საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სხვა არაერთ საკითხთან ერთად, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებაცაა აღნიშნული.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023-2024 სასწავლო წელს საქართველოში 210 კერძო და 2086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებდა, რომელთაგან 10 პანსიონურ მომსახურებას ეწეოდა. მოსწავლეთა საერთო რაოდენობამ კი, საანგარიშო პერიოდში, კერძო და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯამურად 634 679 შეადგინა. 2023 წელს სტატუსი შეუჩერდა 13 401 მოსწავლეს, ასევე, აქედან 27 მოსწავლე სკოლიდან გარიცხეს. 13401 მოსწავლიდან 2 812 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთანავე, 1598-ის შემთხვევაში, სტატუსის შეჩერების საფუძველი პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება იყო. სკოლიდან გარიცხული 27 მოსწავლიდან, 14 გოგონა იყო და 13 ბიჭი.
სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი, ყველაზე მაღალია თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სკოლა საქართველოში 5604-მა მოსწავლემ საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების მიზნით დატოვა. სხვა მიზეზები, რის გამოც გასულ წელს მოსწავლეებს სტატუსი შეუწყდათ, შეგიძლიათ, იხილოთ ფოტოზე:
სამინისტროს ინფორმაციით, როდესაც 45 სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლე ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში, არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას, მიემგზავრება საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას, სკოლა ვალდებულია, პირველ რიგში, მიზეზი მოიკვლიოს, შემდეგ კი მოსწავლის სწავლის სტატუსის შეჩერებაზე დაიწყოს მუშაობა.
აქვე აღსანიშნავია, რომ კანონში ზოგადი განათლების შესახებ დისციპლინას ცალკე თავი ეთმობა. თუკი მოსწავლე, დისციპლინურ საკითხებს არღვევს, სკოლის შინაგანაწესით, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის რამდენიმე სხვადასხვა გზა არსებობს. მაგალითად: გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება, გარიცხვა და ასე შემდეგ.
დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. ასევე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მშობელს. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც მოსწავლის პატივსა და ღირსებას ლახავს.
დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა.
მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.
დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა .
სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს უფლება აქვს სწავლა სხვა სკოლაში განაგრძოს.
მოსწავლეს უფლება აქვს, გადავიდეს ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
სახალხო დამცველმა სკოლებში ინფრასტრუქტურული მდგომარეობაც შეაფასა და ანგარიშში აღნიშნა, რომ 800 სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები კარგია, თუმცა საანგარიშო წელს სახალხო დამცველის აპარატის მოკვლევის შედეგებმა ამ პროცესის გაჭიანურების კუთხით არსებული ცალკეული გამოწვევებიც ცხადყო. მათივე ინფორმაციით, ეს უკავშირდება კომპანიების მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას.
აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში ჯამში 71 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო 200 საჯარო სკოლაში - ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ამასთანავე, მიმდინარეობს 150 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია, 2024 წლის დასაწყისში კი დაგეგმილია 75 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების დაწყება.
სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
თამარ იაკობაშვილი