ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს იმ პროდუქტზე, რომლის ჭარბი რაოდენობით გამოყენება მამაკაცებისთვის რეკომენდებული არ არის.
"მცენარეული პროდუქტებიდან, სოიო არის ზუსტად ის პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტ ისეთ ამინომჟავას შეიცავს, რომლებიც ჩვენი ცილის ასაშენებლად საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანია მარხვის დროს. თუმცა სოიოსთან მამაკაცები ფრთხილად უნდა იყვნენ. მათთვის სოიოს ყოველდღიურად და დიდი რაოდენობით გამოყენება არ შეიძლება, რეკომენდებული არ არის, ვინაიდან, მას ქალის სასქესო ჰორმონების მსგავსი მოქმედება აქვს. მისი ხანგრძლივი და ყოველდღიური გამოყენება მამაკაცებში შესაძლოა, რეპროდუქციული სისტემის გაუარესებასთან, ერექციულ დისფუნქციასთან იყოს დაკავშირებული. ამიტომაც, ეს პროდუქტი ყოველდღიური და ხანგრძლივი გამოყენებისთვის უფრო ქალებშია მოწოდებული. მამაკაცებმა ზომიერად უნდა მიირთვან." - ამბობს ექიმი.
რაც შეეხება სოიოს გამოყენებას, შეიძლება მას ბევრი არ ყიდულობს და ოჯახში არ ამზადებს მისგან კერძებს, თუმცა გაითვალისწინეთ, სოიო ძალიან ხშირად შედის ხორციან ნახევარფაბრიკატებში: ხინკალში, ქაბაბში, კატლეტებში, ტოლმაში და ა.შ. თუ გაყინულ ნახევარფაბრიკატებს სისტემატურად მიირთმევთ, შეიძლება ყიდულობთ ხორცის გულსართით, მაგრამ ის ხშირად სოიონარევია. იგივე ითქმის ძეხვეულზე, სამარხვო პროდუქტებზე. ამიტომ კარგად დააკვირდით პროდუქტების შემადგენლობას. ის, რომ სოიოს არ ყიდულობთ, არ ნიშნავს, რომ მას არ მიირთმევთ.