როგორ ნაწილდება მშობლის ქონება შვილებზე და რა განსხვავებაა კანონით მემკვიდრეობასა და ანდერძით მემკვიდრეობას შორის - იურისტი განმარტავს - მშობლები

როგორ ნაწილდება მშობლის ქონება შვილებზე და რა განსხვავებაა კანონით მემკვიდრეობასა და ანდერძით მემკვიდრეობას შორის - იურისტი განმარტავს

2024-05-21 10:07:40+04:00

მემკვიდრეობის განაწილების საკითხები ბევრ ადამიანს აინტერესებს ხოლმე და თემის ირგვლივ არაერთი შეკითხვაა, რომელთა დაზუსტებაც სპეციალისტთან სურთ. როგორ ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე, რა განსხვავებაა კანონით მემკვიდრეობასა და ანდერძით მემკვიდრეობას შორის, აქვს თუ არა უფლება, არაოფიციალური ქორწინებიდან დაბადებულ ბავშვს ქონებიდან იმდენივე წილი მიიღოს, რამდენიც ოფიციალური ქორწინებიდან დაბადებულ შვილებს - აქტუალურ თემებზე სამართლის დოქტორი, პროფესორი, "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" თავმჯდომარე ნინო ლიპარტია გვესაუბრება:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, გარდაცვლილი პირის კუთვნილი ქონება შესაძლებელია მემკვიდრეობით გადაეცეს მის მემკვიდრეებს. არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი სახე: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონების მემკვიდრეობით სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) გადასვლა ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

კანონით მემკვიდრეობის დროს კანონმდებლობა თავად არეგულირებს, ვის უნდა დარჩეს გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება და რა რაოდენობით. ამ დროს არსებობს მემკვიდრეთა რიგითობის პრინციპი (სულ 5 რიგი),

I რიგში – გარდაცვლილის შვილები, შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

ქორწინების გარეშე შობილი ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით დადგენილი წესით.

ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე, დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

შვილიშვილები, შვილიშვილისშვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ;

II რიგში - გარდაცვლილის და, ძმა, დისშვილი და ძმისშვილი იმ შემთხვევაში, თუ მისი მშობელი ცოცხალი აღარ არის მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის;

III რიგში – ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა როგორც დედის, ისე მამის მხრიდან; ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან;

IV რიგში – ბიძები, დეიდები, მამიდები;

V რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები. ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.

კანონით მემკვიდრეობის გარდა არსებობს, ანდერძით მემკვიდრეობა, რომელიც წარმოადგენს მამკვიდრებლის უფლებას. იგი უფლებამოსილია სიცოცხლეშივე განსაზღვროს, თუ ვის დარჩება ქონება მისი გარდაცვალების შემთხვევაში. მამკვიდრებელი პირი შეზღუდული არ არის ანდერძით მემკვიდრეობისას მემკვიდრე განსაზღვროს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებიდანაც. ანდერძის შედგენისას მოანდერძეს შეუძლია კონკრეტულად განსაზღვროს, თუ რა წილი ან ქონება გადავა მემკვიდრეებზე. თუ ანდერძში ამგვარი დათქმა არ არსებობს, სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.

ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში, პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები მამკვიდრებლის ქონებიდან სავალდებულო წილს მაინც მიიღებენ. სავალდებულო წილი შეადგენს იმ ქონების ნახევარს, რომელსაც მიიღებდა პირველი რიგის მემკვიდრე, ანდერძი რომ არ ყოფილიყო.

- რა სამკვიდრო უფლებები აქვს შვილს მშობლების სიცოცხლეში და რა, მისი გარდაცვალების შემდეგ?

- მემკვიდრეობით ქონების საკუთრებაში მიღების უფლება განსხვავდება სხვა სახის ურთიერთობისაგან. სამკვიდრო უფლებები ძალაში შედის, მხოლოდ მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამკვიდროს მიღების შემდგომ. თუ ნივთის მესაკუთრე აქვს სურვილი, თავისივე სიცოცხლეში საკუთრებაში გადასცეს მის პოტენციურ მემკვიდრეს ნივთი, აღნიშნული შესაძლებელია გაკეთდეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. მემკვიდრეობის უფლება მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ჩნდება და მემკვიდრე იძენს ამ უფლებას, იმ რიგოთობით, რაც ზემოთ არის აღნიშნული. ამასთან, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. მაგ. თუ სახეზეა, გარდაცვლილი პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან ერთი ცოცხლად მყოფი პირი, მემკვიდრეობა არ გადადის შემდეგ რიგზე. შესაბამისად, იმ რიგის მემკვიდრე მთლიანად მიიღებს სამკვიდრო მასას.

