"დედაჩემი მთელი ცხოვრება დიასახლისი იყო, ჩემი და ჩემი ძმის აღზრდით იყო დაკავებული... მინდა, რომ ჩავეხუტო, დავდგე და ვუთხრა, "დედა მიყვარხარ", მაგრამ არ შემიძლია..." - ლევან საგინაშვილი დედაზე - მშობლები

"დედაჩემი მთელი ცხოვრება დიასახლისი იყო, ჩემი და ჩემი ძმის აღზრდით იყო დაკავებული... მინდა, რომ ჩავეხუტო, დავდგე და ვუთხრა, "დედა მიყვარხარ", მაგრამ არ შემიძლია..." - ლევან საგინაშვილი დედაზე

2024-05-08 13:34:38+04:00

მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" დედის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია:

- სიტყვა "დედა" ყველაფერს ამბობს. ის ჩემთვის ყველაფერია - მეგობარიც, დედაც, ყველაფერი... დედაჩემი მთელი ცხოვრება დიასახლისი იყო, ჩემი და ჩემი ძმის აღზრდით იყო დაკავებული. პატარა აღარ ვარ, 35 წლის ვარ და რაც დრო გადის, ვხვდები, რამდენად ძნელია, იყო მშობელი. ჩემი მშობლები 18 წლისები იყვნენ, როცა დაქორწინდნენ. ამიტომ, საკმაოდ ახალგაზრდა დედ-მამა მყავს. 18 წლის ასაკში რომ ქორწინდები და შვილები გყავს, ფაქტობრივად, შენი ცხოვრება უკვე მათთვის გაქვს გადადებული. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია.

სიყვარულის გამოხატვა ცოტა მიჭირს. სიტყვებით უფრო ვერ გამოვხატავ ხოლმე. მინდა, რომ ჩავეხუტო. რომ დავდგე და ვუთხრა, "დედა მიყვარხარ", არ შემიძლია. მკლავჭიდით რომ დავინტერესდი და ვარჯიში დავიწყე, მშობლები ჩემს ამ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებდნენ. უფრო ბებია მიჭერდა მხარს. ამ სპორტში არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა. მეუბნებოდნენ, რომ ამდენი ენერგია და დრო ტყუილად არ ჩამედო. მაგრამ, ჯიუტად ვაგრძელებდი. დაახლოებით, 3 წლის დაწყებული მქონდა ვარჯიში, როცა საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავედი. მერე უკვე თავადაც დაინტერესდნენ და დღეს მკლავჭიდის "ექსპერტები" არიან.

დედაჩემი ძალიან ემოციურია, სულ ნერვიულობს. ხშირად მწერს. ვეტყოდი, რომ ზედმეტად ნუ ნერვიულობს და ყოველთვის კარგსა და პოზიტიურს დაელოდოს. ძალიან კარგი დიპლომატია. იცის, როგორ უნდა მოგიდგეს. კეთილი და კარგი ადამიანია. რომ არა დედა, ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც დღეს მაქვს. დედა, მადლობა, რომ გამაჩინე, ამ სამყაროს მომავლინე და მადლობა, რომ გამზარდე ისეთი, როგორიც ვარ.