“გამარჯობა, მე ვარ მარიამ ლამაზი მაიამიდან”- თუ "ტიკტოკს“ ხშირად სქროლავთ, ეს თქვენთვის ნაცნობი ფრაზა იქნება. პოზიტივით, დადებითი ენერგიით სავსე 33 წლის ქალი თავისი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით, ასევე სამოტივაციო კონტენტით ადამიანებზე დადებითად მოქმედებს.
შეუძლებელია ნახოთ მარიამის ვიდეო და მის მიმართ დადებითად არ განეწყოთ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც უარყოფით კომენტარებს არ იშურებენ. საინტერესო კი ასეთ კომენტარებზე ინფლუენსერის რეაქციაა - მსგავს ნეგატივს ის თითქმის ყოველთვის პოზიტივით პასუხობს.
- მე ვარ 33 წლის გოგონა და ვერ გეტყვით ასე კონკრეტულად ვინ ვარ, ბევრი რამის თქმა შეიძლება ჩემ შესახებ, მაგრამ მოკლე პასუხით შემოვიფარგლები, და გეტყვით რომ მე ვარ ინფლუენსერი. მაქვს ბრილიანტის ფორმის ტატუ, იმის ნიშნად რომ მაქვს არაერთი განსხვავებული, უნიკალური მხარე და თავს ჩარჩოებში ვერ მოვაქცევ, ერთ კონკრეტულ ადგილს ვერ მივაკუთვნებ საკუთარ თავს და არც ვჩერდები ერთ ადგილას, ყველაფერს ვაკეთებ რაც თუნდაც ცოტაოდენ ინტერესს გამიჩენს.
დაახლოებით 4 წელი ვცხოვრობდი ბოსტონში, შემდეგ გადავედით მაიამიში სადაც დღემდე ვცხოვრობ. ჩემი მეუღლე არის ამერიკელი, ჰაიტელი 43 წლის კაცი. 16 წლის იყო, როდესაც მამამისმა ჩამოიყვანა მაიამიში და მას მერე აქ ცხოვრობს.
აფროამერიკელები ყოველთვის მხიბლავდნენ, ჩემი ქმარი ნამდვილად ისეთი მეუღლეა, როგორზეც მიოცნებია, რომელმაც კიდევ ერთი ოცნება ამისრულა, ყოველთვის მინდოდა რომ ჩემი შვილები ფერადკანიანები ყოფილიყვნენ. შეიძლება ძალიან ბავშვურად ჟღერს, მაგრამ რა ვქნა?! ასეთი ოცნება მქონდა. დღეს ორი ულამაზესი ბავშვის, ლეილას და ლუკას დედა ვარ.
- მეუღლე რამდენად არის ჩართული თქვენს საქმიანობაში, ვინ არის ყველაზე დიდი მხარდამჭერი?
- მეუღლე, ჩართულია ჩემს საქმიანობაში, მაგრამ იშვიათად თუ გამოჩნდება ვიდეოებში, წესრიგის მოყვარული პიროვნებაა და კადრში არ გამოჩნდება თუ მაქსიმალურად მოწესრიგებული არაა. როცა მთხოვს, რომ არ გადავუღო, მეც ვითვალისწინებ. ყველაზე დიდი მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, ჩემი ქმარი და დედაჩემია, ოჯახის სხვა წევრები განსხვავებულად უყურებდნენ სოციალურ ქსელებში ჩემი აქტიურობის სურვილს, მაგრამ ახლა ნელ-ნელა შეეჩვივნენ და სურვილისამებრ ერთვებიან ვიდეოებში. დიდი ხანია რაც დავიწყე აქტიურობა სოციალურ ქსელებში და შემიძლია ვთქვა, რომ ოცნება ამიხდა, ადამიანები მცნობენ და მათი მოტივატორი ვარ.
- მეუღლის გაცნობისა და სიყვარულის ისტორიაც გვიამბეთ?
- ვოცნებობდი ფერადკანიან ქმარზე, რა თქმა უნდა, რუსეთში მცხოვრებს ძალიან იშვიათად მხვდებოდნენ, ხოლო როცა ამერიკაში გადავედი, დავრეგისტრირდი ერთ-ერთ აპლიკაციაზე საიდანაც შემეძლო პირდაპირ ეთერში გასვლა და საუბარი უცხო ადამიანებთან, ერთ მშვენიერ დღეს ლაივში შემოვიდა ჩემი მეუღლე, რომლის სურათი ვნახე და სიგიჟემდე მომეწონა, ერთი სასაცილო მომენტიც მახსენდება, როდესაც ჩვენი მიმოწერა დაიწყო, მახსოვს, ჩემს დაქალს ვუთხარი, რომ ეს ბიჭი ჩემი საქმრო არის-თქო, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ჩემი ორი შვილის მამა გახდებოდა, მაგრამ ბედი ასეთია. დიდხანს ვწერდით ერთმანეთს, ორ კვირაში პაემანზეც დამპატიჟა, დეტალებში მახსოვს ის საღამო, რა ეცვა, რომელი სუნამოს სუნი ასდიოდა, როგორ მომესალმა, ჩამეხუტა… ნამდვილად, ერთი შეხედვით სიყვარული იყო.