"შვილები დედის ტანსაცმელს იხუტებენ და ისე იძინებენ " - ვინ არის მასწავლებელი, რომელსაც სკოლის სიყვარულის გამო შვილების მიტოვება მოუხდა, თავად კი მაღალმთიან სოფლებში ასწავლის - მშობლები

"შვილები დედის ტანსაცმელს იხუტებენ და ისე იძინებენ " - ვინ არის მასწავლებელი, რომელსაც სკოლის სიყვარულის გამო შვილების მიტოვება მოუხდა, თავად კი მაღალმთიან სოფლებში ასწავლის

2024-04-07 20:59:20+04:00

"ღრმა ბავშვობაში გადაწყვეტილი მქონდა, რომ მასწავლებელი ვიქნებოდი. ყოველთვის ვამბობდი, რომ მომავალი თაობები უნდა აღმეზარდა. სწორედ რომ ჩემი პროფესიისა და ბავშვების უდიდესმა სიყვარულმა ამომიყვანა ლეჩხუმამდე და დამატოვებინა ჩემი ორი პატარა ანგელოზი, თვალცრემლიანი და ატირებული. ვიცი, როცა გაიზრდებიან, მაპატიებენ და გამიგებენ... თუმცა, მე ამ ბავშვებსაც ვჭირდები და ბოლომდე მათ გვერდით ვიქნები... მიყვარს თითოეული აღსაზრდელი და ჩემი საქმე. სწორედ ეს სიყვარული მასულდგმულებს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს. ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა მოსწავლეების სიყვარულის დამსახურებაა და დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ მე ის დავიმსახურე", - ამ კომენტარს გადავაწყდი სოციალურ ქსელში ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ ქოლგიანი ქალი მუხლამდე თოვლში გზას მიიკვლევს, თან ამბობს, გაკვეთილზე მაგვიანდებაო და თოვლში წაიქცევა. ქალბატონი, რომელიც ასეთ მძიმე გზას გადის სკოლამდე, ელენე (ელვირა) ხურციძეა, ქუთაისიდან. ოჯახის ხელშეწყობით, მან თავისი ორი გოგონა აღსაზრდელად მამიკოს და ბებიას მიაბარა კვირაში 5 დღით, თვითონ კი მაღალმთიანი სოფლების ორ სკოლაში ინგლისურს ასწავლის.

- ქუთაისელი ვარ. სკოლის დასრულების შემდეგ თბილისში, დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ოჯახთან განშორება ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის და პირველი კურსის დახურვის შემდეგ ქუთაისში გადმოვედი. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით. ვარ 32 წლის, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი შვილი. ამჟამად ვმუშაობ წყალტუბოს რაიონის მაღალმთიან სოფელ დღნორისსა და საჩხეურში, რომელიც ლეჩხუმის მხარეს ეკუთვნის.

- ეს ორი სოფელი რა მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული?

- 4-5 კილომეტრით. ისე მაქვს საათები განაწილებული, რომ ორივე სკოლაში ერთ დღეს არ მიწევს მისვლა, რაც ჩემი დირექტორების დიდი ხელშეწყობის შედეგია. მადლობა მათ ამისთვის. ვინაიდან ყოველდღე ქუთაისიდან აქ სიარული შეუძლებელი და საკმაოდ მძიმეა (რადგან მანძილი საკმაოდ დიდია - დაახლოებით 45-50 კმ), ქუთაისიდან ორშაბათს დილით ტაქსით მოვდივარ და ვბრუნდები პარასკევს. დანარჩენი 5 დღე კი აქვე, სოფელში ვცხოვრობ მდგმურად, არაჩვეულებრივ ოჯახში.

- მაღალმთიანი სოფლის სკოლაში ალბათ, ძალიან ცოტა მოსწავლეა.

- ერთ სკოლაში 19 არაჩვეულებრივი მოსწავლე გვყავს, მეორეში - სამი. ისეთი სიყვარულები არიან... თუმცა, სამი მოსწავლე ძალიან ცოტაა.

- მე რომ თქვენი კომენტარი ვნახე, იქ წერდით, რომ შვილები დატოვეთ და თავი ბავშვებს, პროფესიას მიუძღვენით.

ასევე დაგაინტერესებთ
"იმდენ ტრენინგს გავდივართ, ყურის შუილები დამეწყო"
"რამდენჯერმე ცრემლი ვერ შევიკავე..." - მავთულხლართებში მოქცეულ ადამიანთა სევდა და ტკივილი
"ამიტომაც დამადგნენ შინ ФСБ-ს თანამშრომლები" - საქართველოში დასახლებული ფრანგი მწერალი "ბანდიტურ რუსეთზე"

- დიახ, ასე გამოვიდა, შვილები დავტოვე... ნუ, დატოვება არ მინდა ცუდად ნათქვამი გამომივიდეს, უბრალოდ კვირაში რამდენიმე დღით... თუმცა, მანქანა რომ მყავდეს, ყოველდღე ქუთაისიდან ვივლიდი ალბათ, რადგან ჩემს პატარებს ღამე დაძინება უჭირთ დედიკოს გარეშე და მეუღლე ამბობს, რომ ჩემს ტანსაცმელს იხუტებენ და ისე იძინებენო. ამის მოსმენა კი დედისთვის რთულია.

- და მაინც... რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი პროფესიის სიყვარულით. ეს არ არის მხოლოდ პროფესია, ჩემთვის ეს მთელი ცხოვრებაა... როგორც ღირსეული პედაგოგისთვის არსებობს ორი უმთავრესი და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი პროფესიის არჩევისას - ესაა კონკრეტული საქმისადმი უპირობო სიყვარული... მასწავლებლის პროფესია ჩემთვის მიმზიდველი იყო ბავშვობიდან. ყოველთვის ვამბობდი, რომ მომავალი თაობები უნდა აღმეზარდა. ვფიქრობ, თუ ბავშვი არ გიყვარს, სკოლაში ვერ იმუშავებ.

განაგრძეთ კითხვა