"თუ მოსწავლეს მასწავლებლის ეშინია, ცოდნას ვერ გამოამჟღავნებს... ვიცოდი, თუ მასწავლებელი გავხდებოდი, ბავშვებს ორიანით არ გავამწარებდი" - მშობლები

"თუ მოსწავლეს მასწავლებლის ეშინია, ცოდნას ვერ გამოამჟღავნებს... ვიცოდი, თუ მასწავლებელი გავხდებოდი, ბავშვებს ორიანით არ გავამწარებდი"

2024-05-09 12:33:10+04:00

ციალა რუსიამ საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილი მასწავლებლობას მიუძღვნა და მოსწავლეებისათვის მეგობარი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი გახდა. ის ახლა 89 წლისაა, უამრავი გამოცდილება დააგროვა და ახალბედა მასწავლებლებისთვისაც საინტერესო რჩევები აქვს. ამბობს, რომ მოსწავლეებმა ცხოვრების ყველაზე რთული დღეები გადაატანინეს, გულწრფელი, უანგარო სიყვარული კი მათი ნდობის მოპოვებასა და პატივისცემის დამსახურებაში დაეხმარა, რაც დღემდე გრძელდება. ახლა ყოფილი პედაგოგის ყოველდღიურობა ისევ კითხვას, ახლის აღმოჩენასა და მეგობრებისათვის საინტერესო ინფორმაციის გაზიარებას უკავშირდება. დღეს ციალა რუსიას უფრო ახლოდან გაგაცნობთ:

- რა თქმა უნდა, უკვე სოლიდური ასაკი მაქვს და ამ წლების განმავლობაში, მრავალი გამოცდილება დამიგროვდა. სოხუმში, შოთა რუსთაველის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში ვმუშაობდი. ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი და ამავდროულად, ამ დარგში სასწავლო ნაწილის გამგეც ვიყავი. 1964 წლიდან ომის დაწყებამდე მასწავლებელი ვიყავი. ჩემთვის, ამ პროფესიაში, თვით პროფესიაა მნიშვნელოვანი. ყველა პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ სამედიცინოსა და პედაგოგიურის დამთავრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგანაც ადამიანებთან გაქვს საქმე. შეცდომაც იმაზე მეტად საყურადღებოა, ვიდრე სხვაგან. მაგრამ, ჩემი პირადი აზრია, პედაგოგობა მაინც ყველა პროფესიაზე მაღლა დგას. ექიმს, რაოდენ პროფესიონალიც არ უნდა იყო, სამწუხაროდ, ყველა პაციენტის გადარჩენა არ შეუძლია. პედაგოგს კი ჯადოსნური ძალა აქვს, ყველა ადამიანი სწორ გზაზე დააყენოს. ყოველდღე უყურებ სიცოცხლეს, გაბრწყინებულ თვალებს, მათ ზრდასა და განვითარებას და ეს ძალიან დიდი ჯილდოა. ყოველი სექტემბრის მოსვლა მიხაროდა... ეს მეც მანიჭებდა სიცოცხლეს. როდესაც პედაგოგობას ვირჩევდი, დედამ მითხრა: "შვილო, ცხოვრებაში ძალიან რთული პროფესია აირჩიე. პედაგოგობა ნიშნავს, ყოველდღე იყო სცენაზე და ძალიან კრიტიკული მაყურებელი - ბავშვები გყავდეს. თუ ბავშვებს კარგად მოექცევი და ღირსეული პედაგოგი იქნები, შენც ბედნიერი იქნები და შენი ბავშვებიც. მაგრამ, თუ პირიქით მოხდა, შენი ყოველი დღე სატანჯველი იქნება. ამიტომ, კარგად დაფიქრდი." დედაჩემის ეს სიტყვები სულ მახსოვდა, მაგრამ ამქვეყნად ასჯერ რომ მოვიდე, ასჯერვე პედაგოგობას ავირჩევდი...

