1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დედაქალაქში ამ დღისთვის არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
- თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს, ტრადიციულად, ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება. დღის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე არაერთი აქტივობა განხორციელდება. მთავარი ღონისძიება დედაენის ბაღშია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ბევრი საინტერესო და განსაკუთრებული პროგრამა ელოდებათ ჩვენი პატარებისთვის. 1-ელი ივნისი შაბათი დღეა და მინდა, მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს მოვუწოდო, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები წამოიყვანეთ. ღონისძიების ფარგლებში სცენაზე წარმოდგენილი იქნება "რანინას" კონცერტი, მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართება, მათ შორის, თოჯინების თეატრი, თითების თეატრის წარმოდგენები, სპექტაკლი "ჟოზე", მოეწყობა სპორტულ-გასართობი ზონები, ფოტოზონა, ახალგაზრდა მეწარმეთა და საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, სკეიტ-შოუ, ილუსტრაციების ზონა, ზღაპრების კუთხე და სხვა. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირებიც იზრუნებენ. ღონისძიება 17 საათზე დაიწყება, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00. დედაენის ბაღში საკმაოდ საინტერესო წარმოდგენები იქნება თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის.
1-ელიდან - 4 ივნისის ჩათვლით, დედაქალაქში, უკვე მეოთხედ, გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი / Tbilisi Children & Youth International Theatre Festival გაიმართება.
ასევე, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება სხვადასხვა რეგიონში ჩაატარებს წარმოდგენებს, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება.
1-ელ ივნისს მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი, საბავშვო პროდუქცია, თამაშები, ვორქშოპები, გასართობი პროგრამა გელოდებათ. დასწრება თავისუფალია. ინფორმაცია მათ გვერდზეა გამოქვეყნებული.
1-ელ ივნისს შვილებთან ერთად შეგიძლიათ, ასევე, ისთ ფოინთში წახვიდეთ. ადგილზე დაგხვდებათ სხვადასხვა გასართობი აქტივობა და სიურპრიზები თქვენი შვილებისთვის, სახალისო თამაშები, სახატავი აქტივობები, სანახაობრივი შოუები, უამრავი სიურპრიზი და საჩუქრები. დასწრება თავისუფალია.
1-2 ივნისს თბილისი მოლშიც ელოდებათ პატარებს სიურპრიზები.
ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი გალერია თბილისში, რია-რიაში.
სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება თბილისის ზოოპარკშიც. როგორც ადმინისტრაციიდან განგვიცხადეს, დეტალური ინფორმაცია და პროგრამა უახლოეს პერიოდში, მათ გვერდზე გამოქვეყნდება.
ასევე, აღსანიშნავია, რომსაქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალს ატარებს.ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება ქართველი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი. ფესტივალს ციფრული პარტნიორია Veli.store. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერი კი მედია ჰოლდინგი „პალიტრა.“
თამარ იაკობაშვილი