სიამის ტყუპი - მალია და კენდრა ჰერინები 2002 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადნენ. გოგონები მუცლის ღრუსა და მენჯინ მონაკვეთით იყვნენ შეერთებული. მათ საერთო მენჯი, თირკმელები, ღვიძლი, მსხვილი ნაწლავი და ორი ფეხი ჰქონდათ. ექიმები ამბობდნენ, რომ ბავშვები დიდხანს ვერ იცოცხლებდნენ. თუმცა, საბედნიეროდ, მათი პროგნოზი არ გამართლდა და მალია და კენდრა გადარჩნენ...
ადრეული ასაკიდანვე ბავშვებს არაერთი პრობლემა აწუხებდათ. საერთო თირკმელი ამხელა დატვირთვას ვერ უძლებდა და მუდმივად ავადმყოფობდნენ.
როდესაც ტყუპი გოგონა 4 წლის გახდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, ოპერაცია ჩაეტარებინათ. ეს მაშინ ძალიან დიდი რისკი იყო. გარდა იმისა, რომ მედიცინა ასეთ დონეზე არ იყო განვითარებული, თირკმლის გადანერგვაც რთული პროცესი აღმოჩნდა. გადაწყდა, რომ არსებული თირკმელი მალიას დარჩებოდა, კენდრას კი დედამ გადაუნერგა. სამწუხაროდ, დედის თირკმელი გოგონასათვის თავსებადი არ აღმოჩნდა და დონორს მიმართეს. ექიმებმა ღვიძლი კი ორ თანაბარ ნაწილად გაყვეს. ოპერაცია საკმაოდ რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი წარმატებით დასრულდა.
განცალკევების შემდეგ გოგონებს თითო ფეხი დარჩათ. შესაბამისად, დარჩენილი ცხოვრება ყავარჯნებით სიარული მოუწევდათ. თუმცა, სხვა ორგანოები ჩვეულებრივ ფუნქციონირებდა. როდესაც მალია და კენდრა გაიზარდნენ, მშობლებს მადლობას ეუბნებოდნენ, რომ ოპერაციის გაკეთება გარისკეს და დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს.
"ჩვენს მშობლებს ჩვენი განცალკევება რომ არ გადაეწყვიტათ, ნორმალური ცხოვრება არ გვექნებოდა. ვერ შევძლებდით, სხვადასხვა მეგობარი შეგვეძინა და დამოუკიდებლად გვეცხოვრა. მადლობა ღმერთს, რომ ოპერაცია ჩაგვიტარდა." - აღნიშნეს გოგონებმა პრესასთან საუბრისას.
ისინი ამბობენ, რომ სკოლაში დაცინვის მსხვერპლნი არასოდეს გამხდარან, რადგანაც ბავშვებს მათი პრობლემის ესმოდათ და მხარს უჭერდნენ.
ახლა მალია და კენდრა 22 წლის არიან. სოლტ-ლეიკ-სიტიში ცხოვრობენ. მართავენ მანქანას, დადიან სპორტდარბაზში. ჰყავთ მეგობრები. მალია გრაფიკული დიზაინითაა გატაცებული და ამ მიმართულებით ინსტიტუტში სწავლობს. კენდრას ინტერესების შესახებ უცნობია, თუმცა, ორივე მათგანი აქტიურია და ცხოვრებით ტკბება.