მამის სოლიდური მემკვიდრეობა მთლიანად პლასტიკურ ოპერაციებში დახარჯა... - 67 წლის ბარბი ახლა ჰოლივუდელებს აძლევს რჩევებს
სინდი ჯექსონმა პირველი პლასტიკური ოპერაცია ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გაიკეთა. თუმცა, ქალი იმდენად გაიტაცა გარეგნობაზე ფიქრმა და პლასტიკური ქირურგიის გზით შეცვლამ, რომ ზღვარი ვეღარ იპოვა და მამის მიერ დატოვებული ქონება მთლიანად ამ მიზნით დახარჯა:
ზოგიერთი ქალი ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს საკმაოდ მშვიდად ხვდება და ბუნებრივად დაბერებას ანიჭებს უპირატესობას, ზოგისთვის კი ასაკის მომატება ნამდვილი ტრაგედიაა და მარადიული ახალგაზრდობის იდეა იმდენად იტაცებთ, ზღვარს ვეღარ პოულობენ. ერთ-ერთი ასეთი ამერიკელი ქალი, სინდი ჯექსონია, რომელსაც ცოცხალ ბარბის ეძახიან.
მალე სინდი 68 წლის გახდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, საკუთარ ასაკთან შედარებით, გაცილებით ახალგაზრდულად და მოხდენილად გამოიყურება. ქალი უხერხულ შეკითხვებს თავს არ არიდებს და ამბობს, რომ მისი შესანიშნავი ფორმა არა მხოლოდ კარგი ძილის, ჯანსაღი კვებისა და დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის, არამედ პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა.
თავად სინდი აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც შეხვდება, მასზე ამბობს, რომ მაქსიმუმ 45 წლისაა. სინამდვილეში კი 70 წლის ასაკსაა მიახლოებული. თუმცა, გასაკვირი არაფერია. ქალი რამდენიმე ათეული წელია დაუღალავად ცდილობს, რომ ეს შედეგი ჰქონდეს. პირველი პლასტიკური ოპერაცია 1980-იან წლებში გაიკეთა. მაშინ ქალმა ნიკაპის ფორმის შეცვლა გადაწყვიტა და შედეგით იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ ამის შემდეგ გაჩერება გაუჭირდა... სინდი ექიმებს უფრო ხშირად ნახულობდა, ვიდრე ნათესავებსა და საყვარელ ადამიანებს. ქალმა მთლიანად უარყო ის, რაც ბუნებრივი ჰქონდა და ყველაფრის გარდაქმნა გადაწყვიტა. პარალელურად, გულდასმით შეისწავლა იმ ქირურგების ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, რომლებსაც საკუთარ სახესა და სხეულს ანდობდა.
"ყოველთვის ბუნებრიობისკენ ვისწრაფოდი. თუ ოპერაციის შედეგი არაბუნებრივია, ჩემი აზრით, ის წარუმატებელია." - ამბობს სინდი.
ქალმა, საბოლოო ჯამში, პლასტიკურ ქირურგიას 61-ჯერ მიმართა... ამ შედეგით ის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ამავდროულად, თავად სინდი ჯექსონი ამბობს, რომ მედია მისი პლასტიკური ოპერაციების მიმართ სიყვარულს აზვიადებს და კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. თუმცა, არ მალავს, რომ სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გაიკეთა სახის ლიფტინგი, ტუჩები, ლიპოსაქცია, მამოპლასტიკა, აბდომინოპლასტიკა, მუხლი, აიწია კანი მოშვებულ კისერზე, ასევე, ქუთუთოებზე, შეიცვალა ნიკაპის ფორმა, გაისწორა ნაოჭები და მოიშორა ასაკობრივი ლაქები.
ახლა, ასაკის გამო, სინდი ჯექსონს სხეულზე ზედმეტი პროცედურების ჩატარება აღარ სურს და შედარებით მსუბუქ პროცედურებს მიმართავს. მათ შორისაა ქიმიური პილინგი, ფილერის ინექციები, პერმანენტული მაკიაჟი და კბილების გათეთრება. ქალი სილამაზის შესანარჩუნებლად ძალიან დიდ თანხას ხარჯავს. თუმცა, თავადაც ბევრს გამოიმუშავებს.
