ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საზოგადოების დაპირისპირებაა. მოქალაქეები თითქოს ორ სხვადასხვა პოლუსზე არიან და დიდი ხანია, გასცდნენ პოლემიკის და აზრთა გაცვლა-გამოცვლის ფორმატს. ყოფილი მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები და ოჯახის წევრებიც კი საჯაროდ ლანძღავენ ერთმანეთს, შლიან მეგობრების სიიდან სოციალურ ქსელში, ბლოკავენ და ა.შ. არანაკლებ მძაფრად უპირისპირდებიან ერთმანეთს ტრანსპორტში, როცა რომელიმე მხარე ღიად იწყებს მიმდინარე მოვლენებზე საუბარს. ახლანდელი მდგომარეობა ბევრს აგონებს იმ სამწუხარო და ტრაგიკულ პერიოდს, როცა თბილისში სამოქალაქო ომი გაჩაღდა და თანამემამულეებმა ერთმანეთი გაიმეტეს. რას ფიქრობენ ყოველივე ამაზე ადამიანები? ჩვენს მკითხველებს ვთხოვეთ დაეფიქსირებინათ აზრი, რამდენად აისახა საზოგადოების დღევანდელი დაპირისპირება ოჯახურ და ნათესაურ ურთიერთობებზე და რას ფიქრობენ ამაზე. უმრავლესობამ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, აისახა და ეს ძალიან მტკივნეული გასააზრებელია. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს ამ თემაზე:
- აისახა რომელია, სახლში მისვლა აღარ მინდა. ჩემი ოჯახის წევრები პოლიტიკის გამო პირდაპირი გაგებით ხოცავენ ერთმანეთს. მამაჩემი მთელი დღე "იმედს" და სამთავრობო არხებს უყურებს, ჩემი შვილი აქციებზე დგას. ამ ორის სახლში ერთად ყოფნა კატასტროფაა. არც ერთი არ თმობს პოზიციებს, უმტკიცებენ ერთმანეთს სიმართლეს, არგუმენტებით საუბრობენ, ორივეს ისე სჯერა თავისი შეხედულებების, ყვირილზე და კივილზე გადადიან. მე აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ერთის მხარეს რომ დავიჭერ, მეორეს აგრესია ჩემკენ გადმოდის და საბოლოოდ მებუტებიან. უკვე ყელში მაქვს ყველაფერი, თან რომ ვიცი ჩემი ამდენწლიანი გამოცდილებით, სინამდვილეში ყველაფერი პოლიტიკური თამაშებია და ხალხის არც აზრი აინტერესებს ვინმეს, არც კეთილდღეობა და არაფერი საერთოდ.
- არა მარტო დღევნდელი ეს დიდი ხანია ეგრეა... შესაბამისად მიზანიც მიღწეულია მავანთა - გათითოკაცება ადამიანების!!
- ჩემს შემთხვევაში არა და არც მეგობრებში. იმდენი პატივისცემა და სიყვარული გაგვაჩნია ერთმანეთის მიმართ, რომ განვიხილავთ, საერთოდ არ ვკამათობთ. მათ იციან ჩემი აზრი, მე კი - მათი და რომ ვიჩხუბოთ, აზრს შევაცვლევინებთ ერთმანეთს? რა თქმა უნდა არა. ასე ცალსახად, არც შეიძლება მტკიცება რამის, რასაც კამათში გადაჰყავს ხოლმე ადამიანები… მშვიდი განხილვის დროს და ასეთი დამოკიდებულებით, არის რაღაცები, რაშიც ერთმანეთს ვეთანხმებით კიდეც.
- არიან Ჩემგან განსხვავებულად მოაზროვნეებიც, მაგრამ ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ ყოველთვის და ადამიანურ ურთიერთობები ერთგულად გაგვყავს უამრავი წელია
- მიზანიც ეგ არის. ქართველები ერთმანეთს გადაგვკიდონ... 40% ასრულდა... ძალიან ძნელია, როცა მიშას ჯალათური რეჟიმის მსხვერპლი ვიყავი, უსამართლოდ ვიდევნებოდი-ვიჩაგრებოდი, ჩემი დედიკო შეიწირეს გმირობისთვის და თავისი ქვეყნის სიყვარულისთვის ... ყოველივე ამის შემდეგ, ისევ ამ ჯალათური ძალის გვერდზე ჩემს ნათესავს, ახლობელს და ასე შემდეგ, როცა დავინახავ, სული მტკივა და ისევ მიახლდება წარსულის ტკივილი... თუმცა გასაკვირიც არაფერია, სულის სახე ზედაპირზე გამოდის...
- ვისაც შინაგანი კულტურა და სხვისი აზრის პატივისცემის კულტურა გააჩნია, ნაკლებად იმოქმედებს. ქვა კი არ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს, არამედ არგუმენტები წარვუდგინოთ, იქნებ ვიღაც ისე ვერ ხედავს, როგორც მე ან პირიქით. უნდა შეგვეძლოს მოსმენა და ასევე პოზიციების დაფიქსირება.
- კი, აუცილებლად. 90-იანებში დაგვაბრუნეს ცალსახად.
- სანამ ქართველები განხვავებული აზრის მოსმენას /პატივისცემას არ ვისწავლით და ერთმანეთს გავლანძღავთ ჩვენგან განსხვავებული შეხედულებების გამო ან იარლიყებს არ მივაკერებთ, მანამდე არაფერი გვეშველება და არც ევროპელობის ამბიცია უნდა გვქონდეს!
- ისახა, აბა, არ აისახა?! ხვალ, უფრო მეტად აისახება, თანატოლები რომ ჰკითხავენ ერთმანეთს, "მამაშენი, რატომ ზის სახლში, რუსეთში უნდაო"?კი.. თაობების ბრძოლაა..
