1989 წელს დასრულდა რუმინეთის დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს მმართველობა. დიქტატორს, რომელიც ქვეყანას 24 წელი მართავდა და მის ცოლს - ელენა ჩაუშესკუს, ხალხმა უმკაცრესი განაჩენი გამოუტანა. ორივე მათგანი გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში დახვრიტეს.
ამ მოვლენას წინ უძღოდა ხანგრძლივი ტანჯვა, რომელიც რუმინელმა ხალხმა გამოიარა. ნიკოლაე ჩაუშესკუ რუმინეთის კომუნისტურ პარტიას 1965 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან თავიდანვე გაითქვა სახელი შედარებით ლიბერალური მიდგომებით, შემდეგ მკაცრად გააკრიტიკა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილება, 1968 წელს პრაღის გაზაფხული სისხლში ჩაეხშო და არც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროცესებში.
ჩაუშესკუ მშვიდობიან ურთიერთობასა და თანამშრომლობას ინარჩუნებდა ორივე მხარესთან - როგორც საბჭოთა კავშირთან, ისე დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც იწონებდნენ ლიდერის გამბედაობას და ქვეყანას განვითარებისთვის კრედიტებსაც აძლევდნენ.
ნელ-ნელა, დიქტატორმა ნიღბის ჩამოხსნა დაიწყო. მას მოსწონდა ბელადების კულტი, რომელიც ავტორიტარულ ქვეყნებში იყო დამკვიდრებული და თავისი და თავისი ცოლის ელენას ქვეყნის სიმბოლოებად ქცევას შეუდგა. ქვეყანაში შეზღუდული იყო საინფორმაციო წყაროები, მოქალაქეები ინფორმაციას მხოლოდ პროპაგანდისტული მედიისგან იღებდნენ. რეჟიმის ფორმაციაში მთავარ როლს ასრულებდა სეკურიტატეს სამსახური, რომელიც აკონტროლებდა, უსმენდა, ასმენდა, აპატიმრებდა და აწამებდა ყველას, ვისაც ჩაუშესკუს მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა.
რეჟიმს ათასობით მსხვერპლი ჰყავს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. იმ მხატვრულ და დოკუმენტურ ნამუშევრებს შორის, რომელმაც ჩაუშესკუს რუმინეთში ცხოვრების სიმძიმე გამოააშკარავა, რუტა სეპეტისის „უნდა გიღალატო“ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა. მხატვრული ნამუშევარი დაფუძნებულია ფაქტებსა და მოვლენებზე, რაც რეალურად ხდებოდა ქვეყანაში. მთავარი პერსონაჟი 17 წლის მოსწავლე კრისტიან ფლორესკუ გამოგონილი გმირია, რომელსაც სეკურიტატეს სამსახური უმძიმესი ქმედებების ჩადენას მოითხოვს. კრისტიანმა იცის, რომ მისი გაჩანაგებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ თავისუფალი სამყაროა და უნდა გადაწყვიტოს - იყოს რეჟიმის იძულებითი ინფორმატორი თუ შეებრძოლოს მას. ავტორმა იმ ინტერვიუებსა და მოვლენებზე დაყრდნობით, რაც ჩაუშესკუს სისხლიან რეჟიმს აღწერს, შექმნა სიუჟეტი, რომელშიც მაშინდელი ახალგაზრდა რუმინელის კრებსითი სახე შეიძლება იყოს. ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელოც, რომლითაც შეგვიძლია, გადავიმეოროთ-ხოლმე, რა შეიძლება მოხდეს, თუ ავტორიტარებს ქვეყნის ხელში ჩაგდების საშუალებას მივცემთ.
ქვეყანაში დამყარებულ ავტორიტარიზმთან ერთად რუმინელებს მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან უწევდათ გამკლავება. ნიკოლაე ჩაუშესკუმ, რომელიც თავდაპირველად დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობდა, გადაწყვიტა, მათი ვალები გაესტუმრებინა და სასურსათო პროდუქტები ყიდვა-გაყიდვასა და ელექტროენერგიის გამოყენებაზე უმკაცრესი შეზღუდვები დააწესა. ქვეყანა შიმშილობდა, ხალხი ზამთარში იყინებოდა, რეჟიმის მიმართ უკმაყოფილება კი პიკს აღწევდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ დასავლეთის ვალები გაისტუმრა და შეზღუდვების საჭიროებაც აღარ არსებობდა, ჩაუშესკუს ხალხის რისხვისგან მაინც ვეღარაფერი იხსნიდა.
