ჯული მაკფადენი 16 წლის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის ექთანად მუშაობდა, ახლა ჰოსპისის თანამშრომელია. იგი მრავალი წლის განმავლობაში მომაკვდავi ავადმყოფების გვერდით იყო და უამრავი სიკვდილი აქვს დაფიქსირებული. "სხეულმა იცის, როგორ მოკვდეს", - ამბობს ჯული, რომელიც უკუნებელი სენით დაავადებული პაციენტებისა და მათი ახლობლების მხარდასაჭერად ბლოგს წერს და ახლახან წიგნი გამოაქვეყნა, სახელწოდებით Nothing to Fear.
მედიკოსის თქმით, რაც უფრო ახლოსაა სიკვდილი, მით მეტ დროს ატარებს ადამიანი ძილში. „პაციენტი თითქმის არ ჭამს და სვამს, მაგრამ სძინავს 16-18 საათის განმავლობაში. ფუნქციური შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო იკლებს, ადამიანი აღარ არის ისეთი კომუნიკაბელური“, - ამბობს ჯული.
„სკეპტიკური მეტაფიზიკის“ პოდკასტის წამყვანთან საუბარში ჯულიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიკვდილი ტკივილს არ იწვევს, არამედ დაავადება, რომლისგანაც ადამიანი კვდება. ბოლო საათებში, როგორც წესი, ბევრი ადამიანი თავს უკეთ გრძნობს.
„პაციენტი აქტიური სიკვდილისკენ მიდის, ამას როგორც წესი, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღე სჭირდება. ამ დროს ადამიანი ხშირად სრულიად უგონო მდგომარეობაშია და არ იღვიძებს. სუნთქვა და კანის ფერი იცვლება, თვალები და პირი ჩვეულებრივ ღიაა, რადგან ყველა კუნთი დუნდება. ახლობლები ფიქრობენ, რომ მათი საყვარელი ადამიანი იტანჯება. მაგრამ დამიჯერეთ, ექთნებმა იციან, როდის არის ადამიანი კომფორტულად და როდის არა. თუ ის მოდუნებულად გამოიყურება, თითქოს სძინავს, მერწმუნეთ, ის კარგად არის. ჩვენ უბრალოდ ნებას ვაძლევთ სხეულს, გააკეთოს თავისი საქმე. “, - ამბობს ჯული პოდკასტში.
სიკვდილის წინ ადამიანი წყვეტს ჭამას და დალევას. სხეული ენდორფინების გამოყოფას იწყებს, რომელიც ტკივილის რეცეპტორებს აფერხებს და ადამიანი რეალურად თავს უკეთ გრძნობს.
სიკვდილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ადამიანებს ხილვები ეწყებათ: „ხედავენ გარდაცვლილ ნათესავებს, მკვდარ შინაურ ცხოველებს, გარდაცვლილ ახლობლებს. ამ ხილვებს მათთვის ნუგეში მოაქვს. მკვდარი ადამიანები ხანდახან სიზმარში ჩნდებიან, მაგრამ ყველაზე ხშირად მაშინ, როცა პაციენტი სრულ გონზეა და საღი გონება აქვს“, - დასძენს ჯული.
„მოჩვენებები“ ზოგიერთ პაციენტსაც "ესაუბრებიან" კიდეც: „ისინი ამბობენ: „მალე მოვალ შენთან, არ ინერვიულო“. ჯულის თქმით, ეს არც ისე საშინელია, როგორც ჟღერს - ბევრი ადამიანი, ვინც სიკვდილისთვის მზად არ არის, ასეთი ხილვების შემდეგ მშვიდდება.“
არაფერია დამოკიდებული პაციენტის რელიგიურობაზე - მედდა ამტკიცებს, რომ ეს ხილვები მორწმუნეებს და ათეისტებს ერთნაირად აქვთ და დარწმუნებულია, რომ ყველაფერი, რაც ხდება, რეალურია: „ვფიქრობ, ეს ნამდვილად ოჯახის წევრები არიან. ასეთ მომენტებში მეჩვენება, თითქოს სხვა სივრცეში ვარ“.
ჯულიმ აღიარა, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის სჯერა. ამიტომ, მას არ ეშინია სიკვდილის: ”მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ხვალ განუკურნებელი დიაგნოზი დამისვეს, მაინც მექნება ყველა ადამიანური ემოცია: შიში, ბრაზი, სევდა და ყველაფერი, რადგან მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ”.