კანის კინოფესტივალზე განსაკუთრებული ოვაციებით დააჯილდოეს კევინ კოსტნერი, რომელიც იქ წელს თავისი ახალი პროექტით - "ჰორიზონტით" წარდგა. ოვაციებს 69 წლის მსახიობი ცრემლებით შეხვდა...
კევინ კოსტნერი, 1955 წლის 18 იანვარს დაიბადა ლოს-ანჯელესის განაპირას, ლინვუდში და მისი მშობლები ნამდვილად ვერ ივარაუდებდნენ მაშინ, რომ მათი მესამე შვილი მსახიობი გახდებოდა, თანაც ნამდვილი მეგავარსკვლავი - ორი "ოსკარის", სამი "ოქროს გლობუსის" და არაერთი სხვა ჯილდოს მფლობელი.
კევინის დედას ირლანდიული და შოტლანდიური ფესვები ჰქონდა და ჯანდაცვის დეპარტამენტში მუშაობდა. მამის წინაპრები გერმანელი ემიგრანტები იყვნენ. კევინის მამა კომუნლურ სფეროში მუშაობდა, მოგვიანებით კი ბეისბოლის ლიგაში მსაჯი იყო. თავად კევინიც ახალგაზრდობაში ბეისბოლს თამაშობდა და სპორტულ კარიერაზე ოცნებობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ოჯახის დაჟინებით, კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩააბარა, მარკეტინგსა და ფინანსებს სწავლობდა. თუმცა პირველივე კურსზე მოხვდა უნივერსიტეტის თეატრალურ სტუდიაში. უნივერსიტეტი საბოლოოდ წარჩინებით დაამთავრა და მარკეტინგის სფეროშიც დაიწყო მუშაობა.
1978 წელს, 23 წლის ასაკში იქორწინა ბავშვობის მეგობარ სინდი სილვაზე და ოჯახი რომ ერჩინა, თან სამსახიობო კურსებიც დაეფინანსებინა, ხან სატვირთო მანქანას დაატარებდა, ხან გიდად მუშაობდა და ხან მეთევზედ. საღამოობით კი მსახიობის ოსტატობას ეუფლებოდა.
პირველი როლი 1981 წელს მიიღო ფილმში "ველური სანაპირო", 1987 წელს კი ფილმებმა "ხელშეუხებელი" და "გამოსავალი არ არის" ნამდვილი წარმატება მოუტანა. უკვე 1990 წელს გადაიღო ფილმი "მგლებთან მოცეკვავე", რომელშიც მთავარი როლი ითამაშა და ორი "ოსკარი" მიიღო, როგორც მსახიობმა და როგორც რეჟისორმა.
ასევე ცნობილია მისი როლები "რობინ ჰუდში" და "პირად მცველში".
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სინდისთან ქორწინებაში სამი შვილი შეეძინა. 1994 წელს დაშორდა მას. 1996 წელს შეეძინა შვილი ბრიჯიტ რუნისგან, არაკანონიერ ქორწინებაში. 2004 წელს იქორწინა კრისტინ ბაუმგარტნერზე და მასთან კიდევ სამი შვილი შეეძინა.
თუმცა წყვილი შარშან დაშორდა ერთმანეთს.
ახლა 69 წლის მსახიობი კვლავ მარტოა, კვლავ აქტიურად მუშაობს და ისევ მშვენივრად გამოიყურება.