მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, სპორტსმენი ბექა სიხარულიძეწლებია აშშ-ში ცხოვრობს. თავიდან სპორტული შეჯიბრებისთვის ჩავიდა, მერე კი ნელ-ნელა დაფუძნდა, ჩოგბურთის აკადემია გახსნა, რომელსაც არაერთი ცნობილი ვარსკვლავი სტუმრობდა. პარალელურად, სახელოვნებო სფეროშიც პირველი აღმოჩნდა იღბლიანი კასტინგის წყალობით, შემდეგ კი "ოცნების ქვეყანაში" ბევრისთვის საოცნებო და ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორების ფილმებში მოხვდა. ამერიკაში ტრადიციული ქართული ოჯახი სიყვარულით შექმნა და წყვილს ორი ვაჟი შეეძინა - გივი და ლუკა. ბექა მსახიობის, მოცეკვავის, სპორტსმენისა და მწერალ გივი სიხარულიძის ვაჟია. ბექას ქართულ ფილმს "სიცოცხლიდან სოცოცხლემდე" სხვადასხვა კინოფესტივალზე დიდი წარმატება ხვდა წილად, მათ შორის, სულ ცოტა ხნის წინ, როცა ნიუ-იორკის Socially Relevant Film Festival-ის ჟიურის სპეციალური პრიზისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდოს მფლობელი გახდა. მასში ბატონი გივიც მონაწილეობს. ბექა სწორედ ფილმებზე, ჰოლივუდურ გადაღებებზე, ამერიკულ ცხოვრებაზე, ოჯახზე, მშობლებსა და მის პატრიოტულ განცდებზე გვესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს ბექას ინტერვიუდან:
- ფილმს საერთო ჯამში 9 ჯილდო და 7 ნომინაცია აქვს. "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე" არის ექიმზე, პროფესიონალზე, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს ოპერაციებს უფასოდ უკეთებს, რის გამოც პრობლემები ექმნება კოლეგებთანაც და ოჯახშიც. მოკლედ, ადამიანობაზე, ზნეობაზეა. ვეცადეთ გვეჩვენებინა, რომ ჩვენ განათლებული და ზრდილობიანი ერი ვართ, ფილმში გინება და უხამსობაც არ არის, მხოლოდ ერთი სცენაა ჩხუბის. რაც შეეხება მსახიობებს, მთავარ როლებს მე და ნინო კურატაშვილი ვასრულებთ. მონაწილეობენ: ია შუღლიაშვილი, ასმათ ტყაბლაძე, ლიკა ქობულაძე, ამირან ბუაძე, ჯონი ჯანაშია, თამარ აბშილავა, აწ გარდაცვლილი თამარ სხირტლაძე და რაც მთავარია ჩემთვის, მამაჩემი თამაშობს მამის როლს. გადაღება 2019 წლის ბოლოს დამთავრდა, მაგრამ მერე "კოვიდი" დაიწყო და პოსტპროდაქშენი გაგვიჭიანურდა. ფილმის პრემიერა 2023 წლის 5 სექტემბერს შედგა, გადაღება თბილისში მიმდინარეობდა, ერთი დღე - მცხეთაში. 100%-ით ქართული ფილმია, ქართველი ხალხისთვის გადავიღეთ და გამიხარდება, თუ მოეწონებათ. უპირველესად ახალგაზრდებისთვისაა. უცხოელებმა კარგად შეაფასეს და დაგვაფასეს, ალბათ, ამაზე ჯილდოებიც მეტყველებს. მე ძალიან მიყვარს მსახიობებთან მუშაობა. არიან რეჟისორები, რომლებიც სცენარს გაძლევენ და შენ თვითონ უნდა მიხვდე, რა როგორ ითამაშო, ჩემი აზრით კი აუცილებელია თვითონ აუხსნა, რა არის საჭირო, რას როგორ ხედავ. მთელი ჯგუფის მადლიერი ვარ. ორი რამ მიყვარს ყველაზე მეტად - კამერა, კომპოზიციის დადგმა და მსახიობებთან მუშაობა. განაგრძეთ კითხვა