კლემენტე დელ ვეკიო Luxottica-ს დამაარსებლის უკანონო შვილია. ის ახლა 19 წლისაა, თუმცა დაფარული ცხოვრება აქვს და ინტერნეტში მისი ფოტოებიც ძნელად ხელმისაწვდომია.
წელს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერთა სიაში კვლავ იტალიელი კლემენტე დელ ვეკიო ლიდერობს. ის ფაქტი, რომ ბიჭი ძალიან მდიდარია, დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ის, რომ ამავდროულად ძალიან სიმპათიურიცაა, ახლახან გაირკვა. კლემენტეს მამა, ლეონარდო დელ ვეკიო კომპანია Luxottica-ს მფლობელი იყო, რომელიც Ray-Ban-ის ბრენდს აერთიანებს, შვილს საზოგადოების გადამეტებული ინტერესისაგან იცავდა და საჯაროდ არ აჩენდა. თავად ბიზნესმენი 2022 წლის 27 ივნისს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა და მის შვილს მემკვიდრეობით ბიზნესში საკუთარი წილი და 4,7 მილიარდი დოლარი ერგო.
მამის გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრდა მილიარდერი საზოგადოებაში უფრო გამოჩნდა, მაგრამ ის მაინც დაფარული ცხოვრებით ცხოვრობს და ინტერნეტში 10 ახალი ფოტოს პოვნაც კი რთულია. ის, თუ რატომ მალავდა ბიზნესმენი საკუთარ შვილს საზოგადოებისაგან, რამდენიმე მიზეზით აიხსნება. პირველ რიგში, მას სურდა, რომ კლემენტეს უსაფრთხოება და პირადი სივრცე დაეცვა. ასევე, კლემენტე მისი უკანონო შვილია და მისმა დაბადებამ თავის დროზე დიდი ხმაური გამოიწვია.
ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის დედა საბინა გროსია. ის ლეონარდო დელ ვეკიოზე 30 წლით უმცროსი იყო და მის კომპანიაში მუშაობდა. საბინა Luxottica-ს ერთ-ერთი ტოპ მენეჯერი იყო და ახალი ინვესტორების მოზიდვაზე აგებდა პასუხს, შემდეგ კი დირექტორთა საბჭოში გადაინაცვლა. ქალს ბიზნესმენისაგან 2001 წელს ვაჟი, ლუკი შეეძინა. სამი წლის შემდეგ კი - კლემენტე. მიუხედავად იმისა, რომ მათი 2 საერთო შვილი ჰყავდათ, ოფიციალურად არასოდეს დაქორწინებულან. 2010 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
საერთო ჯამში, ლეონარდო დელ ვეკიოს 3 სხვადასხვა ქალისაგან 6 შვილი შეეძინა. ყველა მათგანმა, მათ შორის, უკანასკნელმა მეუღლემ მემკვიდრეობით 3,5 მილიონი დოლარი მიიღო. გარდა ამისა, ბიზნესმენმა ბინები, თვითმფრინავი, იახტა და სხვა ძვირად ღირებული ქონებაც თანაბრად დაანაწილა.
იმის მიუხედავად, რომ 19 წლის კლემენტე დელ ვეკიო უკვე მილიარდერთა სიაშია, ჯერ უცნობია, იღებს თუ არა მონაწილეობას მამის კომპანიის მართვაში.
"მამა, შენ ყოველთვის შრომისმოყვარეობისკენ მიბიძგებდი და მეუბნებოდი, რომ სკოლაში უკეთესად მესწავლა. მაშინ იმედგაცრუებული ვიყავი შენით, მაგრამ ახლა მესმის, რომ შენ საუკეთესო მამა იყავი." - თქვა მან ლეონარდო დელ ვეკიოს დაკრძალვაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საშინლად გადატვირთული დღეების მიუხედავად, მამა ყოველთვის პოულობდა დროს, რომ საკუთარი შვილებისათვის ყურადღება მიექცია.
თავად ლეონარდო დელ ვეკიო უღარიბეს ოჯახში დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა. დედამ კი მასზე დამოუკიდებლად ზრუნვა ვერ მოახერხა და ბავშვთა სახლში წაიყვანა. როდესაც წამოიზარდა, ინსტრუმენტებისა და შტამპების სპეციალისტთან შეგირდად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ბევრი იშრომა, გახსნა საკუთარი კომპანია, რომელიც მზის სათვალეების ჩარჩოებს აწარმოებდა და მსოფლიოში პოპულარული ბრენდი შექმნა.
კლემენტამდე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგს სათავეში გერმანელი კევინ დევიდ ლემანი იყო. ის გერმანულ სააფთიაქო ქსელში dm-drogerie საკუთარ წილს ფლობს.