მშობლების სახლში ქალიშვილი ისეთ მდგომარეობაში იპოვეს, რომ ფოტომასალის ჩვენებისას სასამართლოში ექიმები მორიგეობდნენ, ვინმე ნანახით ცუდად რომ არ გამხდარიყო: "პრაქტიკაში ბევრი საშინელი შემთხვევა მინახავს. მაგრამ, მსგავსი არსად არასდროს გამეგო" - მშობლები

მშობლების სახლში ქალიშვილი ისეთ მდგომარეობაში იპოვეს, რომ ფოტომასალის ჩვენებისას სასამართლოში ექიმები მორიგეობდნენ, ვინმე ნანახით ცუდად რომ არ გამხდარიყო: "პრაქტიკაში ბევრი საშინელი შემთხვევა მინახავს. მაგრამ, მსგავსი არსად არასდროს გამეგო"

2024-04-03 12:10:34+04:00

ფლეტჩერების ოჯახს მეზობლები დიდ პატივს სცემდნენ და სანიმუშო ადამიანებად თვლიდნენ. მაგრამ, წლების განმავლობაში მათი ერთადერთი ქალიშვილით არავინ დაინტერესებულა და არც ის უკითხავთ, რატომ არ ჩანდა ის საზოგადოებაში. მეტიც, მშობლებიც შვილის შესახებ არასდროს ამბობდნენ არაფერს...

შეილა და კლეი ფლეტჩერები შესანიშნავ წყვილად ითვლებოდნენ. ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, მორწმუნეები იყვნენ და ეკლესიაში მუდმივად დადიოდნენ. როდესაც წყვილს ქალიშვილი შეეძინა, მეზობლებმა დიდი სიხარულით მიულოცეს. თვლიდნენ, რომ ასეთი მშობლების ხელში გოგონა მოსიყვარულე და მზრუნველ გარემოში გაიზრდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა...

წყვილს ერთადერთი ქალიშვილი ლეისი ელენ ფლეტჩერი 1986 წელს შეეძინა. შეილა პოლიტიკაში იყო ჩართული და ადგილობრივ ორგანიზაციაში ირიცხებოდა. კლეი კი საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდა. თავისუფალ დროს ცოლ-ქმარი ნანატრ ქალიშვილს უთმობდა და მასთან ერთად ყოფნა უყვარდათ.

2-1712131965.jpg
ლეისი ფლეტჩერი თანაკლასელებთან ერთად

როდესაც ლეისი 9 წლის იყო, მისი ოჯახი დიდ, ორსართულიან სახლში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა, მალევე გოგონას აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. მშობლები ქალიშვილის სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანის წინააღმდეგნი იყვნენ. გოგონა ოლდ ბრაუნფილდის ბაპტისტური აკადემიის სკოლაში სწავლობდა, დადიოდა სპორტზე, მასწავლებლები მას როგორც ძალიან ბეჯით და დისციპლინიან მოსწავლედ ახასიათებდნენ.

თუმცა, მოზარდობის ასაკში ლეისი რადიკალურად შეიცვალა. დასევდიანდა, სხვებთან კომუნიკაცია აღარ უნდოდა. თანატოლებისგან განსხვავებით, მას მაინც საბავშვო ფილმების ყურება უყვარდა და თამაში მოსწონდა, მაშინ, როცა მისმა მეგობრებმა ტიპური თინეიჯერული ინტერესები გამოავლინეს. სკოლის დამთავრების შემდეგ ლეისი მეგობრებმა მიატოვეს, ყველა განსხვავებული გზით წავიდა, გოგონა კი მარტო აღმოჩნდა. ზოგიერთი მეზობლის თქმით, ბოლოს ლეისი 21 წლის ასაკში ნახეს. თავდაპირველად ცდლობდნენ, გაეგოთ, რატომ გაუჩინარდა მოულოდნელად და მამას ეკითხებოდნენ, როგორ იყო, რას აკეთებდა, თუმცა მისი პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო: "ის კარგადაა!" ამის შემდეგ მის შესახებ აღარავის არაფერი უკითხავს...

1-1712131999.jpg
ლეისი ფლეტჩერი

2022 წლის 3 იანვარს შეილა ფლეტჩერმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და თქვა, რომ მის ქალიშვილს სიცოცხლის ნიშნები აღარ ეტყობოდა. ადგილზე პოლიციაც მალევე მივიდა. როდესაც კარი შეაღეს, საშინელი სუნი იგრძნეს. დივანზე 36 წლის ლეისის ცხედარი აღმოაჩინეს. ის 40 კილოგრამს იწონიდა. ექიმების თქმით, სულ მცირე 12 წელი მაინც იწვა ამ დივანზე. მისი სხეული წყლულებით იყო სავსე... დივანი, ფაქტობრივად, გაცრეცილი იყო და საშინელი ანტისანიტარია იდგა გარშემო.

