როგორ ცხოვრობს დღეს ლელა ვეფხვაძის ქალიშვილი - გოგონა "ნიჭიერიდან" საუბრობს ცნობილ დედაზე, მძიმე დღეებსა და მარტოხელა დედობაზე - მშობლები

როგორ ცხოვრობს დღეს ლელა ვეფხვაძის ქალიშვილი - გოგონა "ნიჭიერიდან" საუბრობს ცნობილ დედაზე, მძიმე დღეებსა და მარტოხელა დედობაზე

2024-04-13 09:53:22+04:00

2011 წელს მეგაპროექტში "ნიჭიერი" გამოჩნდა. ამბობს, რომ ახლა იმასთან შედარებით გარეგნულად ბევრად შეცვლილია, მაგრამ დღემდე ცნობენ, რაც უხარია. ნატალიმ თავისი ნიჭიერებით და მუსიკალურობით ბევრი ადამიანის გული მოიგო. მას ბავშვობიდან მხედველობის პრობლემა აქვს, მაგრამ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანია. არ მოსწონს, როდესაც ის ეცოდებათ...მისი დედა ლელა ვეფხვაძეა, ქალი, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა. ადამიანი, რომელიც რუსთაველზე მოსულ რუსის ჯარს სიმღერით დახვდა.

ნატალი ვეფხვაძე:

- ვიზრდებოდი დედის, 2 დეიდის დეიდის, ბებიის და სამი დეიდაშვილის გარემოცვაში. დეიდაშვილები (ბიჭები) რომ წამოიზარდნენ, შემდეგ მათ გააგრძელეს ჩემზე ზრუნვა. ცოტა ფიცხი ხასიათი მაქვს, ამას იმას ვაბრალებ, რომ ბიჭებმა გამზარდეს და მაგის ბრალია-მეთქი. იმის მიუხედავად, რომ დაბადებიდან მხედველობის პრობლემა მაქვს, ეს ჩემს ოჯახში არ მიგრძნია. ბევრ რამეს მასწავლიდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გამეკეთებინა. დეიდებიდან, უმცროსი ცირა უსინათლოა, უფროსი - დალი - მხედველი. დედაჩემი კაპელიდან სადმე რომ მიდიოდა, სულ დალისთან ვიყავი ხოლმე. მერე უსინათლოთა სკოლაში რომ შევედი, ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი უმცროსი დეიდა იყო და ჩემი აღზრდის რაღაც ნაწილი მასზეც გადავიდა. იმიტომ, რომ სკოლაში დიდ დროს ვატარებდი. მაშინ რელიგია ისწავლებოდა და ამ საგანსაც ის მასწავლიდა. საერთოდ ბევრი რამ მასწავლა. მეუბნებოდა, ადამიანი ღირსეული მაშინაა, როცა შეუძლია სამართლიანობის დასაცავად ისიც კი გაწიროს, რაც მისთვის ძვირფასია.

...ლელა მკაცრი ქალი არ არის. მას აღზრდის თავისებური მეთოდი ჰქონდა - უფრო სინდისზე მაგდებდა, რომ ჩემი დაშვებული შეცდომა მეგრძნო და დავფიქრებულიყავი. გაწონასწორებული ადამიანია. 1986 წელს დავიბადე და 1989 წლის 9 აპრილს მესამე წელში ვიყავი, ამიტომ რაც ამ დღეს მოხდა, ეს უფრო გვიან ასაკში გავიგე. ჩემთვის მძიმე იყო იმის გაცნობიერება, იმ ღამეს ადამიანები, მათ შორის, გოგონები დაიღუპნენ...

დედა და დეიდაც იქ იყვნენ, მძიმე წუთები გამოიარეს. თუმცა მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა და სად იყვნენ, მათი ამბის გაგებას უფროსი დედა ვერ ახერხებდა. იყო პანიკა, რადგან არ იცოდა, ცოცხლები იყვნენ თუ არა მას მერე, როცა ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ ადამიანები დაიღუპნენ. სულ მესმის, რომ ლელა ვეფხვაძე გმირია, მეუბნებიან კიდეც, დედაშენი გმირია. არადა, ლელა იმდენად სხვანაირად გვაწვდიდა ამ ამბავს და ახლაც ასეა, - ეს იყო ქვეყნის წინაშე, ქვეყნის შვილების მოსახდელი ვალი... ამიტომ ამას მეც ასე ვუყურებ. რომ მეუბნებიან დედაშენი გმირია, თავს უხერხულად ვგრძნობ და გმირს არც ვეძახი. თან მისგან ეს მკაცრად მაქვს აკრძალული. რა თქმა უნდა, მეამაყება, რომ დედაჩემია და ჩემთვის მისაბაძი ადამიანი. არ ვიცი, ამხელა სულისკვეთება მე მექნებოდა თუ არა. ამას შევძლებდი?!

"მხედველობასთან დაკავშირებით ბულინგი უფრო ბავშვობაში იყო"

- საბავშვო ბაღში გვყავდა ერთი ძიძა, რომელსაც ჟუჟუნა ერქვა. ბავშვების თანდასწრებით ბრუციანს მეძახდა. თან ამას იმდენად დამცინავი ტონით აკეთებდა, ვერ აღგიწერთ... მერე მივდიოდი, ვიკეტებოდი, ბავშვებთან ურთიერთობა აღარ მინდოდა. ამაზე ბავშვების ნაწილს ეცინებოდა... პირველად რომ დამიძახა და ტირილი დავიწყე, ერთადერთი ბავშვი იყო, ანზორი ერქვა, დედის მოტანილი ტკბილეული და ყურძნის მტევანი მომცა და ჩამეხუტა. თანაგრძნობა ასე გამომიხატა... რომ წამოვიზარდე, იმ ბაღში მივედი, იმ ქალის ნახვა მინდოდა, უნდა მეკითხა, ამას რატომ აკეთებდა, მაგრამ გარდაცვლილიაო - მითხრეს... ეს ამბავი ლელას 20 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვუთხარი, არც ჩემი დეიდაშვილებისთვის მომიყოლია. ბიჭები, რომლებიც სულ ფარად მყავდნენ, რომ გაეგოთ, ამას ისე არ დატოვებდნენ... განაგრძეთ კითხვა