"ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა... ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით და ვარჯიშზე მიდიოდა..." - ემოციური ამბავი ნიკა კვეკვესკირზე - მშობლები

"ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა... ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით და ვარჯიშზე მიდიოდა..." - ემოციური ამბავი ნიკა კვეკვესკირზე

2024-03-27 13:37:44+04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა. ისტორიულ გამარჯვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გულშემატკივრები გუშინდელი დღიდან აღნიშნავენ და ერთმანეთს ულოცავენ. თამაშის გადამწყვეტი პენალტი ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა და ნაკრემს გამარჯვება მოუტანა.

როგორც ცნობილია, ნიკა კვეკვესკირი აფხაზეთიდანაა დევნილი. მის შესახებ კი სოციალურ ქსელში ნანა ცქვიტარია ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"გამარჯვების გოლის ავტორზე, ნიკა კვეკვესკირზე, მინდა ვთქვა რაღაც.

გალიდანაა.

ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით.

მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო.

90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა.

კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ 1 კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ.

კიდევ მახსოვს, ერთხელ, მარშრუტკის მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს მარშრუტკაში ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.

მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის." - წერს ნანა ცქვიტარია.

ურეკში საფეხბურთო შეკრება გვქონდა და უსახსრობის გამო ვერ მივდიოდი. ბევრი ვიტირე, გამოვიგლოვე, რომ ვერ წავიდოდი... მთელი გუნდი ჩემთან მოვიდა და მითხრეს, რომ ჩემ გარეშე არ წავიდოდნენ - ნიკა კვეკვესკირი ემოციურ ამბავს იხსენებს

ემოციური შეხვედრა დედასთან გამარჯვების შემდეგ და გოგონა, რომელსაც ხელი სთხოვა - გიორგი მამარდაშვილი სტადიონს მიღმა
როცა ფეხბურთი აერთიანებს... - ცნობილების სახალისო ფოტოები სტადიონიდან და მის მიღმა