სინდის საკუთარი კოსმეტოლოგიური კლინიკა აქვს ლონდონში. გარდა ამისა, კერძო კონსულტაციებსაც ატარებს. როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ვარსკვლავები, ცნობილი ადამიანები კონსულტაციისათვის მას ხშირად მიმართავენ. ვინაიდან ქალს დიდი გამოცდილება აქვს, ყველა ეკითხება, ვისთან ჯობს, მაგალითად, ცხვირის გაკეთება თუ სხვადასხვა პროცედურის ჩატარება. კონსულტაციებში სინდი საკმაოდ დიდ თანხას იღებს და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს.
ჯექსონი საკუთარ თავს ესთეტიკის კონსულტანტს უწოდებს და თვლის, რომ "ცოცხალი ბარბია". მიუხედავად იმისა, რომ მას უამრავი ცნობილი კლიენტი ჰყავს, მათ ანონიმურობას მკაცრად იცავს და საჯაროდ არ ამბობს, რომელმა ვარსკვლავმა რა პროცედურას მიმართა.
სინდი ჯექსონი აღიარებს, რომ მისი პლასტიკური ქირურგიისადმი გადამეტებული სიყვარული კომპლექსებმა და ბავშვობის ტრავმებმა გამოიწვია. როგორც ქალი ამბობს, მამა მთელი ბავშვობა მიუთითებდა, რომ საკმარისად ლამაზი არ იყო და თუ სურდა, წარმატებით დაქორწინებულიყო, რაღაცები უნდა შეეცვალა. დედა კი მამის აზრს არ ეწინააღმდეგებოდა და შვილს არ იცავდა. სინდი მთელი ბავშვობა სარკეში ჩახედვას გაურბოდა. გარდა ამისა, მის ფსიქიკაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა პირველმა შეყვარებულმა. როგორც სინდი ჯექსონი იხსენებს, ბიჭმა მას უთხრა, რომ ცუდად გამოიყურებოდა და მისი გარეგნობა "ბარბისაგან შორს იყო." ქალმა გარეგნობის შეცვლაზე ფიქრი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
მამამ გარდაცვალების შემდეგ სინდის საკმაოდ სოლიდური ქონება დაუტოვა. მათ შორის იყო სახლი და დიდი თანხა საბანკო ანგარიშზე. სინდიმ მთელი ქონება გაყიდა და თანხა სრულად პლასტიკურ ქირურგიასა და საკუთარი გარეგნობის შეცვლას მოახმარა...სამაგიეროდ, ჯექსონი ბევრად უფრო თავდაჯერებული და მიზანდასახული გახდა და მალევე ამ სფეროში პოპულარობასა და ცნობადობას მიაღწია. სინდის ბევრი ადამიანი აკრიტიკებს, თუმცა თავად თვლის, რომ თუკი პლასტიკურ ქირურგიას შეუძლია, ადამიანი გააბედნიეროს, საკუთარ თავში უფრო მეტად დარწმუნებული გახადოს და წინსვლაში დაეხმაროს, მაშინ, რატომაც არა?!
"ახლა მშვენიერი ცხოვრება მაქვს. მარტოხელა ვარ, მაგრამ ჩემი ასაკის ნებისმიერი კაცისთვის სასურველი ქალი ვარ. შვილები არ მყავს და არც მეყოლება, არც წარსულის ტვირთი მაქვს და არც არასდროს ვაპირებ დაბერებას. ყოველთვის ძალიან ჭკვიანი და ბეჯითი ვიყავი, მაგრამ სილამაზე არ მქონდა. ჩემი ცუდი სტილისა და ნაკვთების გამო, თითქოს, ამ ცხოვრებიდან გარიცხული ვიყავი. მაგრამ, მინდოდა, რომ მეც ვყვარებოდი ვინმეს."- აღნიშნავს სინდი ჯექსონი.
ქალი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ოპერაციის შემდეგ ტკივილს გრძნობდა, ახლა არაფერს ნანობს, რადგან სილამაზე არა მხოლოდ მსხვერპლს მოითხოვს, არამედ ადამიანს ბევრ პრივილეგიასაც ანიჭებს.