როგორ ახარჯინებენ სუპერმარკეტები ხალხს ზედმეტ ფულს და როგორ მოქმედებენ თქვენს ფსიქიკაზე: "ხელფასის აღების პირველივე დღეს საყიდლებზე ნუ გაიქცევით" - მარკეტოლოგის რჩევები ფინანსური კეთილდღეობის შესაქმნელად - მშობლები

როგორ ახარჯინებენ სუპერმარკეტები ხალხს ზედმეტ ფულს და როგორ მოქმედებენ თქვენს ფსიქიკაზე: "ხელფასის აღების პირველივე დღეს საყიდლებზე ნუ გაიქცევით" - მარკეტოლოგის რჩევები ფინანსური კეთილდღეობის შესაქმნელად

2024-04-08 11:20:02+04:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მარკეტოლოგი თორნიკე გურული გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ყოველდღიურად ზედმეტი დანახარჯები თავიდან ავირიდოთ და თანხა დავზოგოთ:

- თუ გშია, იმ დროს სუპერმარკეტში არ შეხვიდე და პროდუქტები არ იყიდო. იმიტომ, რომ იმაზე გაცილებით მეტ პროდუქტებს ყიდულობ, როდესაც გშიათ, ვიდრე მაშინ, როცა მშიერი არ ხარ. ასევე, შუადღის განმავლობაში, როდესაც ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ, სავაჭრო ობიექტზე არ შეხვიდეთ. ჯობს, ბუნებაში გაისეირნოთ იმიტომ, რომ აუცილებლად რაღაცას იყიდით. ასევე, უარი თქვით და შეეცადეთ დისციპლინირებული იყოთ ისეთ უნარებთან, როგორებიცაა, მაგალითად, ყოველდღიურად ყავის ყიდვა. სახლში გაიკეთეთ ეს ყავა და თან წაიღეთ, ვიდრე ყოველდღე შეიაროთ რაღაც ობიექტზე, სადაც 8-10-12 ლარს იხდით. წარმოიდგინეთ, ყოველდღე მარტო ყავაში 8-10 ლარი დაზოგეთ და თვის განმავლობაში რამდენია. ან კიდევ მავნე ჩვევები, როგორებიცაა სიგარეტი და ასე შემდეგ, დათვალეთ, რამდენი დაგეზოგებათ, რომ არ ყიდულობდეთ...

არსებობს ასეთი მიმართულება, ნეირომარკეტინგი, რომელიც იკვლევს, თუ რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც რაღაცის ყიდვა გვინდა. ნეირომარკეტინგი ამბობს, რომ ტვინში ორი ზონა გვაქვს. ერთია დაჯილდოების და მეორე კონტროლის. დაჯილდოებისაა, როდესაც მაღაზიაში მივდივართ და ვხედავთ, რომ რაღაცაზე აქციაა. სულ გვგონია, რომ კარგ რაღაცას ვაკეთებთ, დაჯილდოებულები, მოგებულები ვართ. ეს ზონა ტვინში გვიაქტიურდება მაშინ, როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებებს ვხედავთ. მაგრამ, არის კონტროლის ზონაც, რომელიც გვეუბნება, რომ ამდენი ფული არ გვაქვს და ჯობს, ბევრი არ ვიყიდოთ. ამიტომ, მარკეტინგში ხშირად ფიქრობენ, რა გააკეთონ ისე კაშკაშად, რომ მომხმარებელს დაჯილდოების ზონა გაუაქტიურდეს და სახლში ისეთი პროდუქტები წაიღოს, რომლებიც არ სჭირდება.

ფინანსური კეთილდღეობის მოსაპოვებლად 3 უნარი გვჭირდება. ესენია: კონცენტრაციის უნარი, დისციპლინა და მოთმინება. ამ 3 უნარს თუ განვივითარებთ ჩვენს თავში, არა მარტო ფინანსურად, არამედ, ზოგადად, კარიერულადაც წინ წავალთ იმიტომ, რომ ესენია ძირითადი უნარები, რომლებიც გვეხმარება, რომ ვიყოთ კონცენტრირებულები რაღაც საკითხზე, ვიყოთ დისციპლინირებული და მოთმინების უნარი გვქონდეს.

ხელფასის შენახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთ მეთოდს კონვერტის მეთოდი ჰქვია, როდესაც ვიღებთ მთლიან ხელფასს და ამას რამდენიმე კონვერტში ვანაწილებთ. მაგალითად, ვამბობთ, რომ თვის განმავლობაში კონკრეტულ კონვერტში ჩადებულ თანხას საკვებისთვის გამოვიყენებთ, მეორე კონვერტს კომუნალურებისთვის, მესამეს - გართობისთვის, ტანსაცმლისთვის და ასე შემდეგ. ხელფასს პირველივე დღეს კონვერტებში ვანაწილებთ და თითოეული მიმართულებით ბიუჯეტი გვაქვს. მეორე, რომელზეც ხშირად ამბობენ, რომ ყველაზე დიდი შედეგი აქვს, ეს 3 დღის მოლოდინის ეფექტია. როდესაც რაღაცის ყიდვა გვინდა, ხელფასის აღების პირველივე დღეს არ გავიქცეთ და არ ვიყიდოთ. დაველოდოთ, ვიფიქროთ 3 დღე. მერწმუნეთ, რომ 80% შემთხვევაში ადამიანები აღარ ყიდულობენ ამ პროდუქტებს და გადაიფიქრებენ ხოლმე.

ასევე, დაგროვების მეთოდიც არსებობს. მესმის, როდესაც 500-600 ლარი გვაქვს ხელფასი, ასეთ შემთხვევაში, დაგროვება ძალიან რთულია. მაგრამ, ასეთ შემთხვევაშიც კი შეიძლება, რაღაც ხრიკები გამოვიყენოთ. მაგალითად, ხურდა ფული დავაგროვოთ და თვის ბოლოს ვნახოთ, რამდენი შევაგროვეთ. რაღაც სახელი დავარქვათ, რომ გარკვეული მიზნისთვის ვაგროვებთ. თუ ამას სახელი არ ექნება, ადვილად მოგვინდება დახარჯვა, როცა ხელფასი აღარ გვექნება.