"სიცივე, გადაღლა, სტრესი, ყოველდღიური პაკეტების რეგულარული გამოყენება საშოს ადგილობრივ იმუნიტეტს აქვეითებს" - მანანა მგალობლიშვილი ყველაზე გავრცელებული ჩივილების შესახებ - მშობლები

"სიცივე, გადაღლა, სტრესი, ყოველდღიური პაკეტების რეგულარული გამოყენება საშოს ადგილობრივ იმუნიტეტს აქვეითებს" - მანანა მგალობლიშვილი ყველაზე გავრცელებული ჩივილების შესახებ

2024-04-26 10:35:53+04:00

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე საუბრობს, რა იწვევს ბაქტერიულ ვაგინოზს, რა სიმპტომებით ვლინდება ის და როგორ ვუმკურნალოთ:

- თუ საშოდან გამონადენი გაწუხებთ, რომელსაც შესაძლოა, არასასიამოვნო სუნი, ქავილი, წვა, სქესობრივი კონტაქტის დროს დისკომფორტი ჰქონდეს, ამასთანავე თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი პერიოდულად მწვავდება, ან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, ან კავშირშია მენსტრუალურ ციკლთან - მაგალითად, მწვავდება ყოველი მენსტრუაციის დროს ან შემდგომ, დიდი ალბათობით, ბაქტერიული ვაგინოზი გაქვთ.

ბაქტერიული ვაგინოზი სქესობრივად გადამდები ინფექცია არ არის. ის საშოში ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევის შედეგად ვითარდება. მოგეხსენებათ, საშო სტერილური ორგანო არ არის. მასში თანაცხოვრობენ როგორც ბოროტი, ასევე კეთილი ბაქტერიები. ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევა ნიშნავს იმას, რომ ბოროტი ბაქტერიები მრავლდება, მათი რაოდენობა აჭარბებს კეთილი ბაქტერიების რაოდენობას და არეულობა იწყება. შედეგად, ვიღებთ ბაქტერიულ ვაგინოზს და იმ სიმპტომებს, რომლის შესახებაც მოგახსენეთ.

ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითების შედეგია. რაც, თავის მხრივ, შეიძლება ძალიან ბევრ ფაქტორთან იყოს დაკავშირებული. მათ შორისაა: სიცივე, გადაღლა, სტრესი, ყოველდღიური პაკეტების რეგულარული გამოყენება, საშოს გამორეცხვა, ხანგრძლივი და ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია...

ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზის დასმისას პაციენტის ანამნეზი და მისი ჩივილების დეტალურად გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია, დათვალიერება ხდება, რომლითაც საშოს ნაცხის მჟავიანობას განვსაზღვრავთ. საშოს ნაცხს მჟავე გარემო აქვს. როცა ბაქტერიული ვაგინოზია, ტუტე გარემო იქმნება. მონაცემების შეჯერებით ექიმი დიაგნოზს სვამს და სათანადო მკურნალობას ნიშნავს. თუ დიაგნოზი სწორად დაისვა, მაშინ მკურნალობა ძალიან მარტივია. სულ რაღაც 1-2 პრეპარატი გამოიყენება.