მსახიობი თამუნა ნიკოლაძე გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" საუბრობს, როგორ იმოქმედა მასზე ოჯახის დანგრევამ და რა დაეხმარა რთული დღეების გადატანაში:
- მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩემს პირად ცხოვრებას დავაკელი. პატარა გოგო აღარ ვარ, ჩემი პირადი ოჯახი არ მაქვს. ოღონდ, იმას ვერ ვიტყვი, რომ მცდელობები არ მქონდა ან ეს არ მინდოდა. არის რაღაც სურვილები, რომლის გამოც ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ვიშრომე, ყველაფერი ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. ამიტომ, სანანებელი არაფერი მაქვს... ოჯახი რომ შევქმენი, დიდი ვიყავი და, რა თქმა უნდა, ძალიან შეყვარებული. დაშორების შემდეგ ნამდვილად რთული პერიოდი მქონდა. ამან ჯანმრთელობაზეც ძალიან იმოქმედა და სხვადასხვა მიმართულებით პატარ-პატარა პრობლემები გამიჩნდა. ზოგადად, სტრესი, ნერვიულობა ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს. ახლა, ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ მაშინ როგორც განვიცადე, ამდენიც არ იყო საჭირო. როცა იწყებ და დასაწყისია ძალიან კარგი, ღირებული, ერთად გაზრდილები როცა ხართ და გიყვარს, რთულია... მე როცა ადამიანებს ვირჩევ, ასე მარტივად ვეღარ გადავირჩევ. არჩევანიც რთულად ხდება, დამეგობრება და სიყვარულიც და მერე უკვე ამის გაშვება და მოშორება მარტივად არ შემიძლია. მქონდა განცდა, რომ ვეღარ გავაგრძელებდი, სიყვარული აღარ განმეორდებოდა. მაგრამ, ყველაფერი შესაძლებელია. აუცილებლად უნდა გააგრძელო და ფეხზე დადგე. ჩემი პროფესია ძალიან დამეხმარა. ჩემი პროფესია და ოჯახი ჩემთვის საუკეთესო მეგობარი და გადამრჩენელია.