ამ დღეებში სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გორაობენ ტალახში საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დანიის ერთ-ერთ ქალაქშუ და რა ბედნიერები არიან ამ თამაშით.
ვიდეოს არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ზოგმა მოიწონა, ზოგი ფიქრობდა, რომ გარემო საბავშვო ბაღის ტერიტორიას არ ჰგავდა, ზოგმა კი გადაჭარბებულად მიიჩნია ტალახში ბავშვის ამოვლება.
გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
მობილური საბავშვო ბაღები ძირითადად კერძო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი თემების მიერაა ორგანიზებული. მათ ე.წ. ტყის საბავშვო ბაღებს უწოდებენ და ისინი 3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
ბავშვები მშობლებს შეკრების ადგილამდე მიჰყავთ, იქედან კი აღმზრდელების თანხლებით ბავშვები ტყეში მიდიან. ტრანსპორტი და კვება, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილია.
აქ ბავშვები მთელ დღეს სუფთა ჰაერზე ატარებენ, თამაშობენ, დარბიან და ერთობიან. მთელი დღე გარეთ არიან მიუხედავად იმისა, როგორი ამინდია.
სხვათა შორის, დანიელებს მიაჩნიათ, რომ ამინდი არ შეიძლება იყოს ცუდი - მხოლოდ ტანსაცმელია ზოგჯერ შეუსაბამო. ამიტომ ტყის ბაღის აღსაზრდელებს, რა თქმა უნდა, საწვიმრითა და რეზინის ჩექმებით უზრუნველყოფენ. ბავშვების გაჭუჭყიანება და ტალახში ამოსვრა არაფერია იმ სარგებელთან შედარებით, რასაც ეს ბავშვები იღებენ - ასეთია მშობლების აზრიც და ამიტომ, დანიაში ვერ იპოვით ბავშვს, რომელიც ტალახში გორაობის გამო დასაჯეს.
თამაშები, აქტივობები და გართობა მთლიანად ბუნებრივ გარემოსაა მორგებული. სათამაშოდ გამოიყენება ფოთლები, ფრინველის ბუმბული, ქვები, თიხა და ქვიშა, ჩხირები და ქერქის ნაჭრები, ფიჭვის გირჩები და ა.შ.
საღამოს დანიშნულ საათზე ბავშვებს ისევ აბრუნებენ იქ, საიდანაც დილით წაიყვანეს. ბავშვები, რომლებიც ასეთ საბავშვო ბაღებში დადიან, პრაქტიკულად არ ავადობენ.
სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, დანიის მთავრობა მკაცრად იცავს პრინციპს: „საბავშვო ბაღში ადგილი ყველა ბავშვისთვის მოიძებნება“. ანუ საბავშვო ბაღი აქ ყველასთვის ხელმისაწვდომია და მიღება 6 თვის ასაკიდან არის შესაძლებელი. სხვათა შორის, ბაღში თითქმის იმდენივე მამაკაცი აღმზრდელია, რამდენიც ქალი.
საბავშვო ბაღები არდადეგების გარეშე ფუნქციონირებს, მხოლოდ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ისვენებენ. დანარჩენი დრო დილის 7 საათიდან 17-18 საათამდე მუშაობენ. ბაგაში, რომელიც 6 თვიდან 3 წლამდე ბავშვებს ემსახურება, ყოველ ზრდასრულზე 4 ბავშვი მოდის, მოზრდილ ჯგუფებში - უფრო მეტი.
საბავშვო ბაღში ბავშვის ტარების ღირებულება ძვირია, მაგრამ მოიცავს ყველაფერს, ცირკში წაყვანიდან დაწყებული, საბავშვო წვეულებების მოწყობით დამთავრებული. ბაგა თვეში დაახლოებით 1500 ევრო ღირს, საბავშვო ბაღი კი - 900, ამ თანხების უმეტესობას ადგილობრივი ხელისუფლება იხდის (თუ სახელმწიფო საბავშვო ბაღზეა საუბარი, რა თქმა უნდა).
თუ ოჯახს უჭირს გადახდა, შეუძლია დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართოს და 50%-მდე ფასდაკლება მიიღოს.
დაბადებიდან დანიელ პატარებს ასწავლიან, რომ თავიანთი უფლებების ხელშეუხებლობაზეც იფიქრონ და ამავდროულად გარკვეული წესებიც აუცილებლად დაიცვან, რომლებიც ყველასთვის სავალდებულოა.
პედაგოგები აქ პირველ ადგილზე ბავშვებს შორის ნდობას და ურთიერთობის ჩამოყალიბებას აყენებენ.
დანიის საბავშვო ბაღებში ყველა ჯგუფში სხვადასხვა ასაკის ბავშვია (გამონალისია ბაგა, რომელიც ცალკე ფუნქციონირებს). სიტუაცია ბევრ რამეში მონტესორის საბავშვო ბაღებს მოგვაგონებს: უფროსი ბავშვები უმცროსებს მფარველობენ, მხარს უჭერენ მათ და აგვარებენ მათ „პატარა“ კონფლიქტებსაც კი.
ბავშვის აზრს, ზოგადად, დაბადებიდან ითვალისწინებენ, რაც მას თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას უნერგავს. ალბათ, ამის წყალობით, დანიის საზოგადოება ყველაზე გაწონასწორებულ ევროპულ ერადაა აღიარებული.
ბაღში დრო ძირითადად მასაწვლებელსა და ხალიჩაზე მსხდომ ბავშვებს შორის საუბარში გადის. დღე ტრადიციულად სიმღერით იწყება. ზოგადად, აქ საკმაოდ ბევრს მღერიან - ლექსების სწავლა აქ გავრცელებული პრაქტიკა არ არის, უპირატესობა სიმღერებს ენიჭება.
ბავშვებს თავიდანვე ასწავლიან დამოუკიდებლობას. აქ საბავშვო ბაღის მთავარი ამოცანა არა სასკოლოდ მომზადება, არამედ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის, სოციალური ადაპტაციისთვის მომზადებაა. მათ ასწავლიან გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას და საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენაში ეხმარებიან მაშინაც კი, თუ იდეა თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის და ეს მასწავლებლისთვის აშკარაა. მაგალითად, გასეირნებისას მასწავლებელს შეუძლია ბავშვებს ნება დართოს, რომ შიშველი ფეხები ყინულით დაფარულ აუზში ჩაყონ, თუ ასეთი აზრი ბავშვს თავში მოუვა.
კვება ყველა საბავშვო ბაღში არ არის უზრუნველყოფილი - ხშირად მშობლები თავად ატანენ საკვებს.
ბაგაში პატარებს ეტლებით სძინავთ სუფთა ჰაერზე, უფროსი ბავშვები კი შუადღისას სასეირნოდ მიდიან. მშობლების მოთხოვნით მხოლოდ ზოგიერთ მათგანს აძინებენ და ამისთვის სპეციალური ლეიბებია გამოყენებული. ზოგიერთ ბაღში არის საწოლებიანი ოთახები, სადაც ყველა ბავშვს შეუძლია დაწოლა და დაისვენება, თუ ამის სურვილი გაუჩნდება. დაძინება სავალდებულო არ არის.
ვინაიდან დანიის საბავშვო ბაღებში ბავშვებთან მუშაობა ორიენტირებულია არა სწავლაზე, არამედ ბავშვის პიროვნების განვითარებაზე, სკოლაში შესული ბავშვების უმრავლესობას არც წერა შეუძლია და არც ანგარიში, ვერც ასოებს ცნობენ. თუმცა ამაზე არავინ ღელავს - დრო მოვა და სკოლაში ყველაფერს ისწავლის.