შეიძლება თუ არა შარდის ბუშტი გასკდეს და რა პრობლემების შექმნა შეუძლია შარდის შეკავებას - ექიმები განმარტავენ - მშობლები

შეიძლება თუ არა შარდის ბუშტი გასკდეს და რა პრობლემების შექმნა შეუძლია შარდის შეკავებას - ექიმები განმარტავენ

2024-05-17 11:30:04+04:00

ექიმებმა გიორგი ლორიამ და ლევან ქარაზანიშვილმა გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" ისაუბრეს, შეიძლება თუ არა შარდის ბუშტი გასკდეს, რა პრობლემებს იწვევს შარდის შეკავება და რატომ არის შარდის ბუშტის რეგულარულად დაცლა აუცილებელი:

გიორგი ლორია: - თეორიულად, შარდის ბუშტის გასკდომის ძალიან მცირე ალბათობაა. უფრო მეტად, შარდის ბუშტის გასკდომა ტრავმასთანაა დაკავშირებული. შარდის ბუშტი ელასტიურია, დაახლოებით 400-დან 600 მილიმეტრამდე სითხეს იტევს. ამ კუნთს წელვადობის უნარი გააჩნია. შესაბამისად, შეგრძნება, რომ საპირფარეშოში გვინდა გასვლა, ეს არის იმის შედეგი, რომ კედელი იჭიმება და ჩვენს ტვინს სიგნალს აძლევს, რომ შარდის ბუშტი სავსეა და დაცლა სჭირდება. ორი სფინქტერი გვაქვს, რომელმაც დასაცლელად უნდა გახსნას. ასევე, გასახსნელად ორი მექანიზმი არსებობს - ნებითი და უნებლიე. ნებით შეგვიძლია, გავაჩეროთ, ტვინიდან ვუბრძანოთ, რომ ახლა საპირფარეშოში გასვლის შესაძლებლობა არ გვაქვს და მოითმინოს. მაგრამ, ის უნებლიედ ცდილობს, რომ გახსნას იმიტომ, რომ ორგანიზმმა ზედმეტი სითხე უნდა მოიშოროს. დგება რაღაც მომენტი, როდესაც ნებით იმპულსს უნებლიე იმპულსი გადაჯაბნის და დაცლის. კუნთის შეკუმშვა გამოყოფს ენდორფინს და შვების შეგრძნებას გვანიჭებს.

ლევან ქარაზანაშვილი: - ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, ის გვაძლევს სიგნალს, რომ მოშარდვა გვინდა. შესაბამისად, ამ სიგნალს უნდა დავემორჩილოთ. რეკომენდაციაა, რომ ყოველ 3 საათში ერთხელ უნდა დავცალოთ შარდის ბუშტი. შეიძლება, არ გვაწუხებდეს, მაგრამ უმჯობესია, რომ დაიცალოს.

გიორგი ლორია: - შარდის დიდხანს შეკავება კარგი არ არის. წარმოიდგინეთ, მძიმე გირი რომ გეჭიროთ, ხომ დაიღლებით? ისევე იღლება შარდის ბუშტის კედლები. მერე იწევს გადაწევას და დუნე ხდება. დაცლის დროს მას ბოლომდე შეკუმშვის უნარი აღარ აქვს და შიგნით ნარჩენი შარდი რჩება. ნარჩენი შარდი ინფექციებისა და ბევრი სხვადასხვა პათოლოგიის გამომწვევია. როცა ვითმენთ, შარდი შარდსაწვეთშიც დაგროვდება და თირკმელზე წნევას შექმნის. თირკმელი ცდილობს, რომ ფილტრაცია გააგრძელოს, სისხლიდან გამოდევნოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს იმიტომ, რომ მექანიკური ბარიერი აქვს.

ლევან ქარაზანაშვილი: - თუ რეგულარულად არ იცლება შარდის ბუშტი, მეტაბოლურ დარღვევებსა და ელექტროლიტურ დისბალანსს იწვევს. შეიძლება, მისი გადაძაბვა მოხდეს და ნარჩენი შარდი ინფექციის კერა გახდეს. ასევე, შესაძლოა, თირკმელებში კენჭის გაჩენასაც შეუწყოს ხელი.

გიორგი ლორია: - ინფექცია შეიძლება, აღმავალად გავრცელდეს. თირკმელსა და შარდსაწვეთში შარდი აბსოლუტურად სტერილურია. ბაქტერიები შარდის ბუშტშია. სტერილურ გარემოს ბაქტერიებისაგან დაცვის უნარი არ გააჩნია. თუ შარდის ბუშტიდან ბაქტერიები უკან, თირკმელში ავიდა, ძალიან მძიმე ინფექციებს გამოიწვევს. ჯანმრთელი შარდის ბუშტის გახეთქვა წარმოუდგენელია. გასკდომა, შარდის რაოდენობის მატების შედეგად შესაძლოა, მოხდეს, როდესაც გადაწელილია და კედელი ძალიან თხელია. როგორც აღვნიშნე, ძირითადად, შარდის ბუშტის გასკდომის მიზეზი ტრავმაა. მათ შორისაა, მენჯის მოტეხილობები, ლაპარასკოპიული ქირურგიის დროს დაზიანება, კათეტერიზაცია და სხვა. შარდის ბუშტის შარდის დაგროვების შედეგად გასკდომის ძალიან მცირე, თეორიული ალბათობა არსებობს. მაგრამ, არსებული რისკების გათვალისწინებით, ჯობს ის დროულად დავცალოთ.