- თუ მშობელი შვილს უმემკვიდროდ ტოვებს, ასეთ შემთხვევაში, რა ბერკეტი აქვს მას, რომ საკუთარი წილი მოითხოვოს? რა შემთხვევაში ვეღარ იდავებს საკუთარ წილზე?

- კანონმდებლობის მიხედვით, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ. ამას კანონი მოიხსენიებს, როგორც უღირსი მემკვიდრედ და მისი ასეთ ცნობის უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია.

მემკვიდრეს უფლება აქვს ანდერძის შედგენისას, ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს. ასეთ შემთხვევაში, მამკვიდრებელი არ არის ვალდებული, ამის მოტივზე მიუთითოს. აღსანიშნავია, რომ პირი, რომელსაც მოანდერძის პირდაპირი მითითებითა და ნებით ჩამოერთვა მემკვიდრეობა, ვერც კანონით მემკვიდრე ვერ იქნება ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ შესულა. ასევე, იმ შემთხვევაშიც, როცა ანდერძით მემკვიდრეებმა უარი თქვეს თავიანთი წილის სამკვიდროს მიღებაზე.

ასეთ შემთხვევაში, კანონი აწესებს მამკვიდრებლის ნების უპირატესობას და მემკვიდრეს შეუძლია სადავოდ გახადოს მამკვიდრებლის ნების ნამდვილობა და მოითხოვოს აღნიშნული ჩანაწერის გაბათილება.

- რომელი ასაკიდან შეიძლება, ადამიანს მემკვიდრეობა აჩუქო, გაუფორმო? თუ ქონებას არასრულწლოვან ჩუქნის, სრულწლოვან ასაკამდე როგორ ხდება მისი განკარგვა?

- მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა) კანონით მემკვიდრეობის დროს – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ) ანდერძით მემკვიდრეობისას – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

სამკვიდროს მიღება არ ხდება ავტომატურად. მემკვიდრე ვალდებულია სამკვიდროს მისაღებად მიმართოს სანოტარო ბიუროს განცხადებით. მემკვიდრის მხრიდან სამკვიდრო მიღებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მემკვიდრე (იქნება ეს ანდერძით მემკვიდრე თუ კანონით) შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების თაობაზე ნებისმიერ სანოტარო ბიუროში და მიიღებს სამკვიდრო მოწმობას. ასევე, შესაძლებელია სამკვიდრო მიღებულად ჩაითვალოს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით ან მართვითაც, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო. აღნიშნულ შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით საჭირო გახდეს დამატებითი მტკიცებულების წარდგენა, რათა მემკვიდრემ დაასაბუთოს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.

სამკვიდროს მოწმობის გაცემის შემდგომ, ქონება აღირიცხება მემკვიდრის საკუთრებაში. მემკვიდრე შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ასაკის ფიზიკური პირი, თუმცა არასრულწლოვანი მემკვიდრის შემთხვევაში, კანონი თავად განსაზღვრავს არასრულწლოვანი პირის კუთვნილი ქონების გასხვისების წესს. 2020 წელს ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, 18 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთისა და 1000.00 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად ამოწმებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის არსებობას და გასცემს ნებართვას ან უარს ბავშვის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ ქონების განკარგვის შესახებ.

- თუ ქორწინება არაოფიციალურია, მაგრამ მამას შვილად ჰყავს აღიარებული, ამ შემთხვევაში თუ შეიძლება მას მემკვიდრეობაზე ჰქონდეს უფლება?

- სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, კანონი არ აწესებს განსხვავებას, რეგისტრირებული ან რეგისტრაციის გარეშე დაბადებული ბავშვის ინტერესების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, მთავარია, მამკვიდრებელი, როგორც მამა აღიარებული და დადგენილი იქნეს.

- თუ უმემკვიდროდ დატოვებენ, აქვს შვილს არაოფიციალური ქორწინებიდან უფლება, გააპროტესტოს და მოითხოვოს თავისი წილი?

- ნებისმიერი მემკვიდრეს უფლება აქვს, სამკვიდროს მიღება მოითხოვოს. როგორც გითხარით, ქორწინების რეგისტრაციის გარეშე, დაბადებული ბავშვს გააჩნია იგივე უფლება მამის სამკვიდროს მიმართ, რაც სხვა პირველი რიგის მემკვიდრეებს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია მამობის დადგენის საკითხის გარკვევა. თუ მამობა დადგენილია, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, მემკვიდრეს აქვს უფლება მიმართოს ნოტარიუსს განცხადებით და მოითხოვოს საკუთარი წილი.

თამარ იაკობაშვილი