„მოსწავლე აუცილებლად უნდა გრძნობდეს, რომ საგანი ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირშია და მხოლოდ გაკვეთილისთვის არ სწავლობს“ - გამოცდილი მასწავლებელი მოსწავლის დაინტერესებასა და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე - მშობლები

„მოსწავლე აუცილებლად უნდა გრძნობდეს, რომ საგანი ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირშია და მხოლოდ გაკვეთილისთვის არ სწავლობს“ - გამოცდილი მასწავლებელი მოსწავლის დაინტერესებასა და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე

2024-05-02 13:22:00+04:00

ყველა მშობელს გამოუცდია, რა სიამოვნებით სწავლობენ ბავშვები სკოლაში საგანს, რომელიც უყვართ და აინტერესებთ. ჩვენი საიტის მიერ ჩატარებული გამოკითხვისას ბავშვებმა ერთ-ერთ რთულ საგნად ბუნება დაასახელეს, რაც საკმაოდ მოულოდნელი პასუხი აღმოჩნდა ჩვენთვის. რას ასწავლის ეს საგანი ჩვენს ბავშვებს, რა არის ამ საგნის მთავარი დანიშნულება, რა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს უნდა აძლევდეს ის მოსწავლეს და როგორ უნდა ისწავლებოდეს - ამ საკითხებზე სკოლა "აია-ჯესის" ბუნებისა და ბიოლოგიის მასწავლებელს, ეკოკლუბის დამაარსებელსა და საზოგადოებრივ აქტივისტს თინათის ლაღიძეს ვესაუბრეთ

- ჩემთვის ბუნების სწავლება არ არის უბრალოდ საგაკვეთილო პროცესი, მიმაჩნია, რომ ეს საგანი უპირველესად ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების, გარემოზე ზრუნვის და სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალებაა. თანამედროვე სამყარო უამრავი გამოწვევების წინაშეა, რომელთაგან უპირველესია დედამიწის, ჩვენი პლანეტის ‘’დაზიანება’’. იმისათვის რომ ბალანსი დაცული იყოს და ადამიანი აცნობიერებდეს, რა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება, თუ არ მოუფრთხილდება გარემოს, ზრუნვა და სწავლება სწორედ ბუნების საგნიდან უნდა იწყებოდეს. ჯერ კიდევ საბაზისო ცოდნა და უნარ-ჩვევები მოსწავლემ დაწყებით კლასებში უნდა მიიღოს და ეს მიღწევადია, თუ კარგად დაგეგმილ, გააზრებულ ბუნების გაკვეთილებს შევთავაზებთ ბავშვებს.

- მიუხედავად იმისა, რომ ბუნება ძალიან საინტერესო მოვლენებს აცნობს მოსწავლეებს, ბავშვებს რთულად ეჩვენებათ და ბევრს არ უყვარს. როგორ უნდა ისწავლებოდეს ეს საგანი, რომ ბავშვებმა შეიყვარონ? ხომ არ არის სახელმძღვანელოებში ან სასწავლო პროგრამაში რამე ხარვეზი, რაც ახსნიდა ამ პრობლემას.

- იმისათვის რომ ბუნების საგნით ბავშვი დაინტერესდეს, აუცილებელია საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა საინტერესოდ. ყველაზე მთავარი - პრაქტიკული ნაწილია, კეთება საკუთარი ხელით, დაკვირვება, ცდა, ექსპერიმენტების ჩატარება, მოდელის შექმნა და სხვა ... აუცილებელია ბავშვი სასწავლო პროცესის დროს ხვდებოდეს, რომ ეს საგანი მას ცხოვრებისეულ ყოველდღიურობასთან აკავშირებს და არ არის სწავლა მხოლოდ სწავლისთვის. თუ ჩვენ დავარწმუნებთ მოსწავლეს, რომ მისივე კეთილდღეობისთვის უნდა იზრუნოს გარემოზე და შესაბამისად, აიმაღლოს ცოდნა ბუნებისმეტყველების საგანში, შემდგომ უკვე ნებისმიერი დაბრკოლება გაქრება. სასწავლო პროგრამაც და სახელმძღვანელოებიც აუცილებლად უნდა იყოს მორგებული ისე, რომ მასწავლებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, მარტივად დაგეგმოს გაკვეთილი, დროის უმეტესი ნაწილი კი ‘’ღია ცის ქვეშ’’ გაკვეთილებს დაუთმოს, ასევე გაკვეთილს ლაბორატორიაში და ა.შ.

- სკოლაში ეკოკლუბს ხელმძღვანელობთ. ასეთი კლასგარეშე აქტივობები რამდენად ეხმარება ბავშვებს?

