რა ნიშნებით ხასიათდება ეპილეფსია და რომელ ასაკში ვლინდება - სპეციალისტი საყურადღებო ნიშნებს ასახელებს - მშობლები

რა ნიშნებით ხასიათდება ეპილეფსია და რომელ ასაკში ვლინდება - სპეციალისტი საყურადღებო ნიშნებს ასახელებს

2024-05-22 11:26:37+04:00

ეპილეფსიისა და ძილის დარღვევის სპეციალისტი, ექიმი ნინო გზირიშვილი გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს, რა არის ეპილეფსია, რა სიმპტომები ახასიათებს მას და რა არის ეპილეფსიის გამოვლინების ყველაზე ადრეული ასაკი:

- ეპილეფსია თავის ტვინის ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიური შეტევებით, ეპილეფსიური გულყრებით ხასიათდება. ეპილეფსიური გულყრა შეიძლება გენერალიზებული, კრუნჩხვითი ფორმის იყოს. მოსახლეობას ხშირად ჰგონია, რომ ეპილეფსიის დროს მხოლოდ ამ ფორმის გულყრა არსებობს. თუმცა, ეპილეფსიური შეტევები ბევრნაირია. დაახლოებით, 40 ტიპის გულყრა არსებობს, რომლებიც ცნობიერების შეცვლით ხასიათდება. მაგალითად, ნათელი ცნობიერების ფონზე, შესაძლებელია პაციენტს გარკვეული აურა, ანუ წინასწარი შეგრძნება ჰქონდეს, რაც მიგვითითებს, კონკრეტულად რომელი წილის ეპილეფსიაზე გვაქვს საუბარი. მაგალითად, შესაძლოა, გამოხატული იყოს დეჟავუ, კუჭის აირიდან ზემოთ აღმავალი სიმხურვალის შეგრძნება, განგაშის შეგრძნება, ტაქიკარდია, შიშის შეგრძნება, სხვა სამყაროში გადასვლის შეგრძნება. კეფის ეპილეფსიის დროს შესაძლოა, მაგალითად, ფერადი ბურთებისა გამოჩენა და უეცრად გაქრობა. ასევე, ძალიან საყურადღებოა გენერალიზებული ეპილეფსიის სიმპტომები. მაგალითად, როგორიცაა, დილით უეცარი შეკრთომის ეპიზოდები. გაღვიძებისას ზედა კიდურების შეკრთომა, საგნების ვარდნით. ჰგონიათ, რომ ეს ნიშნები გარდატეხის ასაკთანაა დაკავშირებული. თუმცა, ეპილეფსია ძირითადად სწორედ გარდატეხის ასაკიდან იწყება, რასაც შეიძლება წლების შემდეგ კრუნჩხვითი გულყრა მოჰყვეს. ძალიან საყურადღებო ეპილეფსიური შეტევის ის ფორმა, როცა შესაძლებელია, დღის განმავლობაში პაციენტი ძალიან ბევრჯერ გამოითიშოს. ეპილეფსიური გულყრა შეიძლება, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს გამოვლინდეს. არსებობს ეპილეფსიური გულყრის ფორმები, რომლებიც გენეტიკურია. გენერალიზებული ეპილეფსიები გენეტიკური ფორმისაა. ზოგადად, ძირითადად, ორი ტიპის ეპილეფსია გვაქვს. ეს არის ფოკალური, როდესაც შეტევა გარკვეული წილიდან, ანუ ფოკუსიდან იწყება და არის გენერალიზებული ფორმის, რომელსაც გარკვეული ფოკუსი არ ახასიათებს და გენეტიკური ფორმისაა.