2008 წლის ნოემბერში პარიზში, ერთ-ერთ სკოლაში, მოსწავლემ, 12 წლის ჟულიმ, გაკვეთილზე გონება დაკარგა. მასწავლებელმა მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ექიმებმა თქვეს, რომ ბავშვს არტერიული წნევა აეწია, შესაბამისი მედიკამენტი მისცეს და წავიდნენ. მაგრამ, ბრიგადის რთ-ერთმა ექიმმა, 20 წლის პიერმა, ვიდრე სკოლიდან გავიდოდა, გოგონას მონაცემებს, მათ შორის, ტელეფონის ნომერს, სურათი გადაუღო. საღამოს კი მოზარდს დაურეკა... ჯერ მდგომარეობით დაინტერესდა, შემდეგ კი ჟულის მოსთხოვა, ტანსაცმელი გაეხადა, ვიდეო გადაეღო და მისთვის გაეგზავნა.
თავდაპირველად გოგონა წინააღმდეგი იყო, თუმცა ექიმმა უთხრა, რომ ის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო და ფოტო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სჭირდებოდა. მოზარდი მის თხოვნას დაემორჩილა და შიშველმა ვიდეო გადაიღო. როგორც კი პიერმა ვიდეო მიიღო, მისი ტონი მკვეთრად შეიცვალა და ბავშვის დაშანტაჟება დაიწყო. ჟულის ეუბნებოდა, რომ ყველაფრის გაკეთება მოუწევდა, რასაც უბრძანებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის შიშველ კადრებს მშობლებსა და კლასელებს აჩვენებდა და ამ სირცხვილს ვერასოდეს ჩამოირეცხდა...
ჟულის შფოთვითი აშლილობა ჰქონდა და ამ მუქარამ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. გოგონას პანიკური შეტევა დაემართა, ფაქტობრივად, იხრჩობოდა. მშობლებმა მეორე დილით სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. თუმცა, გამოძახებაზე ისევ პიერის ჯგუფი მივიდა... ვიდრე ჯგუფი მათ სახლში მივიდოდა, იქამდე პიერმა სასწრაფო დახმარების სხვა ახალგაზრდა თანამშრომლებსაც აჩვენა ვიდეო. ამიტომაც, როდესაც ისინი მის სახლში მივიდნენ და გოგონა მშობლებისგან სულ ცოტა ხნით, უყურადღებოდ დარჩა, მაშინვე უხამსი ხუმრობები დაიწყეს...
ჟულის უძილობა დაეწყო, მადა დაეკარგა, აკვიატებული შიშები ჰქონდა და გონებას გამუდმებით კარგავდა. სიტუაცია მხოლოდ უარესდებოდა, ექიმები კი ამბობდნენ, რომ ჟული დაღლილი იყო და სტრესის ფონზე ემართებოდა ეს ყველაფერი.
2009 წლის იანვარში პიერი ისევ მათ სახლში მივიდა. ახალგაზრდა ექიმმა გოგონას დედას სთხოვა, რომ მარტო დაეტოვებინა, რათა გაესინჯა. ქალი ოთახიდან რომ გავიდა, მან ჟული გააუპატიურა...
პიერმა გოგონა არა მხოლოდ გააუპატიურა, არამედ მისი მეგობრებისათვის გასართობ საშუალებად აქცია. 2009 წლის ნოემბერში მამაკაცი სკოლასთან დახვდა, სახლში წაიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა. შემდეგ თავის მეგობრებს დაურეკა და მოზარდი მათაც გააუპატიურეს. ბავშვს ემუქრებოდნენ, აშინებდნენ და ისიც ამ საშინელი ამბის შესახებ ვერავის ვერაფერს ეუბნებოდა.
"ორი წლის განმავლობაში ჟული 130-ჯერ გააუპატიურეს." - თქვა მოგვიანებით სასამართლო პროცესზე სახელმწიფო პროკურორმა ჟან ბომარშმა.
მოზარდმა თვითმკვლელობა 16-ჯერ სცადა. დაჰყავდათ ფსიქიატრთან, სვამდა ანტიდეპრესანტებს, თუმცა არაფერი იცვლებოდა...
2010 წელს 15 წლის ჟულიმ საბოლოოდ მოიკრიბა ძალა და დედას ყველაფერი უამბო. თავდაპირველად დედა-შვილს პოლიციაში არავინ დაუჯერა. თქვეს, რომ გოგონას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ამბავს იგონებდა. საქმე მხოლოდ 6 თვის შემდეგ გაიხსნა. იმ დროისათვის, 20 ადამიანიდან, რომლებიც ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობდნენ, უმრავლესობამ პარიზი დატოვა. თუმცა პიერი და მისი რამდენიმე მეგობარი არსად წასულან...
სასამართლოზე მოზარდი საოცარ ისტორიებს ჰყვებოდა. მოწმეები არ არსებობდა, იყო მხოლოდ ესემესები, რომელთაგანაც უმრავლესობაში ძალადობის ნიშნები არ იკვეთებოდა. მოძალადე მსხვერპლს პირადი საუბრების დროს აფრთხილებდა, ან ურეკავდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ამბამდე საფრანგეთში არ არსებობდა კანონი, რომელიც სქესობრივ კონტაქტზე თანხმობის ასაკს განსაზღვრავდა. მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბავშვი ვერ დაამტკიცებდა, რომ მას სქესობრივი კავშირი აიძულეს, მაშინ დამნაშავეს მხოლოდ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში დაადანაშაულებენ, მაგრამ არა ძალადობაში. ამ შემთხვევაში მოძალადეს შვიდი წელი მიუსაჯეს და არა - 20.
გახმაურებულმა საქმემ საზოგადოება აღაშფოთა და მიტინგების მოწყობა დაიწყეს. ადამიანები ამბობდნენ, რომ სასჯელი დაუჯერებელი დანაშაულისათვის სასაცილო იყო და მანიაკი გაცილებით მეტი დროით უნდა გამოეკეტათ ციხეში. სოციალურ ქსელებში კამპანიები დაიწყო და მოითხოვდნენ, კანონი შეეცვალათ. საქმეში ადგილობრივი ორგანიზაციებიც ჩაერთნენ.
ჟული ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს და მკურნალობის კურსი დაიწყეს. 2021 წლის 15 მარტს კი სექსუალური თანხმობის ასაკი 15 წლამდე შეიცვალა.
კანონმა ჟულიზე გავლენა ვეღარ მოახდინა და დანაშაულის სიმძიმეც ვერ დაამტკიცა. პიერმა და მისმა თანამზრახველებმა ციხე 2 წლის შემდეგ, პირობითი სასჯელის მოხდის აუცილებლობით დატოვეს.
გოგონა ახლა 29 წლისაა. როგორც ცნობილია, დაქორწინდა, თუმცა მალევე განქორწინდა. საჯაროდ არ ჩნდება, არც მედიას აძლევს ინტერვიუებს და არც ფოტოები იძებნება პრესაში. ჟულიმ ჟურნალისტებთან ერთადერთხელ განაცხადა, რომ იმედი აქვს, მოძალადეები როდისმე სათანადოდ დაისჯებიან.