- პოლიტიკა და სამსახური სახლში არ უნდა შეიტანო.
- მეგობრებში, სანათესაოში და სამეზობლოში არ უნდა განიხილებოდეს ასეთი თემები. მე მახსოვს ის პერიოდი, როცა დედმამიშვილებიც კი იყვნენ სამტროდ გადაკიდებული ერთმანეთზე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.
- სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, კი, აისახება. მიზანიც ესაა ნაცების, ქოცების და ყველა პარტიის, რომ ოჯახურ და ნათესაურ ურთიერთობაზე აისახოს. ქვეყნის რღვევას ხელს უწყობს კახელების აღმახნულის ქართლელების დაბლა ფარცხვა!
- ყველაფერზე მეტად გულგრილობა მაღელვებს! მუდამ ვიხსენებ თამაზ ჭილაძის სიტყვებს: "მე გულს. მიკლავდა მტრობა კი არა, შენ რომ არ გწამდა, რაც მე მჯეროდა!"
- ჩემთან არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების სიყვარულში ეს ავადმყოფი პოლიტიკური პარტიები რას მოახდენენ.არასდროს დავკარგავ ახლობელ ადამიანს პოლიტიკური შეხედულების გამო! მიმაჩნია მარაზმად! მგონია, რომ ეს უკულტურობის ნიშანია!
- ზუსტად რომ აისახება, ჩვენგან დამოუკიდებლად... ყველანი უნდა მოვეგოთ გონს და გვახსოვდეს, ყველას გვაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და ეს არ უნდა გახდეს ურთიერთდაპირისპირების მიზეზი.....მივიღოთ ერთმანეთი ისეთი, როგორებიც ვართ... სიყვარული უფრო გვიადვილებს ცხოვრებას...
- კი. ბევრის ბებია, დეიდა და ასე შემდეგ ამ საოცრად კარგ ახალგაზრდებს შეურაცხყოფას აყენებენ, ლანძღავენ.
- მართლა 90-იანები გამახსენდა, მაგრამ განსხვავება დიდია, მაშინ კანონიერ მთავრობაში იარაღიანი ბანდიტები შევარდნენ. ახლა კი ხალხი გარეთ, უიარაღო და ხელებაწეული ახალგაზრდობა, მათი მშობლები და შვილები კონსტიტუციის დაცვას ითხოვენ და მათ მთავრობის ბანდიტები უპირისპირდებიან, შეურაცხყოფას აყენებენ, 10 კაცი 1-ს ურტყამს. ოჯახი აღარ არსებობს საქართველოში, ვინმე ევროპაში რომ არ ჰყავდეს, ეს ხალხი სულმოუთქმელად ელოდება, რომ საქართველო ევროპაში შევა და უფრო მეტად შეძლებს საკუთარ ქვეყანაში სიარულს უპრობლემოდ, ამაზე ვინმე საერთოდ ფიქრობს?
- ყველას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი აზრი და კორექტულად გამოხატოს, ამას ჰქვია თავისუფლება და არა იმას, სხვას მოახვიო შენი აზრი ან ბულინგით აიძულო დაგეთანხმოს ან გაჩუმდეს!
- პოლიტიკური შეხედულების გამო თუ ოჯახის წევრებს გადაეკიდები, ე.ი. არც სიყვარული გცოდნია რა არის და საერთოდ არ ყოფილხარ ოჯახის ღირსი! აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, ოღონდ, ზიზღის, ბოღმის და უზრდელობის გარეშე!
- ოჯახში პრობლემა არაა, მაგრამ ვიცი ძალიან ახლობელი, ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანები არიან სხვა პოზიციაზე, არასოდეს მათთან პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ, მათ იციან ჩემი აზრი და ისინიც ასე იქცევიან. მე თუ მკითხავთ, პოლიტიკოსების გამო როგორ უნდა აწყენინო საყვარელ ადამიანებს? რუსეთის გულისთვის საკუთარ შვილს შემიძლია დავუპირისპირდე. ბევრი სისხლი მართებთ რუსებს ქართველების.
- კი და მე სულ მახსენდება 90-იანები, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს ლანძღავდნენ.
- მამაჩემი მიშას თავგადაკლული ფანი იყო, მე ვერ ვიტანდი მიშას, თუმცა არასდროს არ გვიკამათია ამ საკითხზე და არც ერთმანეთი გაგვილანძღია. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის შინაგან კულტურაზე და იმაზე, რამდენად შეგვიძლია სხვის აზრს ვცეთ პატივი.
- იმდენი გონიერება უნდა გააჩნდეს თითოეულს, რომ პოლიტიკის გამოო არ მოხდეს დავა.
- ყველაფერზე აისახება სამწუხაროდ. ძალიან ცუდი მდგომარეობაა.მთავრობები წავლენ და წამოვლენ და ოჯახის წევრები და ნათესავები ერთმანეთს ნუ ბრდღვნით. გათიშე და იბატონეო, ხომ გაგვიგია. ეს დაგვემართაა და საშიშია უკვე ყველანაირად.
- პოლიტიკას, ოჯახზე მაღლა, არასოდეს არ განვიხილავ. ჩემი ოჯახი, ჩემი ციხე-სიმაგრეა.კი, კარგად იჩხუბეს ჩემთან სახლში მაგის გამო და მერე რისთვის? დეგენერატი ნაცებისთვის და ქოცებისთვის... ან ერთის მხარეს როგორ უნდა იყო, ან მეორის.
- პურის მერე პოლიტიკა იყო და არის ქართულ ოჯახში მთავარი პრობლემა და სალაპარაკო...
- მე პირადად ვიცი ოჯახი დაინგრა ამ ფონზე!