა ამ შუაღამეს. “ახია შენზე, მოგიხდება! ვერ დაეტიე შინ?” - გულში ისე უჯავრდებოდა საყვარელ მამაკაცს, როგორც ცოლი - ქმარს.
- რამდენი წელია, ასე არავინ შეწუხებულა ჩემი გულისთვის, - გაიღიმა ვანომ და მკლავზე შეეხო, - გმადლობთ, არ დავივიწყებ.
- რას ამბობთ, მეტი რა მევალება, - მორიდებით ჩაილაპარაკა ქალმა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
მაჯა გაუსინჯა ავადმყოფს. პულსი აჩქარებული ჰქონდა. “რა სუსტები არიან ეს კაცები”, - გაიფიქრა.
- ცხოვრებაში სიცხე არ მქონია. არ ვიცი, რა დამეტაკა, - თითქოს თავი იმართლა პატრონმა, - როგორი ცუდი შეგრძნება ყოფილა.
- ახლა წავალ და ჩაის მოგიდუღებთ, იქნებ ოფლი მოიდინოთ. წამალი არანაირი არა გვაქვს, - თქვა ქალმა და წამოდგა.
- არ იქნებოდა ურიგო, - დაეთანხმა ვანო და თვალები მილულა, - ოღონდ მალე მოდით, არ მალოდინოთ. ლოდინს ვერ ვიტან.
“ერთი ამას დამიხედეთ! ლოდინს ვერ იტანს! მე რომ საათობით გელოდები, კარგია?” - ერთი გემრიელად “დაუცაცხანა” გულში და სამზარეულოსაკენ გასწია…
ვერიკოს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ვანომ გამთენიისას ძლივს ჩათვლიმა. ძილში ბორგავდა. ქალი გვერდიდან არ მოშორებია. ცხელმა ჩაიმ უშველა ავადმყოფს. ოფლი მოადინა, ტემპერატურამაც დაუკლო ნელ-ნელა და დილით უკვე ოცდაჩვიდმეტამდე დავიდა.
კარგად რომ ინათა, აფთიაქში გაიქცა წამლებისთვის. მერე საუზმე მოუმზადა ვანოს, მაგრამ მან პირი არაფერს დააკარა. ვერიკომ კომპოტი მოუხარშა, წარამარა ასმევდა თბილ წვენს.
დაახლოებით თორმეტი საათი იქნებოდა, ბიჭებმა რომ დაურეკეს. საქეიფოდ ეპატიჟებოდნენ. ვანოს ქეიფისა და დალევის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. მალე სიდედრსაც გაახსენდა სიძე. ახლა იმან მოიკითხა და მიიპატიჟა. როცა გაიგო, ვანო სიცხიანი იწვა, ახლავე გამოვალო, შეჰპირდა. სიძემ იუარა, მომვლელი მყავს, ექიმსაც გამოვუძახე და თქვენი შეწუხება საჭირო არ არისო. ძლივს გადააფიქრებინა. მერე ბავშვი მოიკითხა, დაელაპარაკა. თამთა კარგა ხანს ეტიტინებოდა მამას. ცოტა ხანში ვანომ ვერიკოს გადააწოდა ყურმილი. ქალს ცრემლები მოერია. თამთასთან საუბარმა ორივეს ხასიათი გაუფუჭა. საკუთარ ფიქრებში ჩაიძირნენ. ვანო თამთაზე ფიქრობდა, ვერიკო - თამთასა და ვანოზე…
დრო სწრაფად გარბოდა. ვანო ერთ კვირაში გამოკეთდა. თამთა იანვრის თხუთმეტამდე არ გამოუშვეს ბებიამ და დეიდამ. არც მამის სანახავად მოუყვანიათ, გრიპი არ გადაედოსო. არც თვითონ შეუწუხებიათ თავი, ხანდახან თუ დაურეკავდნენ მოკითხვის მიზნით. სამაგიეროდ, ძმაკაცებს არ ავიწყდებოდათ. თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ. საათობით ისხდნენ, საუბრობდნენ, კამათობდნენ და ათასნაირ კურიოზულ შემთხვევას იხსენებდნენ. ყველაზე იშვიათად სანდრო მოდიოდა. ერთ დღეს ვანოს წამოსცდა, გაზაფხულზე ცოლს ირთავს და სამზადისშიაო.
- სანდრო თქვენი ბავშვობის მეგობარია? - დაინტერესდა ვერიკო.
- ჰო, კლასელები ვართ. თითქმის ერთადერთი კლასელია, რომელიც შემომრჩა. დანარჩენები მიმოიფანტნენ. ზოგი რუსეთშია, ზოგიც - უცხოეთში. ბევრის ასავალ-დასავალი არც ვიცი, სიმართლე რომ ვთქვა.
- რატომ?
- აბა, რა ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ მე სკოლა ქუთაისში დავამთავრე და დიდი ხანია, იქიდან წამოსული ვარ. ჩემი დედ-მამა ქუთაისელები არიან.
- მშობლები ცოცხლები გყავთ? - შერცხვა ვერიკოს, მაგრამ მაინც იკითხა.
- კი, კაცო, იქ ცხოვრობენ. საკაიფო სახლი გვაქვს. მამაჩემი თავის დროზე ქარხნის დირექტორი იყო. ახლა არც ქარხანაა და არც არაფერი, - ხელი ჩაიქნია ვანომ.
ვერიკოს უნდოდა ეკითხა, რომელი ქარხნისო, მაგრამ თავი შეიკავა. არ უნდოდა ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამოეჩინა.
…რამდენიმე დღეში თამთაც დაბრუნდა და ცხოვრება ჩვეული რიტმით გაგრძელდა. ვანოს ერთი-ორჯერ კიდევ მოუწია “იდუმალ მივლინებაში” წასვლამ. ახლა უკვე იმედიანად იყო. ბავშვი ისე კარგად გრძნობდა თავს ვერიკოსთან, შიში აღარაფრის ჰქონდა. ხანდახან მთელი კვირა ისე დაიკარგებოდა, გულდამშვიდებულს დარეკვაც ავიწყდებოდა, ოჯახის წევრები რომ მოეკითხა. ვერიკოც მიეჩვია ამგვარ ყოფას. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ვანო მასთან სერიოზული ურთიერთობის გაბმას არ აპირებდა, თუმცა არც “არასერიოზულს” უჩანდა უკეთესი პირი. როგორც ჩანს, შინამოსამსახურეები და ძიძები მის გემოვნებაში არ ჯდებოდა არც ცოლად და არც საყვარლად. ამის იმედი უკვე აღარ უნდა ჰქონოდა.
ამასობაში მარტი დაიწყო. ქალაქში დათბა, სუსხმაც იკლო. ასეთი თბილი გაზაფხული, კარგა ხანია, არ ყოფილა თბილისში. ვერიკოს ცხოვრება ჩვეული დინებით მიდიოდა და ალბათ, ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი უჩვეულო შემთხვევა.