"სათვალე და პირბადე გარკვეულწილად დაგიცავთ... თან იქონიეთ წყალი" - სპეციალისტის რეკომენდაციები - მშობლები

"სათვალე და პირბადე გარკვეულწილად დაგიცავთ... თან იქონიეთ წყალი" - სპეციალისტის რეკომენდაციები

2024-05-01 14:22:42+04:00

30 აპრილს, საქართველოში მშვიდობიან აქციას, რომლის დროსაც ადამიანები ხელისუფლების მიერ ინიცირებულ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" აპროტესტებდნენ, დარბევა მოჰყვა. აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი და სხვა ცრემლმდენი საშუალება გამოიყენეს, რომლის დროსაც არაერთი ადამიანი დაშავდა. ახალგაზრდები აქციის გამართვასა და ფართომასშტაბიან მსვლელობას კვლავ გეგმავენ. ვინაიდან ისევ არის აქციის დაშლის მიზნით სხვადასხვა საშუალების გამოყენების რისკი, რეკომენდაციებისათვის ექიმ ტოქსიკოლოგს ოთარ დიხამინჯიას მივმართეთ:

- ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი საშუალებები მასობრივი შეკრებებისა და სხვადასხვა აქციის დროს, მომიტინგეთა დასაშლელად, პოლიციელთა მხრიდან გამოიყენება. თუ ე.წ. წიწაკის სპრეი, ან სხვა ცრემლმდენი საშუალება ლორწოვან გარსზე მოხვდება, სასწრაფოდ უნდა ჩამოვიბანოთ. თუ სამოსი დაბინძურებულია, მნიშვნელოვანია, რომ გავიხადოთ და კანიც ჩამოვირეცხოთ. მსგავსი ნივთიერებები, ძირითადად, მტვრის სახით გამოიყოფა და შემდეგ ტანსაცმელზე, ტანზე, ლორწოვან გარსებზე ილექება. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ კანი გამდინარე წყლით ჩამოვიბანოთ და როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ტანსაცმელი გამოვიცვალოთ.

როდესაც თვალიდან დეკონტამინაციაზე ვსაუბრობთ, სასურველია, ისეთი სითხე გამოვიყენოთ, რაც რეკომენდებული და დაშვებულია. ასეთ დროს ძირითადად ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენება. როგორც წესი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან, რომლებიც შესაბამისი საშუალებებით მომარაგებულები არიან. ამიტომ, უმჯობესია, მას მიმართოთ და თვალი ფიზიოლოგიური ხსნარით მათ გაგიწმინდონ. რაც შეეხება ტანს, ჩვეულებრივი გამდინარე წყლით ჩამობანა საკმარისია.

- ეფექტურია თუ არა ასეთ დროს რძის გამოყენება?

- რაც შეეხება რძეს, მასთან დაკავშირებით სამედიცინო მტკიცებულებებზე დამყარებული რეკომენდაცია არ არსებობს. როგორც გითხარით, თვალების გასუფთავებისათვის უმჯობესია ფიზიოლოგიური ხსნარი გამოვიყენოთ, თუმცა, ეს სამედიცინო პერსონალის პრეროგატივაა. ტანის შემთხვევაში, გამდინარე წყლით გასუფთავება საკმარისია.

- ვინ არიან ასეთ დროს რისკ ჯგუფებში?

- ასეთ დროს რისკის ჯგუფებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვთ. ვინაიდან ეს ნივთიერებები ბრონქების შევიწროებასა და სპაზმს იწვევს, შესაძლოა, დაავადება გამწვავდეს. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო ბრიგადებს, რომ ბრონქოსპაზმის მოსახსნელად სპეციალური მედიკამენტები გამოიყენონ. ამ დროს თვითმკურნალობა არ შეიძლება. ნივთიერებები ალერგენებზე მოქმედებენ, შესაბამისად, დაავადების გამწვავებასა და სპაზმური შეტევების პროვოცირებას იწვევენ.

- რა პრობლემები შეიძლება შექმნას ცრემლმდენმა საშუალებებმა?

- ის მხედველობის დაზიანებას არ გამოიწვევს, მაგრამ ვინაიდან ძალიან მტკივნეულია, განაპირობებს ცრემლდენას, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, შესაძლოა, დაავადების მიმდინარეობა დროში გახანგრძლივდეს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სასწრაფოდ ჩამოვიბანოთ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ჯობს ეს თვალის შემთხვევაში პროფესიონალებმა გააკეთონ. ვერავის მივცემ რეკომენდაციას, რომ თვალის დეკონტამინაცია თვითნებურად განახორციელონ, რადგან თვალი ძალიან სათუთი ორგანოა.

- შესაძლებელია თუ არა ასეთ დროს თვალის ჩვეულებრივი წყლით ჩამობანა?

- თვალის შემთხვევაში, ჯობს, სტერილური სითხე, ფიზიოლოგიური ხსნარი გამოვიყენოთ და როგორც აღვნიშნე, უმჯობესია, ეს ექიმმა გააკეთოს, რომ კიდევ უფრო მეტი დაზიანება თავიდან ავირიდოთ.

- რა უნდა გვქონდეს თან, თუ მივდივართ აქციაზე და იქ ცრემლმდენი საშუალებების გამოყენების რისკი არსებობს?

- პირბადე სასუნთქი სისტემის დაზიანებისაგან გარკვეულწილად დაგვიცავს. ასევე, სათვალე თვალის ლორწოვანის დაზიანებას გარკვეულწილად თავიდან აგვარიდებს. კარგი იქნება, თუ გვექნება წყალი. ვისაც სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები აქვს, მათთვის ასეთ ადგილზე ყოფნა სარისკოა. ამიტომ, ე.წ. ცრემლმდენი საშუალებებით დაზიანების შემთხვევაში, აუცილებელია, უახლოეს სამედიცინო ბრიგადას მივმართოთ.

თამარ იაკობაშვილი