ბოლო წლებში ერთ-ერთი ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ია ანთაძეს, სადაც ექიმის მისიაზე, მის მიერ განვლილ გზაზე, ოჯახსა და გამოცდილებაზე ისაუბრა. გთავაზობთ ამ ინტერვიუდან რამდენიმე ამონარიდს.
"ინტელექტიც და ხასიათიც ერთმანეთს უნდა ეხმარებოდეს. სხვანაირად არ გამოვა. თუ ხასიათი არ გაქვს, თუ ძალიან პასიური და გულგრილი ხარ, არაფერი გამოგივა, რაც არ უნდა დიდი ინტელექტი გქონდეს. რატომ განსხვავდებიან ექიმი-მასწავლებლები და პრაქტიკოსი ექიმები? იქ ინტელექტი და განათლება სჭარბობს, ალბათ. აქ კი ხასიათი აუცილებელია. მშიშარა ექიმი საშინელებაა. ოღონდ, არაფერი მოხდეს, მკურნალობას დავნიშნავ ისე, რომ არც მოკვდეს და არც გადარჩეს ადამიანი. "მე არ დამბრალდეს," - შეშინებული ექიმის ფსიქოლოგიაა...
კლინიკური აზროვნება დიდი დეფიციტია და არამარტო ახალგაზრდა ექიმებში. არ შეიძლება, ექიმმა წიგნით უმკურნალოს ავადმყოფს. წიგნში წერია, რომ წნევა უნდა იყოს 120/80-ზე და პულსი - 70. მაგრამ მოვიდა პაციენტი და შეიძლება, ათი დაავადება ჰქონდეს. ექიმს უნდა შეეძლოს, განსაზღვროს, რა არის ამ წუთში მთავარი, რა არის უფრო საშიში ავადმყოფის სიცოცხლისთვის და აქედან დაიწყოს მკურნალობა. ექიმს კლინიკური აზროვნება სჭირდება იმისთვის, რომ დაავადებების მთელი კომპლექსი გააანალიზოს. ხშირად ხდება, რომ ავადმყოფს წნევა აქვს, შაქრიანი დიაბეტი აქვს, გული აწუხებს, სახსრები ტკივა და ექიმი იბნევა, თითო-თითო წამალს უნიშნავს ყველა დაავადებისთვის. ავადმყოფი ღებულობს უამრავ წამალს, მაგრამ დიდი შედეგი, ალბათ, არ არის. ექიმმა უნდა შეძლოს, რომ სწორად გამოყოს, რა არის მთავარი.
ისიც არ ვიცი ზუსტად - ჩემმა ხასიათმა მომიყვანა ასეთ მძიმე ავადმყოფებთან და მათთან ვარ უკვე 60 წელიწადია - თუ ავადმყოფების სიმძიმემ შექმნა ჩემი ხასიათი. ერთს გეტყვით, რომ მე არ შემიძლია მუშაობა ქრონიკული დაავადებების მქონე, არამძიმე პაციენტებთან. ყველა პროფესიას პატივს ვცემ და იმ ავადმყოფისაც მესმის, რომელსაც სულ რაღაც სტკივა. მაგრამ მე მთელი ცხოვრება სიკვდილთან ბრძოლაში ვიყავი. სხვანაირად არ შემიძლია.
...ეს ჩემთვის მძიმე საკითხია, მაგრამ მაინც გეტყვით. ჩემმა მეუღლემ ძალიან კარგად იცოდა, რაც სჭირდა. მეც ძალიან კარგად ვიცოდი. შვილის გარდაცვალების მერე მას სიცოცხლე არ უნდოდა. სულ ამბობდა: თავს ვერ მოვიკლავ, იმიტომ, რომ ეს ქრისტიანული საქციელი არ არისო. მაგრამ არანაირ მკურნალობას არ იტარებდა. ერთადერთი, გული ძალიან რომ შეაწუხებდა, მიიღებდა ნიტროგლიცერინს, მაქსიმუმ ათი წუთი დაწვებოდა, ადგებოდა და მიდიოდა სამსახურში. 24 საათი კლინიკაში იყო. იმ დღესაც - ეს იყო შაბათი - დილით, სანამ სამსახურში წავიდოდა, ცუდად იყო. მიიღო ნიტროგლიცერინი, წავიდა, გააკეთა ოპერაცია, მოვიდა, რამდენიმე საათში უეცრად ეს მოხდა.
კიდევ კარგი. ბედნიერი იყო, რომ არ მოესწრო არც უფროსი ბიჭის და არც შვილიშვილის გარდაცვალებას. სანამ მეუღლე ცოცხალი მყავდა, არაფრის მეშინოდა. როცა წავიდა, ძალიან დავიბენი. მეგონა, ვეღარაფერს გავაკეთებდი. თურმე, შეიძლება ყველაფრის გაკეთება... ძალიან დიდი როლი ითამაშა უწმინდესმა. უმცროსი ბიჭის გარდაცვალების მერე მიმიყვანეს უწმინდესთან და ვუთარი, რომ, ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი ცოდვა ის არის, რომ დღე და ღამე რეანიმაციაში ვიყავი და სიკვდილს ვებრძოდი; ალბათ, ეს არ უნდა მეკეთებინა-მეთქი. მან მითხრა, პირიქით, ღმერთის ნებას ასრულებდიო. ორი თვე მაინც არ დავდიოდი სამსახურში, აღარ მინდოდა. მაშინ უწმინდესმა მითხრა: "შენ წახვალ სამსახურში და იმუშავებ, ყველაფერს გააკეთებ". არ წავალ-მეთქი. "ხვალ წახვალ!" მართლა წავედი. საღამოს დამირეკა: "იყავი სამსახურში?" - მკითხა. ვიყავი-მეთქი. ასე გამომიყვანა მდგომარეობიდან ძალით."