- 2016 წელს სკოლაში ჩემს მოსწავლეებთან ერთად დავაარსე ეკოკლუბი ‘’მწვანე სივრცე’’-Green Space.კლუბის დაარსების მიზანი არაფორმალური განათლების მიმართულებით იმ პროექტებზე მუშაობა გახლდათ, რომელთა განხორციელებასაც ფორმალური განათლების ფარგლებში ვერ მოვახერხებდით. კლუბის ძირითად მიმართულებას დასაწყისში სკოლის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტები წარმოადგენდა, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული სხვადასხვა კონკურსებში ჩართვა. პანდემიის პერიოდში მუშაობა არ შეწყვეტილა და ნაყოფიერიც აღნოჩნდა, რადგან ჩავერთეთ რამოდენიმე საერტაშორისო პროექტში და გავძლიერდით ამ მიმართულებითაც, დავმეგობრდით და თანამშრომლობა დავიწყეთ რამოდენიმე დიდ ორგანიზაციასთან, როგორებიც არის: საბუკო, CENN, Nature Conversation Georgia და სხვა. მომდევნო წლებში კლუბის მუშაობას დაემატა სოციალური პროექტებიც.

მდგრადი განვითარების მიმართულებით კლუბი აქტიურად მუშაობს, წელიწადში ორჯერ მეორადი რესურსებით დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვას ვმართავთ, რომელიც საქველმოქმედოა და შემოსული თანხით ხანდაზმულთა სახლებს, სოციალურ საწარმოებს ვეხმარებით, უკრაინის ერთ-ერთ სკოლას დავეხმარეთ, თურქეთს მიწისძვრისძროსაც გავიღეთ ჩვენი წვლილი.

კლუბს აქვს ე.წ. ‘’ნაშვილები ტერიტორია’’ თბილისის ზღვის მიმდებარედ, სადაც რეგულარულად ვატარებთ დასუფთავების აქციებს, ვზრუნავთ მწვანე საფარზე და ნერგებსაც ვრგავთ.

აქტიურად ვზრუნვათ ურბანულ ფრინველებზე, გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად დავდივართ და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა შევიძინოთ გარემოსდაცვითი მიმართულებით.

კლუბი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტშიცაა ჩართული, მაგალითად, როგორიც არის GLOBE და სხვა.ხდება თანამშრომლობა/ დამეგობრება სხვა სკოლის ეკოკლუბებთან, ეთნიკური უმცირესობების სკოლებთან მაგ. მარნეულის 2 საჯაროს სკოლის ეკოკლუბი, ნახიდურის საჯაროს სკოლა.საგანმანათლებლო კუთხითაც ხორციელდება პროექტები, ‘’აჩუქე ერთი წიგნი’’-ს ფარგლებში მაღალმთიან რეგიონში ერთ-ერთ სკოლას შევუქმენით მცირე ბიბლიოთეკა.

რაც უფრო მეტი პროექტი ხორციელდება, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ არაფორმალური განათლების როლი მოსწავლის განვითარებაში ძალიან დიდია. ბავშვები ისეთ უნარ-ჩვევებს იძენენ, რომლებიც მათ სოციალურ პასუხისმგებლობის გრძნობას უმაღლებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარება, იზრდებიან სრულფასოვანი მოქალაქეები, პროფესიულად იზრდება და ვითარდება თავად პედაგოგიც. მნიშვნელოვანია პირადი მაგალითიც, რასაც მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს.

მაგალითად, ჩემი პირადი ინიციატივით, მინდა მოხალისეობრივად განვახორციელო მწვანე გაკვეთილების პრაქტიკული და თეორიული კურსი ბორჯომში მცხოვრები შშმ პირებისა და ბავშვებისთვის, დღის ცენტრ ‘’თებე’’-ში. ამ პროექტის მიზანი ეკოცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვით საკითხებში ისეთი უნარ-ჩვევების შეძენაა, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ. ვასწავლით რესურსების მდგრადად გამოყენების მიზნით კომპოსტის წარმოებას, გავუზიარებთ მებაღეობის საბაზისო ცოდნას. იდეის მხარდამჭერი ფონდი „ორბელიანი მეტი“ გახლავთ. ასევე, მიმდინარეობს ე.წ. croudfounding / სახალხო დაფინანსების პროცესი, სადაც თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა და დონაცია მნიშვნელოვანია .https://orbelianimeti.ge/product/tsvane-gakvethilebi-borjomshi-mtskhovrebi-shshm-pirebisthvis/

- თანამედროვე ბავშვების დაინტერესება დღევანდელი სტარდარტული სასწავლო პროგრამებით რთულია. თქვენ როგორ ახერხებთ ამას?

