"არ გეთამაშებით, მოგვშორდი" - როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი ეზოში ბავშვებს შორის - მშობლები

"არ გეთამაშებით, მოგვშორდი" - როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი ეზოში ბავშვებს შორის

2024-04-12 10:44:21+04:00

ბავშვი რომ კარგად ადაპტირდეს თანატოლების კოლექტივში, უფროსები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ, როგორ თამაშობს ის ეზოში.

ბულინგის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ სკოლის მოსწავლე, არამედ ბავშვი, რომელიც ჯერ ბაღშიც კი არ დადის. ნებისმიერი ახალბედა ეზოში რისკის ქვეშაა, რომ სხვა ბავშვების ბულინგის მსხვერპლი გახდეს. როგორ ამოვიცნოთ ბულინგი ასე პატარა ასაკში და როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა.

როგორ გავიგოთ, რომ ეს არის ბულინგი

პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, არის თუ არა ეს ნამდვილი ბულინგი თქვენი შვილის წინააღმდეგ თუ ერთჯერადი კონფლიქტია? ბავშვები ხშირად ჩხუბობენ და ყოველთვის იჩხუბებენ, ყველაზე ხშირად სათამაშოებს ვერ იყოფენ, მაგრამ ეს ყოველთვის ბავშვის სისტემატიურ დამცირებას ან შეურაცხყოფას არ ნიშნავს.

ბულინგი კონფლიქტისგან იმით განსხვავდება, რომ მონაწილეების რეალური მოთხოვნილებაა საკუთარი თავის უპირატესობის დამტკიცება სხვა ბავშვის ხარჯზე, რომელსაც ჯერ არ შეუძლია თავის დაცვა ან არ იცის, როგორ გააკეთოს ეს.

თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს შვილს სხვა ბავშვები ხელს ჰკრავენ, დასცინიან და თამაშიდან აგდებენ, ჰკითხეთ, რამდენი ხნის წინ დაიწყო ეს. ყველა ბავშვი ასე იქცევა თუ მხოლოდ ზოგი?

ბავშვს შეიძლება არ სურდეს ამ თემაზე საუბარი (მისთვის რთული) და თქვენ არ უნდა აიძულოთ ან დაჟინებით მოითხოვოთ. მიეცით მას დრო: შეგიძლიათ მოგვიანებით დაუბრუნდეთ ამ საკითხს და მისთვის ყველაზე მშვიდი მომენტი შეარჩიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ არაფერს გეტყვით და თქვენ ვერ შეძლებთ დახმარებას.

იმისთვის, რომ ბავშვს დაბულინგების ნაკლები რისკი ჰქონდეს, მნიშვნელოვანია თითქმის აკვნიდან ესაუბროთ ყველა ემოციაზე, მიეცით საშუალება გამოხატოს პროტესტი და გამოხატოს თავისი აზრი. ასე სწავლობს ბავშვი საკუთარი თავისა და საზღვრების დაცვას.

თუ კონფლიქტური სიტუაციაა, დაუყოვნებლივ არ უნდა იჩქაროთ დასახმარებლად მისვლა, ადროვეთ ბავშვს, საკუთარი თავის დაცვა სცადოს. შეეცადეთ სახლში ისეთი სიტუაციები გაითამაშოთ, სადაც ბავშვს თავის დაცვა დასჭირდება. თუ ეს მიდგომა არ იმუშავებს, იგივე სიტუაციები სათამაშოებით გაითამაშეთ.

თუ სხვა ბავშვი თქვენს შვილს ეუბნება, "გაჩერდი, მე არ ვითამაშებ შენთან", „მორჩი, არ გვინდა შენთან თამაში“- ასწავლეთ მას თამაშის დატოვება, რადგან ასეთი მოპყრობა არ უნდა მოითმინოს.

თუ ბავშვს ურტყამენ ან ხელს კრავენ, ზრდასრულმა ის ფიზიკურად უნდა დაიცვას ტრავმისგან. აუცილებლად თქვით ფრაზა, რომ არავის ცემა არ შეიძლება. გაარკვიეთ, რა მოხდა, აგრესიის და ბრალდებების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ არ შეეხოთ სხვა ბავშვებს ან არ გალანძღოთ ისინი.

თუ ბავშვებისგან ვერ არკვევთ, ვინ არის დამნაშავე ამ სიტუაციაში, შეეცადეთ მშობლებს სთხოვოთ დახმარება, მაგრამ არა თავდასხმებით, არამედ შეთავაზებით, რომ დაგეხმარონ ამ სიტუაციის მოგვარებაში. არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის შენიშვნების მიცემა და ლექციის კითხვა: პასუხისმგებლობა ბავშვზე და მის ქცევაზე უფროსებს ეკისრებათ. ჩვენ ურთიერთობები მშობლების მეშვეობით უნდა დავალაგოთ.

მომავალში აუცილებელია ბავშვს კონტაქტის დამყარება ასწავლოთ. ეს თანდათანობით უნდა გააკეთოთ. ნუ ააჩქარებთ მას, ნუ აიძულებთ "სწორად" მეგობრობას. ნელ-ნელა აუხსენით, როგორ გაიცნოს ბავშვი, ასწავლეთ მისალმების ჟესტები და როცა სასეირნოდ წახვალთ, თქვენთვის და სხვა ბავშვებისთვის სათამაშოები წაიღეთ. ასწავლეთ შვილს, დაელოდოს თავის რიგს, როცა საქანელებზე სხვები ქანაობენ, არ აიღოს სხვისი სათამაშოები უკითხავად. ეს შეამცირებს კონფლიქტურ სიტუაციებს.