"17 წლის იყო, როცა მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა... გიორგი მახარაშვილის პროტოტიპს ბრძოლის ველზე შეხვდა..." - ნაომარი სცენარისტი და "ჯარისკაცის მამა" - მშობლები

"17 წლის იყო, როცა მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა... გიორგი მახარაშვილის პროტოტიპს ბრძოლის ველზე შეხვდა..." - ნაომარი სცენარისტი და "ჯარისკაცის მამა"

2024-05-09 22:47:21+04:00

მეორე მსოფლიო ომში ოთხჯერ დაჭრილი კინოდრამატურგი

ქართულ კინოსამყაროში მან უაღრესად დიდი კვალი დატოვა. კინოდრამატურგი თავის სცენარებში პერიოდულად საკუთარი ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდს “ათავსებდა”. ასე მოხდა: “ჯარისკაცის მამის”, “ღიმილის ბიჭების”, “ნერგების”, “ფესვების” და სხვა არაერთი სცენარის შექმნისას. ალბათ სწორედ ამ რეალური ისტორიების წყალობით, მისი შემოქმედება არა მხოლოდ თანამემამულეებისთვის ხდებოდა გამორჩეულად სათუთი, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაყურებლისთვისაც...

20-ზე მეტი ფილმისა და 4 წიგნის ავტორს, სულიკო ჟღენტს, 22 ივნისს 97 წელი შეუსრულდებოდა.

ოლიკო ჟღენტი, სულიკო ჟღენტის შვილი, ხელოვნებათმცოდნე, რეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი:

- მამას დაბადების დღის პომპეზურად აღნიშვნა არ უყვარდა, ძირითადად ეს რამდენიმე მეგობრის წრეში ხდებოდა. დედა უფრო იყო მამას დაბადების დღის აღნიშვნის ინიციატორი. ვინაიდან მამა ომის მონაწილე გახლდათ, ჩვენს ოჯახში მის 2-3 მეგობართან ერთად 9 მაისის აღნიშვნის ტრადიცია გვქონდა. საერთო ჯამში, ის ომში ოთხჯერ დაიჭრა და შინ მძიმე კონტუზიით დაბრუნდა. მამას გარდაცვალების შემდეგ, 9 მაისი ერთგვარად მისი ხსენების დღედ დავამკვიდრეთ და ჩვენს ოჯახში მოდიოდნენ: რეზო ჩხეიძე, რეზო ჭეიშვილი, ანზორ სალუქვაძე, რეზო კვესელავა...

სულიკო ჟღენტი 17 წლის იყო, როცა მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ ისე წავიდა, ოჯახს არაფერი უთხრა. გიორგი მახარაშვილის პროტოტიპს ბრძოლის ველზე შეხვდა. მტერთან მორიგი შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში მოათავსეს. დაჭრილი შვილის მოსანახულებლად სულიკოს დედა დიდი გაჭირვებით ჩავიდა ვლადიკავკაზში, მაგრამ ბიჭი ჰოსპიტლიდან რამდენიმე დღის გაწერილი დახვდა. შვილისთვის წაღებული მცირე ძღვენი იქვე პალატაში დაჭრილებს დაურიგა. მეორედ დაჭრისას კი ორივე მშობელმა მახინჯაურიდან სოჭის ჰოსპიტალში ჩააკითხა. 1942 წლით დათარიღებულ ფოტოზე სულიკო გადახვეული ყელით არის გამოსახული. იმ დროს მას სხეულში 3 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. პატარა ბიჭია, მასზე ვერავინ იტყვის, რომ უკვე ჯარისკაცია.

როცა ომიდან დაბრუნდა, დედამისი ხალხური მეთოდით, სხვადასხვა მცენარეული მალამოთი მკურნალობდა. ნელ-ნელა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა. უმაღლესი განათლება მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში მიიღო. გამუდმებით წერდა, თან რამდენიმე კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. მეუღლე ყველანაირად უწყობდა ხელს, რომ მისთვის სამუშაო პირობები შეექმნა. და მაინც, მის სახელთან დაკავშირებულ არაერთ ნამუშევარს შორის, “ჯარისკაცის მამის” სცენარი ყველაზე გახმაურებულია. დეტალურად არ აღვწერ, თუ რა ქარცეცხლში მოუწია გავლამ როგორც სცენარს, ისე ფილმს, 1964 წელს ეკრანებზე გამოსვლამდე. საბედნიეროდ, არაერთი პერიპეტიის შემდეგ, მხატვრულმა ფილმმა დღის სინათლე მაინც იხილა და “ჯარისკაცის მამას” დღემდე არც აქტუალობა დაუკარგავს, არც მხატვრული ზემოქმედების ძალა და არც ტრაგიკულ სიუჟეტს დაუტოვებია ვინმე გულგრილი.

რეზო ჩხეიძე სულიკო ჟღენტს მოსკოვიდან იცნობდა, როცა კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლობდნენ. სულიკო 2 კურსით წინ იყო, რეზო სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა, სულიკო - სასცენაროზე. მერე ორივე საქართველოში დაბრუნდა...

იმ დღეს, როცა სულიკო ჟღენტმა თავისი ახალი სცენარი რეზო ჩხეიძეს დაუტოვა, თავად ბათუმში გაემგზავრა. კინოსტუდიიდან გამოსული რეჟისორი ტრამვაიში ჩაჯდა და მეგობრის დატოვებული ფურცლები გადაათვალიერა. სულ ხუთი-ექვსი ფურცელი იყო, სათაურით “ჯარისკაცის მამა”. განაგრძეთ კითხვა