"თბილისში დასმულმა არასწორმა დიაგნოზებმა და არასწორმა მკურნალობამ ძალიან გაართულა მდგომარეობა, 6 ოპერაცია გავუკეთეთ უკვე... ისევ გვიწევს სანდროს წაყვანა თურქეთის კლინიკაში..." - 3 წლის სანდრო ღლონტს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მშობლები

"თბილისში დასმულმა არასწორმა დიაგნოზებმა და არასწორმა მკურნალობამ ძალიან გაართულა მდგომარეობა, 6 ოპერაცია გავუკეთეთ უკვე... ისევ გვიწევს სანდროს წაყვანა თურქეთის კლინიკაში..." - 3 წლის სანდრო ღლონტს საზოგადოების დახმარება სჭირდება

2024-05-02 19:09:41+04:00

3 წლის სანდრო ღლონტს მცირე ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაოდ ბევრი სირთულე აქვს ნანახი და გამოცდილი, და კვლავ ამ რთულ გზაზე დგას. გვიყვება სანდროს დედა - მარიამ ციცხვაია:

- ჩემი სანდრო 3 წლის არის, მას დაბადებიდან აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მისი დიაგნოზია "ჰირშპრუნგი” - ეს დაავადება აზიანებს მსხვილ ნაწლავს და იწვევს მონელების პრობლემებს, გამოწვეულია ბავშვის მსხვილი ნაწლავის კუნთებში ნერვული უჯრედების არარსებობით. სამწუხაროდ, ამ დიაგნოზის დასმა მოხდა ძალიან დაგვიანებით, 2 წლის განმავლობაში თბილისში დასმულმა არასწორმა დიაგნოზებმა და შესაბამისად არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია ის, რომ შარშან ზაფხულში უკვე ძალიან კრიტიკული მდგომარეობით ბავშვი წავიყვანეთ თურქეთის კლინიკაში, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. არადა, რეალურად ამ დიაგნოზის დასმა დაბადებიდან 48 საათის განმავლობაში ხდება. სანდრო გაჩნდა ნაადრევად, 32 კვირაზე, შესაბამისად კიდევ 1 თვე და 3 კვირა იმყოფებოდა ღუდუშაურის კლინიკის ინკუბატორში, მაშინ უკვე მონელების პრობლემა ჰქონდა ბავშვს და ისმებოდა ბევრი გაუგებარი კითხვა, ბოლოს არასწორი დიაგნოზით გამოწერეს ბავშვი კლინიკიდან, გვითხრეს, რომ აქვს გრძელი ნაწლავი, რომელიც ზრდასთან ერთად ნორმაში ჩადგებოდა. ახლა უკვე რომ გავეცანი ამ დაავადებას (ჰირშპრუნგს), თურქეთის პროფესიონალი ექიმებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ამ დაავადების დიაგნოსტირება ინკუბატორში ყოფნის დროსვე იყო შესაძლებელი, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. კლინიკის გამგესთან კონტაქტის დროს პასუხად მივიღეთ, რომ ეს უშუალოდ მისი ბრალი არ არის და იმ ქირურგებს უნდა მოვთხოვოთ პასუხი, ვინც მაშინ მათ კლინიკაში ბავშვი გასინჯა (ამ ქირურგების სახელი და გვარებიც მოგვახსენა, რომ თვითონ აერიდებინა პასუხისმგებლობა თავიდან). 1 თვე და 3 კვირა პრობლემური ბავშვი ფაქტიურად ტყუილა იმყოფებოდა ინკუბატორში, ზოგჯერ ვფიქრობ მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსების გამო წელავდნენ ბავშვის იქ ყოფნის ვადებს, პრობლემის მოგვარებას კი საერთოდ არც ცდილობდნენ, და ჩემს მიტანილ დედის რძეს აბრალებდნენ ბავშვის გაუვალობას.

სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ სანდროს მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდებოდა, რამდენჯერმე მოვხვდით თბილისის სხვადასხვა კლინიკაში (ჟვანია, ჯეოჰოსპიტალსი, გერმანული ჰოსპიტალი, გლობალმედი..), მაგრამ აქაც სამშობიაროდან გამოტანილი დიაგნოზით ხელმძღვანელობდნენ, ბოლოს საბედნიეროდ, ერთ-ერთმა პედიატრმა მოგვცა მიმართულება თურქეთის კლინიკისკენ, სადაც სანდროს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია 27,000 დოლარის ღირებულების, ამ თანხის ძირითადი ნაწილი ხალხის, კეთილი ადამიანების დახმარებით შევაგროვეთ, თორემ წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენი ოჯახისთვის ამ პრობლემასთან მარტო გამკლავება.

იმის გამო, რომ 2 წლის განმავლობაში სანდროს თბილისში არასწორი მიმართულებით მკურნალობდნენ, მისი დაავადება ძალიან რთულ ეტაპამდე მივიდა, იმდენად დაზიანდა ნაწლავის ძირითადი ნაწილი, რომ მისი რეაბილიტაცია ახლაც რთულად მიმდინარეობს. პირველი ოპერაციის დროს ამოიკვეთა ნაწლავის 13 სანტიმეტრი. თავის დროზე რომ აღმოეჩინათ ეს დაავადება, მარტივი ოპერაციით მოგვარდებოდა ეს პრობლემა. მაგრამ თურქეთში ჩატარებული პირველი ოპერაციის შემდეგ, სანდროს კიდევ 5-ჯერ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა (ისევ თურქეთის კლინიკაში). მას კიდევ ესაჭიროება დამატებითი პროცედურების და კვლევების ჩატარება ისევ თურქეთის კლინიკაში ( ალბათ ხვდებით, რომ თბილისის კლინიკებში ბავშვის მიმყვანი აღარ ვარ). დაგვემატა ერთი პრობლემა, სანდროს დაუდასტურდა "ცელიაკია” - გლუტეინის აუტანლობა, რაც კიდევ უფრო ართულებს "ჰირშპრუნგის” მიერ დაზიანებული ნაწლავის რეაბილიტაციას, ამიტომაც სპეციალური პროცედურებით ცდილობენ ნაწლავის ფუნქციის დაბრუნებას თურქი ექიმები... თითოეული ჩასვლა თურქეთის კლინიკაში საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, არადა მათ გარეშე დავიღუპებოდით. მალე ისევ გვიწევს სანდროს წაყვანა თურქეთის კლინიკაში, ისევ ხალხის იმედად ვართ. სანდროს ჯერ კიდევ რთული და გრძელი გზა აქვს გასავლელი, იბრძვის, მაგრამ თქვენი დახმარების გარეშე არაფერი გამოუვა...

თიბისი ბანკი / TBC Bank:

#GE82TB7222745064300039

საქართველოს ბანკი / Bank of Georgia:

#GE45BG0000000499299255

მიმღები: ნატო ციცხვაია