რა შემთხვევაში არ მოგცემენ ოფიციალურად დაქორწინების უფლებას და რა ვადებში შეგიძლიათ, მიიღოთ განქორწინების მოწმობა - დეტალები და ფასები - მშობლები

რა შემთხვევაში არ მოგცემენ ოფიციალურად დაქორწინების უფლებას და რა ვადებში შეგიძლიათ, მიიღოთ განქორწინების მოწმობა - დეტალები და ფასები

2024-03-25 13:35:39+04:00

საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია 18 წლის ასაკიდანაა დასაშვები. ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია ქორწინების სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და იუსტიციის სახლის ფილიალში განხორციელდეს. ქორწინების რეგისტრაციისათვის დაქორწინების მსურველ პირთა საქორწინო ასაკი და თანხმობა აუცილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ.

ქორწინების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით.

ქორწინების რეგისტრაცია არ დაიშვება წარმომადგენლის მეშვეობით.

ქორწინების რეგისტრაცია არ დაიშვება:

  • იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე;
  • პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;
  • ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
  • მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
  • იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია .

ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები

  • დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება
  • დასაქორწინებელ პირთა/მოწმეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • თუ დაქორწინების მსურველი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში, წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი
  • თუ განცხადებას წარადგენს დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი –წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თუ ქორწინების რეგისტრაციის მსურველი პირი/მოწმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტი (გარდა საიდენტიფიკაციო დოკუმენტისა) წარდგენილი უნდა იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანით,

უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში ქორწინების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი საბუთი.

ქორწინების რეგისტრაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და იუსტიციის სახლის ფილიალში, სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე, არის უფასო;

განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ფილიალს მიმართოთ.

განქორწინების რეგისტრაცია

ერთ–ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე თუ:

  • ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
  • ბ) მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო – უკვლოდ დაკარგულად;
  • გ) მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.

მეუღლეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციისთვის წარსადგენი საბუთები:

  • მეუღლეთა ერთობლივი წერილობითი განცხადება
  • ორივე მეუღლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ქორწინების მოწმობა

მინდობილი პირის მეშვეობით განქორწინების რეგისტრაციისთვის დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • მინდობილობა (დამოწმებული სათანადო წესით)
  • მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.)

განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე.

განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური წარმოადგენს 60 ლარს.

ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გაეცნოთ:

დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოთ ნომერზე: 32 2 40 10 10