მოზარდ მაყურებელთა თეატრში 8, 9 და 19 მაისს და 15 ივნისს, ახალი სპექტაკლის - „ბომბორას“ პრემიერა გაიმართება.წარმოდგენა გათვლილია სკოლამდელი ასაკის (4+) ბავშვებზე.
მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობმა და ახლა უკვე პროფესიით რეჟისორმაც - რაჟდენ კერვალიშვილმა გადაწყვიტა 1968 წელს გადაღებული ანიმაციური ფილმის (რეჟისორი კარლო სულაკაური)სცენური ვარიანტის შექმნა, თავად გააკეთა კარლო სულაკაურის მოთხრობის ინსცენირება („ბომბორას“ საფუძვლად უდევს, ცნობილი ინგლისელი მწერლის, დონალდ ბისეტის მოთხრობა „ურჩხული კომოდო“), ხოლო წარმოდგენის მხატვარი სწორედ პირველი ბომბორას შემქმნელი, გივი კერვალიშვილი გახლავთ.
სპექტაკლში მოქმედება საქართველოში, ერთ პატარა ქალაქში ვითარდება. ონავარი ბომბორა ქუჩებში დაეხეტება და მოქალაქეებს აშინებს, გამუდმებით ამტვრევს ფარნებს, ამის გამო მეფარნე საო ისე გაბრაზდება, რომ ქალაქის დატოვებას გადაწყვეტს. ჩაბნელებულ ქალაქში ქაოსია, ხალხი ვეღარაფერს ხედავს, ერთმანეთს ეჯახებიან, ფარნებს კი აღარავინ ანთებს. საბოლოოდ, როგორც თითქმის ყველა ზღაპარში, აქაც ყველაფერი კარგად დამთავრდება - ერთი ჭკვიანი და კეთილი გოგონას წყალობით ბომბორა გამოსწორდება, ფარნების ანთებასაც ისწავლის და ქალაქში ისევ ძველებურად სინათლე და სიმშვიდე დაისადგურებს.
კარლო სულაკაური
ბომბორა
ერთმოქმედებიანი ზღაპარი
მონაწილეობენ:
ნანა ვარამაშვილი, სოფიო ფერაძე, ასმათ ქურციკიძე, ლიკა შუკაკიძე, ედმონდ გაბედავა, კახა გაბელაია, გიორგი გოგიშვილი, ვანო დუგლაძე, ლევან კაციაშვილი, რაჟდენ კერვალიშვილი, ლაზარე კერვალიშვილი, რატი ნავაძე, დევი რეხვიაშვილი, გიორგი შავგულიძე, მერაბ შარიქაძე, მალხაზ შაყულაშვილი, სერგო შვედკოვი
ბავშვები:
მარიამ დუგლაძე, ტასო როსტომაშვილი
სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით
წარმოდგენა ეძღვნება კარლო სულაკაურის 100 წლის იუბილეს