"ორი თვით ადრე ცოლის დახრჩობა სცადა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა და მარიამს ექიმის დახმარება დასჭირდა... ძალადობას მალავდა ორივე ოჯახი" - პროკურორი რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განმარტებას აკეთებს - მშობლები

"ორი თვით ადრე ცოლის დახრჩობა სცადა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა და მარიამს ექიმის დახმარება დასჭირდა... ძალადობას მალავდა ორივე ოჯახი" - პროკურორი რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განმარტებას აკეთებს

2024-05-24 20:13:35+04:00

რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ფირალიშვილის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებამ მეტი დეტალი გახადა საზოგადოებისთვის ცნობილი.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა 20 წლის ცოლზე, მარიამ სოფრომაძეზე და სიდედრზე, ინგა ბეგაშვილზე შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გოგონა ძალადობის შემდეგ მასთან სახლში არ ბრუნდებოდა.

როგორც საქმის პროკურორი აღნიშნავს, ბრალდებულს დანაშაული წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და სანადირო თოფი მკვლელობამდე, პირველ აპრილს შეიძინა, რომელსაც ტყვიებთან ერთად ავტომანქანაში ინახავდა.

„დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციული მოტივით, რაც იმას გულისხმობს, რომ ბრალდებული დაზარალებულს პირად საკუთრებად აღიქვამდა და მას ნორმალური, დამოუკიდებელი ცხოვრების, განვითარების საშუალებას არ აძლევდა. ქორწინების დღიდან, მკვლელობის დღემდე, მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობა, რამაც 20 წლის გოგონა აიძულა საკუთარი მშობლების სახლში დაბრუნებულიყო და ქმარს დროებით დაშორებოდა. ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ბრალდებულისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სასტიკად ეძია შური საკუთარ ცოლზე და სიდედრზე. ამ მიზნით ბრალდებული დროთა განმავლობაში აწყობდა დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ გარემოებებს და ხელსაყრელ დროს ელოდებოდა თავდასხმის განსახორციელებლად. 22 მაისის დილას, მაშინ როცა, დედამ და ბებიამ მაღალი ტემპერატურით 6 თვის ბავშვი ექიმთან, კლინიკაში მიიყვანეს და უკან, სახლის მიმართულებით ბრუნდებოდნენ, ბრალდებული ქუჩაში, თავს დაესხა ორივე მათგანს და სანადირო თოფიდან გასროლით ორივე მათგანი ადგილზე მოკლა. ამ ქმედებით ბრალდებულმა საფრთხე შეუქმნა საკუთარი 6 თვის ჩვილის სიცოცხლესაც. აქვე აღვნიშნავ, რომ ბრალდებულმა დანაშაულამდე მცირე ხნით ადრე შეიძინა სანადირო თოფი, რომელსაც საკუთარ ავტომანქანაში მალავდა. ის, რომ ბრალდებულმა დანაშაული ორგანიზებულად, წინასწარ დაგეგმილად ჩაიდინა, მიანიშნებს ის ფაქტი, რომ მან მცირე ხნით ადრე შეიძინა სანადირო თოფი, მის სახელზეა რეგისტრირებული. შეძენილი თოფი თავის ვაზნებთან და ყუთთან ერთად საკუთარ ავტომანქანაში ედო. იარაღი პირველ აპრილს აქვს რეგისტრირებული“, - განაცხადა სონიძემ.

კითხვაზე, მომხდარს უძღოდა თუ არა წინ რაიმე ფაქტი, პროკურორი პასუხობს, რომ ეს აფექტში ჩადენილი დანაშაული არ არის.

ძალადობა მკვლელობამდე 2 თვით ადრე

პროკურორის თქმით, მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბრალდებულმა გიორგი ფირაშვილმა ცოლზე, მარიამ სოფრომაძეზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ კი, მისი დახრჩობა სცადა. მისივე განმარტებით, ბრალდებული ცოლზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა, რაც ბრალდებულის დედისთვის ცნობილი იყო, თუმცა ის აღნიშნულს მალავდა.

პროკურორის განმარტებით, 20 მარტს მარიამ სოფრომაძეზე ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ სოფრომაძეს კლინიკაში ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა მან ექიმებს რეალური მიზეზი დაუმალა და მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი არ ყოფილა.

"ყელში ხელის წაჭერის შედეგად დახრჩობა სცადა, ამ ფაქტის დროს კაპილარების ჩაწყვეტა, პირიდან დუჟის გადმოდინება, სისხლის ღებინება და მსგავსი საშინელი შედეგი გამოიწვია ამ დანაშაულმა. სამწუხაროდ, ამ ფაქტს მალავდა როგორც ოჯახი, ასევე მოკლული, დაზარალებული. სამწუხაროდ, აღნიშნულმა ამ მძიმე შედეგამდე მოგვიყვანა", - განაცხადა სონიძემ.

სასამართლო პროცესზე პროკურატურა ჩადენილი დანაშაულის სისასტიკიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა.

ქეთევან სონიძის თქმით, ბრალდებული მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით შესაძლებელი იყო მიმალულიყო. ასევე, მტკიცებულებებსა და მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.

პროკურორის თქმითვე, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეც არსებობდა, ვინაიდან ის მოკლულის ოჯახის წევრებთანაც, მათ შორის, ცოლის ძმასთანაც დაპირისპირებაში იმყოფებოდა.

"ბრალდებულმა მიზანმიმართულად, 5-ჯერ გაისროლა მსხვერპლების მისამართით და მის მიერ ნასროლი ტყვია შესაძლებელი იყო, მის შვილს, 6 თვის თორნიკე ფირაშვილს მოხვედროდა, ის გადარჩა არა ბრალდებულის გადაწყვეტილებით, არამედ ბედნიერი შემთხვევითობით", - განაცხადა სონიძემ.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას დანიშნავს. სონიძის თქმით, ფირაშვილი მარიხუანას მოიხმარდა, რაც მის ხასიათში ცვლილებას იწვევდა.

თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ძოწენიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაკავებულს უჭირს, ახსნა მოუძებნოს მომხდარს. ადვოკატის განმარტებით, ის პატიმრობის შუამდგომლობას ეთანხმება, ვინაიდან ეს პატიმრის სურვილია.

22 მაისს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ისინი ჩვილ ბავშვს ასეირნებდნენ. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი ფირაშვილი დააკავეს. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ის, ფაქტობრივად, ჩაუსაფრდა ცოლს, 21 წლის მარიამ სოფრომაძეს - ცნობილი ხდება რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცის ვინაობა