აი, რატომ უჭირთ სკოლაში სწავლა ბავშვებს, რომლებსაც განვითარების არანაირი შეფერხება არ ეტყობათ - თამარ გაგოშიძე განმარტავს - მშობლები

აი, რატომ უჭირთ სკოლაში სწავლა ბავშვებს, რომლებსაც განვითარების არანაირი შეფერხება არ ეტყობათ - თამარ გაგოშიძე განმარტავს

2024-04-08 11:54:39+04:00

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გადაცემაში "იმედის დღე" გაჯეტებზე დამოკიდებულების საყურადღებო შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, თუ რაში უშლის ბავშვს ხელს ის ფაქტი, რომ მცირე ასაკიდანვე სხვადასხვა მოწყობილობას აქტიურად იყენებს:

- ჩვენ დროს გაჯეტი რომ არ იყო, მარცხენა ჰემისფერო კარგად გვივითარდებოდა. გჯერათ, რომ ახლა ბავშვები 6 თვიდან გაჯეტებს იყენებენ? უცხოურ ენაზე ლაპარაკს მარჯვენა ჰემისფეროთი იწყებენ, მშობლიურზე - მარცხენათი. ჩვენ რას ვაკეთებთ? - მარჯვენას ვუვითარებთ, შესაბამისად, ბავშვი, საკუთარ ენაზე კარგად ვერ ლაპარაკობს. სკოლაში უკვე მარცხენა ჰემისფეროს გამოყენებას სთხოვენ, იმიტომ, რომ ყველაფერი ენობრივია. უცნაურია, მაგრამ ჩვენთან მოდიან ბავშვები, რომლებიც მშობლიურ ენაზე ვერ ლაპარაკობენ, უცხო ენაზე კი უკეთესად საუბრობენ. აქამდე გვეგონა, რომ ეს მხოლოდ აუტიზმის სპექტრის შემთხვევაში იყო, რადგანაც მას ატიპიური განვითარება ახასიათებს. დღეს შეიძლება, უმეტესობა ატიპიური იყოს?! არ შეიძლება. ესე იგი, ეს ხელოვნურადაა გამოწვეული. შედეგი არის ის, რომ ბავშვი საკუთარ ენაზე ვერ ლაპარაკობს, არასრულფასოვანი ლინგვისტური კონსტრუქციები აქვს და უცხო ენაზე უკეთესად საუბრობს. ეს კი დასწავლის, გაგების, კომუნიკაციის პრობლემებს იწვევს... გარდა ამისა, ვცდილობთ, ბავშვებს ყველაფერი შევუსრულოთ, დაბრკოლებებს ავარიდოთ, მეორე მხრივ, მუდმივად ვთხოვთ, იაროს იმაზე, რაზეც თავად ვეტყვით, მაგალითად, მუსიკაზე, ცეკვაზე, ხატვაზე... ოღონდ, ბავშვსაც უნდაო, მშობელი გეუბნება... ნახეთ, პატარა ბავშვს რა უნდა? - როცა პატარა ვარ და ვხედავ, რომ დედაჩემს უხარია, მინდა, რომ ვასიამოვნო. მაგრამ, ცოტა რომ გავიზრდები, აღმოვაჩენ, რომ ასე ვერ გადავრჩები...