ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა - როგორია ბოლო წლების სტატისტიკა - მშობლები

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა - როგორია ბოლო წლების სტატისტიკა

2024-04-10 11:59:55+04:00

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია უკვე დასრულდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შესაბამისი სტატისტიკაც გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი, რაც რეკორდული რაოდენობაა.

აღსანიშნავია, რომ წინა წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. მაშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში თქვეს, რომ ეს მონაცემი, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული იყო. თუმცა, წელს გამოცდებისათვის რეგისტრირებული აბიტურიენტების რიცხვი კიდევ გაიზარდა.

შედარებისთვის:

  • 2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებისათვის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
  • 2021 წელს - 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი;
  • 2020 წელს - 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი;
  • 2019 წელს - 41 000-მდე აბიტურიენტი;
  • 2018 წელს - 40 500-მდე აბიტურიენტი

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლება ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა.15 აპრილის 18:00 საათის შემდეგ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტი ცვლილებას ვეღარ შეიტანს.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს ექნებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის18:00 საათის ჩათვლით.კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

თამარ იაკობაშვილი