საქართველოში გასულ წელს 40 214 ბავშვი დაიბადა, ხოლო ქალების პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 29 წელი იყო - ეს და სხვა საინტერესო ციფრები სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან - მშობლები

საქართველოში გასულ წელს 40 214 ბავშვი დაიბადა, ხოლო ქალების პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 29 წელი იყო - ეს და სხვა საინტერესო ციფრები სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან

2024-03-28 13:55:52+04:00

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

მათი ინფორმაციით, 2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 5 პროცენტით შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა.

2023 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (13 697 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (226 ბავშვი).

image1-11-1711619935.jpg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5 პროცენტიდან 24.6 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6 პროცენტიდან 69.4 პროცენტამდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.0 პროცენტიდან 6.0 პროცენტამდე გაიზარდა.

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13.0 პროცენტით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 229 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (580 კაცი).

2023 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

2023 წელს, რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელს.

2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ანგარიშს შეგიძლიათ ვრცლად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გვერდზე გაეცნოთ.