11 წლის წინ ბარტ ლეიტონის ფილმი "თვითმარქვია" გამოვიდა, რომელიც ცნობილი თაღლითის ფრედერიკ ბურდენის რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ყველა ის დანაშაულია ასახული, რაც კაცმა ჩაიდინა:
ბარკლის ოჯახი რამდენიმე წლის განმავლობაში ნანატრ დღეს ელოდებოდა, რომ პოლიციისაგან რაიმე სანუგეშო ინფორმაცია მიეღოთ. მათ შვილი უგზო-უკვლოდ დაეკარგათ და ვერსად პოულობდნენ. მართლაც, ერთ დღეს ოჯახში ნანატრი ზარი გაისმა და სასოწარკვეთილ მშობლებს უთხრეს, რომ მათი 13 წლის ვაჟი, ნიკოლას ბარკლი, ესპანეთში იპოვეს. ბიჭი მშობლებს ელაპარაკა, უთხრა, რომ იმ დღეს, როდესაც კალათბურთზე მიდიოდა, მის წინ ფურგონი გაჩერდა, რამდენიმე მამაკაცმა მანქანაში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. შემდეგ კი ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვდა...
როდესაც მშობლებმა შვილი ნახეს, გაუკვირდათ, რომ ის ფიზიკურად ძალიან იყო შეცვლილი. მეტიც, ბიჭს ლურჯი თვალების ნაცვლად, ყავისფერი ჰქონდა. ფრანგული აქცენტით საუბრობდა, თუმცა როგორც მოზარდი ამბობდა, მისი გამტაცებლები ფრანგები იყვნენ და ვინაიდან მათთან ერთად წლები გაატარა, აქცენტიც მიიღო. მშობლებმა დაკარგული შვილი სიყვარულით მიიღეს, ბავშვი ძველ სკოლაში დააბრუნეს, თითქოს, ყველაფერი კარგად იყო. თუმცა, ადგილობრივ შერიფს კითხვები არ ასვენებდა, ამიტომაც მშობლებსა და მათ "შვილს" დნმ-ის ანალიზის ჩატარება მოსთხოვა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მოზარდი ნიკოლასი კი არა, ფრანგი ფრედერიკ ბურდენი იყო... ბიჭს თაღლითობისთვის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს... თუმცა, ეს პროფესიონალი თაღლითის პირველი საქმე არ ყოფილა.
როგორც ცნობილია, ფრედერიკი დედამ მიატოვა. ბიჭი ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. ქალი შვილს პერიოდულად ნახულობდა და ატყუებდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მეტი დამაჯერებლობისთვის კი ბავშვის თვალწინ გულის წასვლის სცენას დგამდა.
მოგვიანებით ფრედერიკ ბურდენმა დედასთან ურთიერთობაზე თქვა: "ის მე მაშინებდა და ამით სიამოვნებას იღებდა." ბიჭს მკაცრი ბაბუა ხშირად საყვედურობდა, რადგანაც თვლიდა, რომ ბავშვი დედის მსგავსი თაღლითი და მანიპულატორი იყო. ბაბუის ეჭვები უსაფუძვლო არ ყოფილა... ფრედერიკი ხშირად იგონებდა ისტორიებს და ისეთი დამაჯერებლობით ჰყვებოდა, რომ ყველა იჯერებდა. პოლიციაში რეკავდა და ამბობდა, რომ სახლში აწამებდნენ. ერთ დღეს მათ სახლში სოციალური სამსახურის წარმომადგენლები მართლაც გამოჩნდნენ, მაგრამ მალევე დარწმუნდნენ, რომ ბავშვი იტყუებოდა.
