უშვილო წყვილმა ცხოვრების განმავლობაში 74 ბავშვი გაზარდა: "ეს ბავშვები რთულ ოჯახებში იზრდებოდნენ და ჩვენც ბევრი ღამე გაგვათენებინეს პოლიციაში, თუმცა მათზე ზრუნვის სურვილი არ დაგვიკარგავს" - მშობლები

უშვილო წყვილმა ცხოვრების განმავლობაში 74 ბავშვი გაზარდა: "ეს ბავშვები რთულ ოჯახებში იზრდებოდნენ და ჩვენც ბევრი ღამე გაგვათენებინეს პოლიციაში, თუმცა მათზე ზრუნვის სურვილი არ დაგვიკარგავს"

2024-05-04 11:31:17+04:00

ბრიტანელმა წყვილმა საკუთარი სახლი 74 ბავშვს გადასცა და ყველა მათგანი მინდობით აღზრდაში აიყვანა. ამის შესახებ The Sun იუწყება.

ჰემფშირის საგრაფოში მცხოვრები 83 წლის ნორმა შოუ მთელი ცხოვრება შვილეზე ოცნებობდა. თუმცა ქალმა შვილის გაჩენა დამოუკიდებლად ვერ შეძლო. ბავშვობაში ტუბერკულოზით იყო დაავადებული და შვიდი წელი კლინიკებში მკურნალობდა, რის შედეგადაც უნაყოფო გახდა.

42 წლის ასაკში შოუ დაქორწინდა. მოგვიანებით წყვილმა გადაწყვიტა გაჭირვებულ და უსახლკარო ბავშვებს დახმარებოდნენ და მათი აღმზრდელები გახდნენ. 38 წლის განმავლობაში მათ რთულ პირობებში მცხოვრები 74 ბავშვი აიყვანეს მინდობით აღზრდაში. შოუს თქმით, მას ბავშვებისთვის ისეთი სიყვარულის მიცემა უნდა, რასაც მათი მშობლები ვერ აძლევდნენ. როგორც ქალმა აღნიშნა, ბევრი ბავშვი ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების ოჯახებში იზრდებოდა, ამიტომ ისინი შეშინებულნი იყვნენ და არავის ენდობოდნენ. ქალი ცდილობდა თითოეულ ბავშვს გაგებით მოპყრობოდა.

ამის მიუხედავად, შოუ და მისი ქმარი ხშირად ხვდებოდნენ სირთულეებს, რადგან არაკეთილსაიმედო ოჯახების ბავშვები „ყოველთვის ეხვეოდნენ უსიამოვნებებში“. ბავშვების საქციელის გამო წყვილს მრავალი ღამე პოლიციის განყოფილებაში აქვს გათენებული, თუმცა, ამას ბავშვებზე ზრუნვის სურვილი არ გაუქრია. შოუ აგრძელებდა შვილების აღზრდას მანამ, სანამ 2020 წელს ქმარი არ დაკარგა. შოუ იმედოვნებს, რომ ცოტათი მაინც გააუმჯობესა ამ ბავშვების ცხოვრება.