- როგორ ფიქრობთ, რაშია მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობის საიდუმლო?

- უპირველეს ყოვლისა, მათდამი უსაზღვრო სიყვარულში. მასწავლებელს არ აქვს უფლება, რომ მოსწავლე გამოარჩიოს. როგორც არ უნდა სწავლობდეს, როგორი ქცევაც არ უნდა ჰქონდეს, მასწავლებელმა არ უნდა გამოარჩიოს, ან გარიყოს. ბავშვი არის ბავშვი... ცოტა ხნის წინ ჩემი კოლექტივის წევრებმა პატივი დამდეს და დაბადების დღე რესტორანში გადამიხადეს. იქ ჩემი ერთ-ერთი მოსწავლეც იყო. მკითხეს, რაშია ჩემი დღეგრძელობის საიდუმლო. ჩემმა მოსწავლემ კი ჩემს ნაცვლად უთხრა: "ორიანს არასოდეს წერდაო". ორიანის წერა არ მიყვარდა... მოსწავლეობის დროს ვხედავდი, ჩემი მეგობრები ამაზე როგორ ნერვიულობდნენ. მაშინ პატარა ვიყავი და ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ თუ პედაგოგი გავხდებოდი, ბავშვებს ორიანით არ გავამწარებდი. ეს პირობა შევასრულე... ბავშვი, ნებისმიერ გაკვეთილზე, იქნება ეს ქართული, ინგლისური თუ სხვა, სიხარულით უნდა მიდიოდეს. თუ მოსწავლეს მასწავლებლის ეშინია, საკუთარ ცოდნას ვერ გამოამჟღავნებს. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა, დამოუკიდებელ აზროვნებას გვაჩვევდნენ და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ჩვენი ქართულის მასწავლებელი, ნატო კამლაძე, ავად გახდა. მაშინ სკოლა დამთავრებული გვქონდა და სტუდენტები ვიყავით. რამდენიმე კლასელი შევიკრიბეთ და მასთან მისვლა გადავწყვიტეთ. არ გველოდებოდა და არც იცოდა, რომ მის სანახავად მივდიოდით. რომ მივედით, საწოლის გვერდით ჩვენი რვეულები ეწყო, ჩვენს ნაწერებს, თემებს კითხულობდა და ტიროდა... აი, ის ჩვენზე უანგაროდ შეყვარებული მასწავლებელი იყო. ალბათ, ახლაც არიან ასეთები. შეიძლება, ძალიან ბევრი არა, მაგრამ ცოტა მაინც.

- თავად ინგლისური ენის სწავლებაში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოსწავლეებს შემდგომ გამოადგებათ?

- ინგლისური მსოფლიოს გასაღები ენაა. სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან გამოგადგება. თუ ქვეყანამ, გარდა მშობლიურისა, რაიმე სხვა ენა იცის, ეს, პირველ რიგში, ინგლისურია. საერთაშორისო ენაა და სწავლა მნიშვნელოვანია. ბავშვებს ზოგს ტექნიკური საგნების მიმართ აქვთ მიდრეკილება, ზოგს - ჰუმანიტარულის. ენების შესწავლა ყველას არ შეუძლია. მაგრამ, მასწავლებელმა საშუალება, ხერხი, გასაღები უნდა ეძიოს, რომ მოსწავლეს მეტ-ნაკლებად მაინც შეასწავლოს ინგლისური.

- თქვენ რა გასწავლათ მოსწავლეებთან ურთიერთობამ?