ბებია-ბაბუამ შვილიშვილი მუშამპში წაიყვანა და იქ დასახლდნენ. ბიჭი სკოლაში დადიოდა, თუმცა, როგორც ცნობილია, თანაკლასელები უცნაურ ბავშვად თვლიდნენ და ცუდად ექცეოდნენ. მასწავლებლები კი ამბობდნენ, რომ ფრედერიკი ძალიან სხარტი და გონებაგახსნილი ბავშვი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბიჭმა მეზობლების გაქურდვა დაიწყო... დამწუხრებულმა ბებია-ბაბუამ, საკუთარი ძალებით რომ ვერაფერი მოახერხეს, ბავშვი პრობლემური თინეიჯერების პანსიონატში გააგზავნეს. ფრედერიკი პანსიონატში ყველას აოცებდა. თითქოს, მეხსიერება ჰქონდა დაკარგული. ამას იმდენად პროფესიონალურად და დამაჯერებლად აკეთებდა, რომ ფსიქოლოგიური ტესტებიც კი არ შველოდა გამოსააშკარავებლად.
2004 წელს ბიჭი პანსიონიდან გაუშვეს. მოგვიანებით ერთ-ერთმა პოლიციელმა აღიარა, რომ როცა ის ესპანურად ლაპარაკობდა, ესპანელი ხდებოდა. ხოლო, როცა ინგლისურად - ინგლისელი. მას ექიმებმა "ქამელეონიც" უწოდეს.
17 წლის ასაკში ფრედერიკ ბურდენი პარიზში დაბრუნდა და სახელი თაღლითობით გაითქვა. შემდეგ მთელი ევროპა და ამერიკა მოინახულა და ყველგან საკუთარი "კვალი" დატოვა. ფრედერიკ ბურდენი იმ დროისთვის ლაპარაკობდა ხუთ ენაზე, იცოდა თითოეული ქვეყნის ადათ-წესები და კულტურა, ეცნობოდა ინფორმაციას ოჯახებიდან გაუჩინარებული ბავშვების შესახებ და შემდეგ მათ მშობლებს "შვილის" როლში გამოეცხადებოდა...
გასაკვირი ის არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ფრედერიკმა მოატყუა, ბიჭს თანაუგრძნობნდნენ. ყველა, ვისაც მასთან კომუნიკაცია ჰქონია, ამბობდა, რომ მას ადამიანების სულის განკურნებისა და გამხნევების ძალიან დიდი უნარი ჰქონდა.
ფრედერიკი არა მხოლოდ ხასიათით გარდაისახებოდა ხოლმე, არამედ იმიჯსაც იცვლიდა და ყველა "საქმეზე" განსხვავებული ფორმით წარდგებოდა. ერთ დღეს მისმა ნათესავებმა შეიტყვეს, რომ ბიჭი მიუნხენში იპოვეს გარდაცვლილი. ახლობლები ცხედარს ელოდებოდნენ, თუმცა "გარდაცვლილი ბიჭი" მათთან არ გამოჩენილა...
1997 წელს ფრედერიკი ნიკოლას ბარკლი გახდა, რომელიც ოჯახიდან რამდენიმე წლის გაუჩინარდა. მის მშობლებთან ერთად მან რამდენიმე თვე იცხოვრა. თაღლითობის გამოაშკარავების შემდეგ კი 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2005 წლის ივნისში 15 წლის ესპანელ ობოლად ერნანდეს-ფერნანდესად წარადგინა თავი. ის ამტკიცებდა, რომ მისი მშობლები ავტოკატასტროფით გარდაიცვალნენ. "ბავშვი" მაშინაც შეიფარეს, თუმცა 1 თვის შემდეგ მასწავლებელმა მასზე მომზადებული სპეციალური სიუჟეტი ნახა და ფრედერიკი ტყუილში გამოააშკარავა. ამჯერად მას 4-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის ერთ-ერთ გოგონაზე, იზაბელზე დაქორწინდა. ქორწილში დედა და ბაბუაც დაპატიჟა, მაგრამ ისინი არ ჩასულან. იფიქრეს, რომ ეს ფრედერიკის მორიგი ხუმრობა იყო.
იზაბელმა 5 შვილი გააჩინა. ფრედერიკმა კი საკუთარი ცხოვრების სტილი მთლიანად შეცვალა. მოსიყვარულე მამა გახდა, მუშაობა დაიწყო და სახლიც იყიდა. 10-წლიანი ქორწინების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ბავშვებზე მეურვეობა კი ფრედერიკმა მიიღო. როგორც ამბობენ, ის იდეალურ მამად გადაიქცა და 5 შვილის აღზრდა საკუთარ თავზე აიღო.