მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" დედისა და დის შესახებ საოცარ ისტორიას იხსენებს და მათ გარდაცვალებაზე ჰყვება:
- ჩემს დას სისხლძარღვის თანდაყოლილი პრობლემა ჰქონდა. მაშინ მედიცინა ასეთ დონეზე არ იყო განვითარებული. ორი ოპერაცია ჩაუტარდა, გართულდა, სიბერეს ვერ მოაღწია და ამ პრობლემისაგან გარდაიცვალა. ჩემი და სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა ბრძოლაში გარდაიცვალა. რაღაც პერიოდში გარდაცვლილების მხარეს, იმ სამყაროსთან ლაპარაკობდა. დროის რაღაც მონაკვეთში - აქეთ. ეს პერმანენტულად ხდებოდა. თავად გვითხრა, ღამეებს ნუ მითენებთ, ამდენი დღის შემდეგ, ამა და ამ მონაკვეთში აქაურობას დავტოვებო. ადამიანი ებრძოდა სულს. სულთან ბრძოლაში ხდებოდა ეს ამოუცნობი და დღემდე ჩემთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილება. არ მაქვს პასუხი და არც ხშირად მოყოლა მიყვარს იმიტომ, რომ დაუჯერებელი ისტორია იყო. ადამიანმა გვითხრა: "მე ნუ მითენებთ ღამეს. დაწექით, დაიძინეთ. როგორც ვარ, ისე ვიქნები. არ გარდავიცვლები." გამოაცხადა ის დღე და საათი, როდესაც აქაურობას დატოვებდა. ყველაფერი ახდა. მაგრამ, თქვა: "დედა, თუ გამიჭირდა წასვლა. შენ უნდა გაათავისუფლო ჩემი სულიო." დედამ უთხრა: "შვილო, რას მთხოვ, რას მეუბნებიო." და ასწავლა, რა უნდა გაეკეთებინა... დაანთე სანთელი და უთხარი, ნათელში იარე, შვილო, განთავისუფლებო. ეს რიტუალი შესრულდა. როცა ვამბობ, რომ ჩემი და იმ ქვეყანასაც იყო, ეს რას ნიშნავს იცით? ჩვენი ოჯახიდან, სამეზობლოდან, სანათესაოდან გარდაცვლილებს ელაპარაკებოდა. დის შვილი, 8 თვის ეკატერინე მყავს გარდაცვლილი. ერთ დღეს ჩემმა დამ ხელები გაიშვირა და რაღაცას ლუღლუღებდა. ვერ ვიგებდით, რას ამბობდა. შემდეგ ხელები ჩამოუშვა და თქვა, რომ პატარა ეკას ელაპარაკებოდა. საჩუქარს მთხოვდა, ხელცარიელი ვიყავი და გეუბნებოდით, მომეცით რამე, რომ მოვაწოდოო... ჩემი და რომ დავასაფლავეთ, დედამ ყველაფერი შეაზანზარა. დაკრძალვაზე მეგობრებიც მოვიდნენ. ზაზა მიქაშავიძემ, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ყურში მითხრა: "დაგვაგვიანდა, მანქანა გაგვიფუჭდა, მაგრამ ღმერთს მადლობა, რომ დაკრძალვას მოვასწარით. რომ არ მოგვესწრო, მთელი ცხოვრება ხომ არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს, დედისგან შვილის დატირებაო." დედაჩემმა შვილს დაატირა: "ორმოცამდე მაცოცხლე, დედა, იმიტომ, რომ შენს სულს ჩემზე უკეთ ვერავინ მოუვლის. 40 დღის შედეგ თუ არ წამიყვანე, ჩემი ცოდვით ვერ გიხარებო." ჩემს დას ორმოცი გადავუხადეთ და დედაჩემი ერთ კვირაში ძილში გარდაიცვალა...