- მოსწავლეებმა დამიმტკიცეს, რომ რაც არ უნდა პირადი პრობლემა და გასაჭირი გქონდეს, პრობლემები კარის უკან უნდა დატოვო და ბავშვების წინაშე გამართული წარდგე. პატარა ძმა დავკარგე. მეგონა, ქვეყანა დაინგრა. სიცოცხლე აღარ მინდოდა... დრო რომ გავიდა, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემს ტკივილთან სკოლასა და მოსწავლეებს არაფერი აკავშირებდათ. საკუთარი პასუხისმგებლობა და მოვალეობა გავაცნობიერე და სკოლაში ისევ წავედი. თავიდან ვერ წარმომედგინა, რომ გაკვეთილის ჩატარებას ისევ შევძლებდი. ერთი მოსწავლე კლასში გვიან შემოვიდა. წიგნსა და გულ-მკერდს შუა უზარმაზარი ფორთოხალი ედო. თვალებში რომ ჩავხედე, ცრემლებით ჰქონდა სავსე. მეორე კლასში სწავლობდა, მაგრამ იცოდა, თავს რა უბედურებაც დამატყდა. ამით საკუთარ თანაგრძნობას გამოხატავდა. ფორთოხალი რომ გადმომცა, იმ მომენტში, თითქოს, სულ სხვა ადამიანი გავხდი. ამის შემდეგ, ჩემი გაჭირვება კარს მიღმა დავტოვე. შევდიოდი ბავშვებთან და ისინი მახალისებდნენ, ამან გამაგრძელებინა ცხოვრება... როდესაც სკოლა დაამთავრეს, ვუთხარი: "ბავშვებო, ერთად მუშაობის პერიოდში თქვენ ჩემი ძალიან ბევრი გასაჭირის მომსწრე იყავით და თუ რაიმე დაგაკელით, მაპატიეთ." იცით, რა მიპასუხეს? ჩვენ არასოდეს გვიგრძნია, რომ თქვენ რაღაც გიჭირდათო. ეს არის ჩემი ჯილდო, რომელიც ჩემი საყვარელი ბავშვებისაგან მივიღე და ახლაც, ამ ასაკში, იმდენად დიდ ყურადღებასა და სითბოს იჩენენ, რომ ვხვდები, რამდენად კარგი თაობა გაგვიზრდია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამ გადაიტანეს, რა არ ნახეს, მაგრამ ადამიანობა არ დაუკარგავთ. გაჭირვება მათ ადამიანობას ასულდგმულებდა.

- რა შეგიძლიათ ახლანდელ მასწავლებლებს ურჩიოთ?

- რაკი ეს პროფესია აირჩიეთ, იცოდეთ, რომ მთავარი ბავშვებისადმი სიყვარულია. ზოგადადაც, სიყვარული ყველაფერში მთავარია. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ვერც ოჯახს შექმნი და ვერც ადამიანებთან კონტაქტს დაამყარებ. პედაგოგს ყველა ადამიანი უნდა უყვარდეს, მისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, რამეთუ ყველა ღმერთის შვილია. სიყვარული, სიყვარული, სიყვარული... ყველა მასწავლებელს ვთხოვ, გულით შეიყვარეთ ბავშვები. ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან. რომ არ გვგონია, ისეთ რაღაცებს ამჩნევენ. თუ ბავშვების გულწრფელი სიყვარული არ შეგიძლიათ, ნურც სხვის ცოდვას დაიდებთ და ნურც თავად გაიტანჯებით.

- ახლა რას საქმიანობთ, რისი გაკეთება გიყვართ ყველაზე მეტად?

- ვარ პენსიონერი და წაკითხვის გარეშე დღის გატარება არ შემიძლია. ჟურნალების, წიგნების წაკითხვა, ძალიან მიყვარს. ამ ასაკში ინგლისური რაში გამომადგება, არ ვიცი, მაგრამ ჩემს პროფესიაშიც რაიმე რომ არ წავიკითხო, არ შემიძლია. საინტერესო რაღაცებს რომ წავაწყდები, ჩემს მეგობრებს დავურეკავ და ვუკითხავ, ვუყვები, ვხუმრობთ და ასე გადის ჩემი ცხოვრება. ირგვლივ ძალიან კარგი ადამიანები მყავს.

თამარ იაკობაშვილი