ყბის ტკაცუნი და ყურის ტკივილი შესაძლოა, მნიშვნელოვან პრობლემაზე მიგანიშნებდეთ, სველი თმით ქარიან ამინდში სიარული კი ამ პრობლემას გაამწვავებს - სპეციალისტი აქტუალურ თემაზე საუბრობს - მშობლები

ყბის ტკაცუნი და ყურის ტკივილი შესაძლოა, მნიშვნელოვან პრობლემაზე მიგანიშნებდეთ, სველი თმით ქარიან ამინდში სიარული კი ამ პრობლემას გაამწვავებს - სპეციალისტი აქტუალურ თემაზე საუბრობს

2024-03-26 13:15:14+04:00

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გადაცემაში ვანო საფარიშვილი გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს, რა იწვევს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემას და რა ნიშნებით ვლინდება ის ადამიანებში:

- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სახსარია. ის, დღის განმავლობაში, 2000-მდე მოძრაობას ასრულებს. ეს არის ღეჭვა, მეტყველება, მთქნარება და სხვა. სტატისტიკურად, საფეთქელ-ქვედა ყბის პრობლემა, საზოგადოების 25%-დან 65%-მდე აწუხებს. აქედან, 16%-დან 30%-მდე ახალგაზრდაა. მათი ასაკი 20-დან 35 წლამდე მერყეობს. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ძვლოვანი და ხრტილოვანი სტრუქტურებისაგან, ასევე, მყესებისა და კუნთებისაგან შედგება. ძვლოვანი სტრუქტურა, რომელიც ქვედა ყბის გაგრძელებაა, სასახსრე ფოსოშია მოთავსებული. ძვლები ერთმანეთთან კუნთებითა და მყესებითაა დაკავშირებული. როკისებრი მორჩის სასახსრე თავსა და სასახსრე ფოსოს შორის სასახსრე დისკოა მოთავსებული. დისკოს ფუნქციაა, ქვედა ყბის მოძრაობას ხელი შეუწყოს და ისრიალოს. თუმცა, ზოგჯერ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს და პრობლემა იქმნება.

პირველი, რაც გამოხატულია, პაციენტს ყურის მიდამოში ტკივილები ეწყება. უფრო ხშირად ჩვენთან გოგონები მოდიან, რადგან სველი თავით გარეთ, ქარში გადიან. სასახსრე ჩანთაში არსებულ სითხეს გადაციება არ უყვარს. ყველა სახსარს თავისი სინოვიალური სითხე აქვს. ასევეა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარის შემთხვევაშიც. როგორც აღვნიშნეთ, არსებობს დისკო. დისკოსთან როკისებურმა მორჩმა ხახუნი რომ შეამციროს, ზუსტად ეს სითხე განაპირობებს. მწვავე ვირუსმა შესაძლოა, სინოვიალური სითხის ანთება გამოიწვიოს. სინოვიალური სითხის ანთების დროს სითხე სქელდება და უფრო ბლანტი ხდება. სასახსრე ჩანთაში არსებული ხრტილი ტლანქად მუშაობს და ტკივილი იწყება. პრობლემას შესაძლოა, ვირუსული ართროზები და ართრიტები იწვევდეს. ასევე ნაწილობრივი, ან სრული ადენტიები, ანუ პირის ღრუში კბილები არ არსებობს, ან ნაწილობრივაა. ასეთ დროს, პირის ღრუში ღეჭვის წნევა არათანაბარია, რომელიმე სახსარზე მოდის დატვირთვა და იცვითება. პაციენტის ტკივილს სხვა ჩივილი ემატება და ე.წ. ტკაცუნი ეწყება. ზოგჯერ მოდიან და მეუბნებიან: "როდესაც ვმეტყველებ, საღეჭ რეზინს ვღეჭავ, ვიკვებები, ყურში შრიალის, ტკაცუნის ხმა მესმის. იმდენად ხმაურიანია, რომ სტუმრად როცა ვარ, ჩემ გვერდზე მჯდომი წუხდება და მერიდება." ეს უკვე ძალიან შორს წასული პროცესებია. მყოლია პაციენტები, რომლებიც პირს ვეღარ აღებდნენ.

მაპროვოცირებელ ფაქტორებს კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ, ესენია: სველი თმა, კონდიციონერთან სველი, გაოფლილი სახით ყოფნა. ასევე, ხშირად, როდესაც საქარე მინა ჩაწეულია, რომელ მხარესაც მძღოლი ზის, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ ის მხარე დაზიანდეს. ასევე, მაპროვოცირებელი შეიძლება, ბავშვობის ასაკში არასწორი თანკბილვა გახდეს. ამ პრობლემებმა ძალიან მოიმატა. თუ მშობელი დროულად ვერ ატყობს, რომ ბავშვს სწორი თანკბილვა არ აქვს, შესაძლოა, აღნიშნული პათოლოგია გამოიწვიოს. სახსარი არასწორად, დატვირთვით მოძრაობს და ცვდება. ცვეთასთან ერთად, ტკივილი, ხმაურია გამოხატული, პირის გაღება შეზღუდულია, პაციენტს თავის, თვალ-ბუდის, ყურის, ნახევარი სახის ტკივილი აქვს. თუმცა, ეს ტკივილი დუნეა.