სასამართლოს ექსპერტმა, რომელმაც ადგილზე ეს ყველაფერი ნახა, თქვა: "ერთი კვირის განმავლობაში ვერ ვჭამდი. ჩემს პრაქტიკაში ბევრი საშინელი შემთხვევა მინახავს. მაგრამ, ის, რაც ფლეტჩერების სახლში ვნახე, არსად არასდროს გამეგო. არც ერთ შემთხვევას ჩემზე ამხელა გავლენა არ მოუხდენია."

3-1712132025.jpg
დივანი, რომელზეც ლეისი გარდაიცვალა

გამომძიებლებმა პირველ ეჭვმიტანილებად, რა თქმა უნდა, მშობლები დაასახელეს. თუმცა, ისინი ამბობდნენ, რომ ლეისი ძალიან უყვარდათ და მასზე ზრუნავდნენ. დედის თქმით, სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონას "ჩაკეტილობის" სინდრომი განუვითარდა, რაც დამბლითა და პარალიზებით ხასიათდება. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს სახის გამომეტყველების შეცვლა, დამოუკიდებლად მოძრაობა, საუბარი ან კომუნიკაცია არ შეუძლია. აქვთ უნარი, რომ მხოლოდ თვალები ამოძრაონ.

"საჭმელი დივანთან მიგვქონდა. ის საღ გონებაზე იყო და არჩევანის გაკეთება შეეძლო. ამიტომ, ექიმის გამოძახება საჭირო აღარ იყო. მეტიც, საკუთარ დაავადებას არასოდეს უჩიოდა." - თქვეს მშობლებმა.

4-1712132067.jpg
ლეისის მშობლები

თუმცა, ექიმებმა, რომლებმაც ლეისის სხეული დაათვალიერეს, თქვეს, რომ ქალი საშინელი ტკივილით იტანჯებოდა, არასოდეს მიუღია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და, ფაქტობრივად, დივანს იყო მიჯაჭვული.

ექიმმა ეველ ბიკჰემმა განაცხადა, რომ ლეისის გარდაცვალების მიზეზი იყო ქრონიკული არასწორი კვება, მწვავე შიმშილი, უმოძრაობა, მწვავე წყლული, ოსტეომიელიტი და სეფსისი. ექიმებმა ასევე დაადგინეს, რომ ლეისი სულ მცირე 2 დღე მაინც იყო სახლში წყლისა და საკვების გარეშე, რადგანაც მისი მშობლები სხვა შტატში გაემგზავრნენ და ლეისი სახლში მარტო დატოვეს.

5-1712132090.jpg
სახლი, სადაც ფლეტჩერები ცხოვრობდნენ

შეილასა და კლეის ბრალი წარუდგინეს. სასამართლოზე გარდაცვლილი ქალის ფიზიკური მდგომარეობის ფოტო და ვიდეო მასალაც აჩვენეს. იმდენად მძიმე და დაუჯერებელი კადრები იყო, რომ სასამართლოში ექიმები მორიგეობდნენ, ვინმე ნანახით ცუდად არ გამხდარიყო...

მშობლები დანაშაულს არ აღიარებდნენ. ამის მიუხედავად, ნაფიცი მსაჯულები განაჩენის გამოსატანად ემზადებოდნენ. თუმცა, მოულოდნელად რაიონულმა მოსამართლემ - კეტრინ ჯონსმა მკვლელობის მუხლი საქმეს ჩამოაშორა და ცოლ-ქმარი 600 ათასი დოლარის ოდენობის გირაოთი გაათავისუფლა. ეს 2023 წლის ივნისში მოხდა.

8-1712132114.jpg
ლეისის მშობლები

ბრალდებების აშკარად უცნაური და გაუგებარი გაუქმების მიუხედავად, ოლქის პროკურორი სემ დ'აკილა გეგმავს, რომ გამოძიება განაგრძოს და ლეისის მშობლებს ის სასჯელი დააკისროს, რაც ეკუთვნით.

დედ-მამა დღემდე დაჟინებით ამტკიცებს, რომ ქალიშვილისთვის ყველაფერი გააკეთეს. მაგრამ, ექიმების დასკვნაში ნათქვამია, რომ 36 წლის ქალი შიმშილითა და სამედიცინო უგულებელყოფით გარდაიცვალა, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად მშობლებს ეკისრებათ.