- თანამედროვე ცხოვრება მუდმივად პროგრესულია, ვითარდება, წინ მიდის ტექნოლოგიები, ადამიანის შესაძლებლობები იზრდება და ამ ყველაფრის მიმართ რიტმის აწყობა ყველაზე უკეთ ბავშვებს, მოზარდებს გამოსდით, რომლებიც ბევრად უფრო სწრაფი და სხარტი აზროვნებით გამოირჩევიან. თუ ჩვენ ბავშვს შევთავაზებთ სტანდარტულ მიდგომებს სასწავლო პროცესში, ის შეიძლება არასაინტერესო აღმოჩნდეს მისთვის და ბევრად უფრო საინტერესოდ თავად მიაგნოს ამა თუ იმ საკითხის გასარკვევ გზას. ამიტომ აუცილებელია მასწავლებელიც მუდმივად ვითარდებოდეს, ფეხს უწყობდეს თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს, რათა არ ჩამორჩეს იმ სიახლეებს, რომლებითაც დააინტერესებს მოსწავლეებს. ბავშვებისგან უამრავი სიახლის სწავლაა შესაძლებელი, ისინი ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად ახერხებენ გარკვევას თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიდგომებში, ამიტომ სასწავლო პროცესი სიახლეებით სავსე უნდა იყოს.

- ზოგადად რისი თქმა შეგიძლიათ დღევანდელ თაობაზე, რა უჭირთ და რა ეადვილებათ, რით ინტერესდებიან?

- დღევანდელ თაობას ძალიან ვაფასებ, დიდი იმედით ვუყურებ მათ შესაძლებლობებს. მათთან ერთად შესაძლებელია მასწავლებელიც მუდმივად ვითარდებოდეს. ცხადია, სირთულეები და გამოწვევები თან ახლავს თანამედროვე ცხოვრებას, პირველი და უმთავრესი სწორედ ტექნოლოგიების მიმართ ადიქციიაა. ამ მხრივ განსაკუთრებულად ბევრ პრობლემას შეიძლება შევხვდეთ და პრობლემის გადაჭრის გზებიც სიფრთხილით უნდა მოვძებნოთ. აქაც ძალიან დაგვეხმარება ბუნების საგანი, თუ მოსწავლეს ავუმაღლებთ ეკოცნობიერებას და ასევე, მოტივაციას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიმართ, ის აუცილებლად დაინტერესდება ამ მიმართულებით და გაჯეტების გამოყენებაც სწორი მიმართულებით წარიმართება .

- მოხალისეობრივ საქმიანობასაც ეწევით. მოხალისეობა, რაც ასე მიღებულია განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენთან ახლა იკიდებს ფეხს. რას ეტყოდით დღევანდელ ახალგაზრდებს ამ საქმიანობაზე, რატომ და როგორ უნდა გახდნენ მოხალისეები?

- უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად ვარ ჩართული მოხალისეობრივ პროექტებში სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სოციალური თუ გარემოსდაცვითი საკითხები. ასევე, ვმუშაობ მოხალისეთ მოხუცთა თავშესაფარში, ვარ მოხალისე მასწავლებელი საკვირაო სკოლაში. ჩემთვის მოხალისეობა არის აღმოჩენა - მას შემდეგ რაც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობა დავიწყე, მივხვდი რომ მომემატა ენერგია, ენთუზიაზმი, ზრუნვის მიმართ განსაკუთრებული სწრაფვის სურვილი. გარდა ამისა, მე, როგორც მოხალისე მასწავლებელი, ვცდილობ ამ გზით პოპულარიზაცია გავუწიო ზოგადად მოხალისეობას, გავხდე მაგალითი ჩემი შვილებისთვის, მოსწავლეებისთვის. მოხალისეობას ნამდვილად მოაქვს უამრავი დადებითი ენერგია. ადამიანების ძირითადი მოვალებაც ცხოვრებაში ხომ ეს არის - ერთმანეთზე ზრუნვა, სითბოს გაცემა, რომელსაც შემდეგ სამყარო ბუმერანგივით გვიბრუნებს ასმაგი სიკეთით.

განსაკუთრებულად მნიშნელოვანია მოხალისეობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება გარემოსდაცვით საკითხებში, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა. ჩვენ, მასწავლებლები, ზრდასრულები, ვალდებულიც ვართ მივცეთ მაგალითი ჩვენი ქმედებით ჩვენს მოსწავლეებს, იზრუნონ გარემოზე, ადამიანებზე, პლანეტას ბევრად მეტი მოხალისე სჭირდება.