1989 წელს, როცა ქვეყანას აღარც საგარეო ვალი აქვს და აღარც ადამიანის უფლებების დაცვის რაიმე მექანიზმი, საპროტესტო ტალღა იწყება. უკმაყოფილების ღია გამოვლინება ქალაქ ტიმოაშორაში მოხდა, სადაც სამოქალაქო პროტესტი სეკურიტატემ სისხლში ჩაახშო. პროტესტი მოედო ბუქარესტსაც, სადაც მოქალაქეებს ასევე უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. მოსახლეობა უკმაყოფილებას უკვე ღიად გამოხატავს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჩაუშესკუს სურს, ქვეყანას აჩვენოს, რომ ყველაფერი რიგზეა, ის უცვლელი ლიდერია და ვითარებას აკონტროლებს, რისთვისაც პრეზიდენტის უზარმაზარი სასახლიდან, რომელშიც როგორც შემდეგ გაირკვა, ცოლთან ერთად ფუფუნებაში ცხოვრობდა, სანამ რუმინელები შიმშილობდნენ, მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. მის გამოსვლას გადმოსცემენ ტელევიზიებიც, რომლებიც საპროტესტო აქციების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას არ აშუქებს.
ჩაუშესკუს სიტყვით გამოსვლას მოჰყვა დემონსტრანტების უკმაყოფილო შეძახილები, რაც ხმაურიან პროტესტში გადაიზარდა და მივიდა იქამდე, რომ მოქალაქეები შენობაში შეიჭრნენ, ჯარი კი მათ მხარეს გადავიდა. ჩაუშესკუს ცოლთან ერთად ტერიტორიის ვერტმფრენით დატოვება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ დიქტატორი გაიქცა, მისი რეზიდენცია კი აიღეს, სეკურიტატე ხალხს მაინც სასტიკად უსწორდება, ქვეყანა არეულობამ და სისხლისღვრამ მოიცვა.
დიქტატორმა რომ ქვეყანა ვერ დატოვოს, რუმინეთის ცა დახურეს და ჩაუშესკუს ვერტმფრენიც ქალაქ ტარგოვიშესთან ჯდება, სადაც მას იმ მოქალაქეების ანგარიშსწორებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში შიმშილითა და ძალადობით ტანჯა, თავს ვეღარ აღწევს.
სამხედროები დიქტატორს აპატიმრებენ და სასწრაფოდ წარუდგენენ უმძიმეს ბრალდებას - ასობით ათასი ადამიანის მკვლელობის ორგანიზებას. მას და მის ცოლს, ელენა ჩაუშესკუს, რომლის სამეცნიერო ნაშრომების ავტორობაც დიდ ეჭვს აღძრავდა, დახვრეტას მიუსჯიან და სასწრაფოდ, აღასრულებენ განაჩენს. პროცესის სანახავად ყველა გარეთ გადის, გარდა მთავარი მოსამართლისა, ის ოფისში, მაგიდასთან რჩება. აღსანიშნავია, რომ განაჩენის აღსრულებიდან 10 წლის შემდეგ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ოთახთან, სადაც ჩაუშესკუს სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, „ფორმიანი ჯარისკაცები“ ახლაც დგანან. შენობაში მუზეუმია მოწყობილი.
კედელთან, სადაც ელენა და ნიკოლაე ჩაუშესკუ დახვრიტეს, ახლაც თეთრად არის მონიშნული მათი ცხედრების ადგილები, ნატყვიარები კი მკვეთრად შესამჩნევია. განაჩენის აღსრულების პროცესს კამერებით იღებდნენ.
განაჩენის აღსრულებიდან მალევე კი ტელევიზიით სიტყვით გამოვიდნენ რუმინეთის რევოლუციური მოძრაობის ლიდერები და მოსახლეობას მომხდარის შესახებ ამცნეს. მოქალაქეებისთვის ეს ერთი მხრივ შოკის, მეორე მხრივ კი შვებისმომგვრელი აღმოჩნდა.
ბევრს სჯერა, რომ რუმინეთის სისხლიანი რევოლუცია და ჩაუშესკუს დახვრეტა საბჭოთა კავშირისა და აშშ-ს მიერ იყო ორკესტრირებული. დღეს რუმინეთში დიქტატორის მიმართ ნოსტალგიაც იზრდება, თუმცა ისტორიამ შემოინახა ის უმძიმესი დანაშაულები, რაც ჩაუშესკუმ საკუთარი ხალხის მიმართ ჩაიდინა. ამ დანაშაულების შესახებ მძიმე წასაკითხია მხატვრულ ნაწარმოებებშიც კი, განსაკუთრებით, როცა ეს ბავშვებს ეხება.
R