მეცნიერებმა ვირუსული ინფექციებით ბავშვის ხშირ ავადობას კიდევ ერთი ახსნა მოუძებნეს. აღმოჩნდა, რომ თუ ახალშობილს ვირუსული ინფექცია სიცოცხლის პირველ დღეებში შეეყრება, მომავალში მისი ხშირად გაციების რისკი გაიზრდება.
როგორც წესი, ვირუსული ინფექციები სიცოცხლის პირველ დღეებში და კვირებში შეუმჩნეველი რჩება, ვინაიდან ახალშობილს არანაირი სიმპტომი არ უვითარდება. თუმცა, ვირუსებთან ამ პირველ შეხვედრას ძალიან გრძელვადიანი შედეგები აქვს, რაც გარკვეულწილად იმუნურ სისტემაზეც მოქმედებს და იმ მიკროორგანიზმების ბალანსზეც, რომლებიც ბავშვის ნაზოფარინქსში ბინადრობენ - ამის შესახებ ედინბურგის უნივერსიტეტის და უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარების საუბრობენ. მათი ნაშრომი ჟურნალ Nature Microbiology-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა 114 ჯანმრთელი ბავშვის ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენის ნიმუშების გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს. ბავშვების დაბადებიდან ერთ წლამდე ნიმუშებს რეგულარულად იღებდნენ.
აღმოჩნდა, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც სიცოცხლის პირველ დღეებში ვირუსული ინფექცია ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის უჯრედებში აღწევს (ახალშობილთა იმუნური სისტემის მოუმწიფებლობის გამო, ეს ჩვეულებრივ ასიმპტომურია), ინტერფერონის გენების პათოლოგიური აქტივობა აღინიშნება. ეს გენები იმუნური უჯრედების მიერ ინტერფერონების გამომუშავებას არეგულირებს - ანუ არეგულირებენ იმ ცილებს, რომლებიც შექმნილია ორგანიზმის ვირუსებისგან დასაცავად.
იმის გამო, რომ ნაზოფარინქსის ლორწოვან გარსში ინტერფერონის გენები ძალიან აქტიურია, იქ ანთების დონე მუდმივად იზრდება, რაც ბავშვს უფრო მგრძნობიარეს ხდის რესპირატორული ინფექციების მიმართ. გარდა ამისა, პირველი ვირუსული ინფექციის გავლენით ნაზოფარინქსის მიკრობიომის შემადგენლობაშიც გარკვეული ცვლილებები ხდება, რაც საშიში მიკრობების გამრავლებას იწვევს.
„ჩვენც გაგვიკვირდა, რომ ვირუსული ინფექციები ასე ადრე ჩნდება და დიდწილად შეუმჩნეველი რჩება. მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი უარყოფითად იმოქმედებენ ბავშვის იმუნური სისტემის ნორმალურ განვითარებაზე. ახალშობილის ვირუსების ზემოქმედების შეზღუდვა სიცოცხლის პირველ კვირებში შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს მომავალში მისი ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა დები ბოგერტმა.